დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ესეც ჩვენი ისტორიაა!“
2012/02/13 12:14:29

„იუმორის შესახებ საუბარი განსაკუთრებით უპრიანია იპოლიტე ხვიჩიასა და გიორგი შავგულიძის ქალაქში; იმ ქალაქში, სადაც პოლიკარპე კაკაბაძემ შექმნა „ყვარყვარე თუთაბერი“, ქალაქში რეზო გაბრიაძისა, ვინც ქუთაისური ლამაზი იუმორი უკვდავყო და ბევრი ქართული კინოფილმის სცენარად აქცია; ქალაქში, სადაც დინოზავრები კვლავაც დადიან და სადაც ახლახან დავაფუძნეთ იუმორის ეროვნული აკადემია, რომელსაც გენიალური კომიკოსის იპოლიტე ხვიჩიას სახელი დავანათლეთ.“ - ასე წერს თავისი ახალი წიგნის - „ესეც ჩვენი ისტორიაა“ - წინათქმაში იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ბენია თხილავა.

წიგნში შესული იუმორისტული მოთხრობების, ფელეტონების, პამფლეტების, მახვილსიტყვაობის ნიმუშების უმეტესი ნაწილი წლების მანძილზე იბეჭდებოდა ქუთაისის პრესაში, მათ შორის - გაზეთ „P.S.“-ის ფურცლებზეც.

პროფესიით მათემატიკოსი, უმაღლესი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ბენია თხილავა ხომ თავისი აქტიური ჟურნალისტური საქმიანობითაც ცნობილია. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, თვალი მიადევნოს პუბლიცისტისა და ფელეტონისტის ბასრი კალმით მოხაზულ საკმაოდ ვრცელ არეალს, სადაც გარდასულ ფორმაციათა პოლიტიკური პერსონაჟებიც დავანებულან და ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანებიც, რომლებიც მოვლენების შუაგულში ტრიალებენ, ხან გვაცინებენ, ხან გვაღიზიანებენ, ხან თანაგრძნობით გვავსებენ და, რაც მთავარია, ავსა და კარგზე დაგვაფიქრებენ. ამ სატირულ-იუმორისტული პერსონაჟებიდან თუნდაც რად ღირს ქუთაისურ პრესაში კარგად ცნობილი - მეც ვიყო ჭანჭალეიშვილი, რომელსაც არაერთხელ აღუმართავს თავის „ორლესული მახვილი“ - იმერული დიალექტით „შეკაზმული“ მწარე ენა - უსამართლო და უუნარო ჩინოვნიკების წინააღმდეგ.

„როგორი მწვავე და საჭირბოროტოც უნდა ყოფილიყო თემა, ყოველთვის ვცდილობდი, იუმორის განუსაზღვრელ შესაძლებლობათა დახმარებით, ჩემი ქმნილება ადამიანური სითბოთი და სიყვარულით გამეჯერებინა,“ -გვეუბნება ავტორი და, მართლაც, ამ ჯანსაღი სატირისა და იუმორის მეშვეობით, ქუთაისის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებით თითქმის ნახევარსაუკუნოვან საინტერესო, თვითმყოფად ფურცელს გადაგვიშლის.

ბენია თხილავას წიგნში, რომელიც იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის გრიფითაა გამოცემული (რედაქტორი ალექსანდრე შენგელია), ყველა თაობის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო და სახალისო მასალას.

 

ნანა ქვიშარელი

 

 

იქნებ...

ჩემს მეგობარს, თავის დროზე საკმაოდ აქტიურ კაცს, მერე კი უმუშევრობითა და სიღარიბით განაწამებ ვანო იჩქიტიძეს ერთ-ერთმა პარტიამ შესთავაზა, არჩევნებზე ქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარგადგენთ ჩვენი პარტიული სიითო, რაზეც ვანომ თავაზიანი უარი თქვა.

- წინადადებას რომ დათანხმებოდი, რას შეჰპირდებოდი ამომრჩევლებს? - ვკითხე მე.

ვანოს გაეღიმა და მითხრა:

- ვეტყოდი... ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, ვატყობ, თქვენ ჩემი არჩევითაც არაფერი გეშველებათ, მაგრამ ხმა მაინც მომეცით!.. იქნებ მე მაინც მეშველოს რაიმე-თქო!

 

...უკვე ჩაგირთეს, ქალბატონო?

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს ყოველ პარასკევს ჰქონდა პირდაპირი სატელევიზიო გადაცემა           „გისმენთ პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული“. ბატონმა თეიმურაზმა მთხოვა, ყოველი გადაცემის დროს მასთან ვყოფილიყავი კაბინეტში, მოსახლეობისაგან შემოსული შენიშვნები ჩამეწერა და შემდეგ გამეკონტროლებია რეაგირების შედეგები.

ერთხელ, გადაცემის დაწყებამდე, მისაღებში ვიცდიდი, რწმუნებულის თანაშემწე ტელეფონის ზარებს პასუხობდა. აპარატი ისე იყო ჩართული, ორივე მოსაუბრის ხმა გვესმოდა.

დარეკა ქალბატონმა:

- ალო, ალო!.. მისაღებია, ხო?.. გვიშველეთ ბატონო!.. მთელი ღამე ბნელში ვზივართ, დენი არ გვაქვს! თუ ჩვენთვის არაა ელექტრონი, მაშინ ქუჩის გადაღმა რომ სახლებია, იქ რაფრაა, გაჩაჩხახებული როა ყველაფერი?.. გამოუშვით დენი, ბატონო, რა მოხდება!

თანაშემწემ მისამართი ჩაიწერა და მითხრა:

- გააწამეს ხალხი... ხვალე გამოვიძახებ „ქელასის“ ხელმძღვანელს და გავარკვევ რა ხდებაო.

ხუთ წუთში იმ ქალმა კვლავ დარეკა:

- ისევ მე ვარ, გენაცვალე!.. თქვენ გაიხარეთ! დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა!

- უკვე ჩაგირთეს, ქალბატონო? - გაუკვირდა თანაშემწეს.

- არა, არა, ბატონო!.. იმგენს გამოურთეს! - სიხარულს ვერ ფარავდა ქალი.

- ?!

 

რა ეშველება ამ საქმეს?

სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში, სადაც ბავშვობა გავატარე, საოცრად კეთილი, მშრომელი, გაჭირვებაში მხნე და გაუტეხელი, გულწრფელი და ენამახვილი ხალხი ცხოვრობს.

კარგად მახსოვს ორი დარბაისელი ბრძენკაცი - გიგო ღაღანიძე და ალექსანდრე მანჯგალაძე, რომლებიც მეზობლები იყვნენ და მათ ეზოებს ერთი ღობე ჰყოფდა.

ოცდაათიანი წლების დასაწყისში თურმე სოფელში ხშირად ჩამოდიოდნენ ე.წ. აგიტატორები და გლეხებს ლექციებს უკითხავდნენ.

ერთ-ერთ ლექციაზე აგიტატორმა გლეხებს აუხსნა, რომ დედამიწა ბურთივით მრგვალია და ბრუნავსო.

შეკითხვები ხომ არ გაქვთო, უკითხავს ბოლოს.

- მე მაქვს შეკითხვა! - ხელი ასწია თურმე გიგო ღაღანიძემ, - ახლა ნამდივლად მჯერა, დედამიწა რო ბრუნავს... ისე, აქამდე ქე მიკვირდა!.. აგერ, ა, ჩემი მეზობლის ალექსანდრე მანჯგალაძის მიწა სულ უნაყოფო იყო, ჩემი კი - გადასარევი. ჰოდა, ეს ორი წელია, ჩემი მიწა არაფრად ვარგა, ალექსანდრეს მიწა კი - გამოკეთდა... ალბათ, დედამიწა რო ბრუნავს იმიტომ, ჩემი მიწა გადავიდა ალექსანდრეს ეზოში, მისი კი - ჩემს ეზოში!.. მითხარი, ბატონო, რა ეშველება ახლა ამ საქმეს?

გაოგნებულმა აგიტატორმა ენა გადაყლაპა.

ბენია თხილავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია