დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვაჟა ჭყონიას „სიცილის კარდიოგრამა“
2011/11/07 13:52:31

„გახითხით-გაკისკისება იმისა, რაც მითქვამს, რაც ჩემზე უთქვამთ და რაც მეგობრებისაგან გამიგონია.“ - ასეთი  ქვესათაური  გაუკეთა თავის  წიგნს  „სიცილის კარდიოგრამა“ ქუთაისური იუმორის გრანდმა, კოლორიტულმა ბაღისკიდელმა ვაჟა ჭყონიამ.

სახელგანთქმული ქუთაისური მახვილსიტყვაობისა და იუმორის დამფასებლებს, ასევე ქალაქური ზეპირსიტყვიერების მკვლევართ ეს წიგნი უთუოდ დააინტერესებს. „ვაჟას ხუმრობა არ არის ქილიკი, - წერს წიგნის რედაქტორი ალექსანდრე შენგელია წინათქმაში, - მოფერება და ადამიანისადმი ის კეთილი დამოკიდებულებაა, რომელიც სიცოცხლის ხალისს გმატებს, რამეთუ იმერეთში დაბადებული და გაზრდილი გურულის ღირსების შესაფერისად აწონილ-გაზომილი სიტყვის პეწი ახლავს. და ერთიც, რასაც საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი: ვაჟამ იცის, რა საბედისწერო შეიძლება გამოდგეს სიცილთან ჰაი-ჰარა დამოკიდებულება და ბოლომდე გაუაზრებელი შეთამაშება.“

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიისა და გაზეთის „სარკმელი საქართველოსი“ ეს ერთობლივი გამოცემა ცნობილმა ქუთაისელმა ექიმმა და ფოტოხელოვანმა თემურ ძიძიგურმა დააფინანსა, რითაც თაროზე კარგა ხნით შემოდებულ წიგნს გზა გაუხსნა მკითხველისაკენ.რატომ სჭირდება კაცს ოთხი ცოლი?

ჩემს ერთ მეგობარს სამი ცოლი ჰყავდა და მეოთხის მოყვანა გადაწყვიტა. ოჯახში ყველა წინააღმდეგი იყო, მაგრამ დედამ დაუჭირა მხარი:

- ოთხი ცოლი მის კუბოს ჩვენი სახლიდან უკეთ გაიტანსო.

 

ნამზეური ენაზე

კობაიას ცოლი ქობულეთში 20 დღეს ისვენებდა და იმდენი იტლიკინა, რომ ენაზე უფრო მაგარი ნამზეური მიიღო, ვიდრე ტანზე.

 

ინფორმაცია „კურიერიდან“:

- ტყუპი ქალიშვილების მამას სამი ტყუპი ქალიშვილი შეეძინა. დედა და ახალშობილი გოგონები თავს კარგად გრძნობენ. ექიმები ყოველ ღონეს ხმარობენ მამის გადასარჩენად. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

ბავშვი და კატლეტები

- ნახე, ბიჭო, რა ბოვშვი ჰყავს უშანგიას! - დამდურებული მეგობრის ბავშვი შეახარბა უშვილძიროს შალიკიამ.

- რა ბოვში მაგია, რა მოგეწონა, შეჩემა? კისერზე კატლეტი თუ არ ჩამოკიდე, ძაღლიც არ გაეთამაშება. - თავი დაიარხეინა ჟორაიამ.

 

სამგლოვიარო „ჟვაჩკა“

ციცოიამ შავი „ჟვაჩკა“ შეიძინა და დაქალის საყვარლის პანაშვიდზე ისე წავიდა.

 

შიშველი ქალი ტაქსში

შუა ღამეა. მიდის ტუა ტაქსით და რას ხედავს?! დედაშობილა ქალი ხელს უქნევს, მანქანა გამიჩერეო.

რა უნდა ექნა, გააჩერა და ჩაისვა, თან ხშირ-ხშირად იხედება სარკეში და მისჩერებია.

ქალმა შეამჩნია და უსაყვედურა:

- რა მოგდის, ტუა, შიშველი ქალი აქამდე არასოდეს გინახავს?

- რავა არ მინახავს, მაგრამ ის მაინტერესებს, სამგზავრო ფულს საიდან ამოიღებ? - იყო პასუხი.

 

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა

ჩემმა მეგობარმა კოლიამ შვილის ქორწილი რომ გადაიხადა, მე თამადად გახლდით და სუფრასთან იმდენი ხალხი ისხდა, რომ მერიქიფეები მოტოციკლეტებით გვემსახურებოდნენ.

 

სამპირა

ბიძინიჩს ვკითხე, სადაურია შენი სიდედრი-მეთქი.

- ორპირელი, მაგრამ სამი პირი აქვსო.

- ოჯახის მოყვარული თუა-მეთქი.

- როგორ არაო, - მიპასუხა. - იმნაირი კეთილისმყოფელია, კვერცხის გულში ქათმის ძვალს ეძებსო.

 

ერთი წავა და სხვა მოვა

- სასწრაფოდ გავიდნენ რუსის ჯარები საქართველოდან! - გააკრეს პლაკატი წყალტუბოში.

- სასწრაფოდ დააბრუნეთ რუსის ქალები წყალტუბოში! - საპირისპირო მოითხოვა გიზო კაკაურიძემ.

 

დეგენერატი

- ვინ არის, ჟორაია, ეს საფრთხობელა, ქალია თუ ალქაჯი? - კითხულობს კოლია.

- ჩემი ცოლია, შეჩემა.

- უიმე, რა დაუკვირვებელი დეგენერატი ვარ. - შეწუხდა კოლია.

- დაუკვირვებელი და დეგენერატი მე ვარ. - ოხვრას გული ამოაყოლა ჟორაიამ.

 

კეტონალი

ჩემს მეგობარს ფეხსაცმელი უჭერდა და, ტკივილი რომ დაეყუჩებინა, კეტონალი იყიდა.

 

ზარი ამბროლაურიდან

შუაღამეა, საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვაჟა გაბუნიას შინ ურეკავს:

- ჩემო ვაჟა, სასწრაფოდ მოდი საავადმყოფოში. ამბროლაურში სროლის დროს კაცი დაიჭრა და დაცემისას ტრავმაც მიიღო - ხელი აქვს მოტეხილი და თავის ქალა - დაზიანებული.

ვაჟა ექიმი რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გაჩნდა, საოპერაციო გაამზადა და ავადმყოფს დაუწყო ლოდინი.

გადის 2 საათი, 3, 4, უკვე გათენდა კიდეც, მაგრამ ავადმყოფი არ მოუყვანიათ.

მოთმინების ფიალა ბოლომდე რომ აევსო, საავადმყოფოს მთავარ ექიმს ურეკავს:

-  ბატონო ავთანდილ, თქვენ რომ მიბრძანეთ, დაჭრილი და ტრავმირებული მოჰყავთ ჩვენს საავადმყოფოშიო, აგერ უკვე 4 საათი გავიდა და არავის მოუყვანიათ... თუ იცით, ჩვენს პაციენტს აწი უნდა ესროლონ, თუ ნასროლი აქვთ უკვე?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია