დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აქეთ ფიცარი, იქეთ ფიცარი... მე საქართველო ვეღარ ვიცანი“
2011/07/04 12:27:24

ლექსების შექმნისადმი ქართველის მიდრეკილება ჩვენს დროებაშიც არ დაკარგულა. თანამედროვე საქართველოში, დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იქმნება „ლექსი-დითირამბები“. ამ შედევრების გავრცელებას კი გონების დაძაბვა და ფოლკლორული ნიმუშივით ზეპირად დამახსოვრება ნამდვილად აღარ სჭირდება, დღეს ხომ ყველაფერი გაადვილებულია და კარგად ვრცელდება სოციალურ ქსელებში. ამიტომ მათი ნახვა აღარავის უჭირს.

„პოლიტიკის კეთება კარგად არ შეგვიძლია, ხოდა, ის მაინც გამოვიყენოთ, რისი ნიჭი და უნარიც გვაქვს“. - განაცხადა ვიღაცამ, ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, ბრძენმა თქვა, თუ უბრალო მოკვდავმა, მაინც სარწმუნოა.

„ედომ დაამხო ზვიადი, 

მიშამ დაამხო ედო,

და დრო დაგვიდგა დიადი,

მაგრამ ისევ დაგვედო...

მიშას დაამხობს ირაკლი,

მაგრამ არ გვქონდეს შიში,

მომეცით ერთი „ბინოკლი“,

აბა ვინა დგას რიგში.“

პოეზიის ნიმუშის შემქმნელს რითმა ნამდვილად არ დაეწუნება, არც მეხსიერება ღალატობს, მაგრამ გონება მთლად კარგად ვერ „უქაჩავს“ და ვერ გვეუბნება, მიშას  მოსვლით   რატომ   დაგვიდგა  „დიადი“ დრო. თანაც, ამდენსაც ვერ მოვთხოვთ, ბარათაშვილი ხომ არ არის, სტროფების უკან რომ ვეძიოთ ლექსის აზრი. ამის დამწერი უბრალო ადამიანია, რომელმაც უსაქმურობისგან სადგისის ერთ ადგილზე გარჭობას (ალბათ, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რაღაც აზრი მაინც ხომ ექნება) ისევ ლექსის შეთხზვა ამჯობინა. ამ უცნობმა „მოპოეტო“ ელემენტმა  „იწინასწარმეტყველა“ კიდეც, მიშას დაამხობს ჩვენი „ოქროს ბიჭი“ ირაკლიო, მაგრამ იქვე უარყო თავისი ნათქვამი: „შიში არაფრის გვქონდესო“, ამაში, ალბათ, იმას გულისხმობდა, მაინც ვერაფერს იზამს ირაკლიო. ვანოს ფანდებს გაითვალისწინებდა  აუცილებლად.

მოკლედ, ლექსის კულმინაციას მხოლოდ ერთი „ბინოკლი“ წყვეტს, რომლის საშუალებითაც დავინახავთ, ვინ ვის დაამხობს, გადმოაგდებს  თუ  გადააყენებს (პრეზიდენტობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა...).

„მგონი, წვიმას აპირებს,

გაუმარჯოს ვამპირებს,

ვინც გაქცევას აპირებს,

ჩვენ ჩავუხსნით ბაგირებს.“

ძნელი სათქმელია, ამ „ვამპირებში“ ვინ მოიაზრა ავტორმა, მიტინგიდან გაქცეული ნინო ბურჯანაძე და პოლიციელების მკვლელი მისი თანაგუნდელები, თუ ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი სპეცრაზმელები, რომლებმაც ხალხს ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. თუმცა, განვითარებული მოვლენებით; ბაგირები ნამდვილად ჩაუხსნეს „ნაცებმა“ ოპოზიციას...

დაუბალანსებელი ინფორმაციისთვის რომ არ გაგვკიცხონ, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებზე შექმნილ ლექსებსაც გაგაცნობთ. ერთ-ერთი უცნობი ავტორი საქართველოს ჩიხში შეყვანას „გრეჩიხას“ აბრალებს:

„საქართველოსთვის ეს ჩიხი,

მოგონილია „გრეჩიხის“,

კარვებს და ჩაქუჩებს

„გრეჩიხა“ აქუჩებს,

აგახევ ლაყუჩებს,

ნუ კეტავ ამ ქუჩებს.“...

აქ რაღაცის შესწორება შეიძლება, არა, უფრო სწორად - დამატება: ხელჯოხების, დროშის ტარების და „მოლოტოვის კოქტეილის“, მაგრამ რითმა დაირღვეოდა და შეიკავა თავი პოეტმა. ფაქტი კი ერთია, გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით ლაყუჩები ზოგ პოლიტიკოსს მართლა აეხათ, თუ ერთმანეთს აახიეს.

ჩვენი დროის დადებითად შეცვლა ყველას სხვადასხვანაირად ესმის. მომდევნო შედევრის ავტორი „აპასნი“ დროის გამოსწორებას „წვერის საპარსის“ შოვნაში ხედავს, რადგან საქართველოში მოდის მიმდევარი ბევრი „წვეროსანი“ და  „ბლანჟოსანი“ პოლიტიკოსი  მომრავლდა. რა იცი, ამ „ბალნის უკან რა იმალება“? ნამდვილი სახე ხომ გაპარსულ-გაკრიალებულ სახეზე სჩანს? ჰოდა, ამიტომ ქართველი ერი რომ გადავარჩინოთ უფსკრულში გადაჩეხვას, ყველას წვერი უნდა მოვპარსოთ. დაწყებული თემურ იაკობაშვილით და დავით დარჩიაშვილით,  დამთავრებული ეროსი კიწმარიშვილით.

„დრო რომ დაგვიდგა ძალზე „აპასნი“,

ამიტომ გვინდა წვერის საპარსი,

შენიღბულ ტიპებს გავპარსოთ  წვერი,

გადავარჩინოთ ქართველი ერი“.

პოლიტიკური ელფერით გაჯერებულ-გაზავებული ლექსების უბადლო შემქმნელებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც არ გამორჩენიათ. ავტორი ნათელაშვილს ხალხის მწყემსს, ცალ-უღელ ხარს ადარებს, იქვე მიუთითებს, „სახე ბრეტ-პიტს მიგიგავს, ტანით შვარცენეგერი ხარო“. ხმალივით მჭრელსა და ბასრში, ალბათ, შალვას იდეები იგულისხმა.

„მაღლა გორაკზე შამოდექ,

შენ, მწყემსო ხალხის ფარისა,

შალვა, შენ ჩვენო იმედო,

მსგავსო ცალ-უღელ ხარისა,

იხაროს შენმა მარჯვენამ,

შენი გამზრდელის ძუძუმა,

ეგრე შემოსცხე მიშასა,

გვერდზე გაექცეს კურტუმა.

მხარბეჭიანო ვაჟკაცო,

მსგავსო ჯურხაის ხმალისა.

სახით ნამდვილი პიტი ხარ,

შვარცენეგერის ტანისა.“

„ყველაფერი მარტივი - გენიალურიაო“, თუმცა ამ ლექსების შემქმნელებს პრეტენზია არც ექნებათ დიდად გამართულ სტილისტიკაზე, ბარბარიზმების გამოუყენებლობასა თუ ტავტოლოგიის შემთხვევებზე, თუმცა, უნდა ითქვას, რომ გულიდან წამოსული სიტყვებია, უბრალოდ გამოთქმული, რომელიც ჩვენს დღევანდელ ყოფას გამოხატავს.

„აქეთ ფიცარი,

იქეთ ფიცარი...

მე საქართველო

ვეღარ ვიცანი.“

მართალია, ზოგიერთი ფიცრებში ჩასვენებული სხვანაირია, - ან ძალიან დაუშნოებული, ან ძალიან გალამაზებული. თუმცა როცა იქ ხარ, ალბათ ერთი ფასი აქვს სილამაზესაც და სიუშნოვესაც, თუ ისევ მატრაკვეცობას არ გამოვიჩენთ და მეზობლების გულის გასახეთქად არ გავალამაზებთ ფიცარში მოქცეულს.

 

p.s. ამ ლექსების წაკითხვის შემდეგ, ერთი არაფრისმთქმელი რომანი გამახსენდა, ძალიან ადრე წაკითხული, წიგნი დიდი შინაარსით არ გამოირჩევა, თუმცა სათაური აქვს ბევრისმთქმელი: „საიქიოდან მობრუნებული სატრფო“. იმ წიგნის ავტორი არ მახსოვს, მაპატიეთ...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია