დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აბა, კაცო!..“
2010/05/04 13:41:20

რა თქმა უნდა, მოგზაურთა კლუბი  „აბა, კაცო“ მესხიშვილის თეატრში ჩვენს მისვლამდე არსებობდა... სათავეში სამი კაცი ედგა: ვახტანგ მეგრელიშვილი, შოთა პირველი, ზურაბ ცირამუა... მოგზაურთა კლუბის წევრები უპრეტენზიო, უშუალო და ამტანი ხალხი გახლდნენ. მოგეხსენებათ, კაცი მოგზაურობაში იცნობაო, ისეთი იქ ვერ წამოვიდოდა, ვინც ფაქიზი იყო ჰავასთან, სამოგზაურო სირთულეებთან. ჩვენი თაობაც ნელ-ნელა შეუერთდა მათ, კლუბმა ახალი სახე მიიღო და ჯგუფიც თითქმის მთლიანად გადახალისდა.

 

წოდებები ჩვენ დავადგინეთ: მეგრელიშვილი - მეფე; კაკაურიძე - მეფის მასხარა; ზურა ცირამუა - მოურავი; თემურ თავაძე - მოთევზავე, ანზორ ხერხაძე - მონადირე-მეთევზე; გიზო ღელეყვა, გონერ ჭეიშვილი (მწერალი), სხვა პროფესიის ადამიანებიც, ვისაც დიდი სურვილი ჰქონდა და ჩვენი გატაცების ბარომეტრში ჯდებოდა: ამირან უგრეხელიძე, გია ნიკოლაძე - კარვების გამშლელები, მომწესრიგებლები; კობა სამანიშვილი, ზურაბ ცირამუა - ღვინის ბატონ-პატრონნი, ვასო ფხაკაძე - მზარეული; ჯემალ ცინცაძე ანუ „პილპილიჩი“ - მასაჟორ-რეზერვისტი, მოანკესე; მძღოლი - ოსტატი დათო მერკვილაძე.

ადრეულ პერიოდში ორი ქალბატონი იყო ჩვენი კლუბის წევრი - თინათინ ღვინიაშვილი, სახალხო არტისტი და ნინო მაღულარია - უფროსი მხატვარ-ბუტაფორი. ბოლოს, ხანდაზმულობის გამო, ვეღარ შეძლეს მოგზაურობა.

მოდით, აქვე ავხსნათ, რატომ დაერქვა „აბა კაცო“ ჩვენს კლუბს.

ზურა ცირამუა რაც გაჩნდა და ლაპარაკი დაიწყო, ალბათ, იქიდან მოყოლებული, „აბა კაცოს“ იძახდა და მეც მისი გაჯავრება - იმიტირება ამ სიტყვით დავიწყე:

- აბა, კაცო!..

მოკლედ, იმდენი ვიძახეთ:

- ზურა, წავიდეთ მთათუშეთში?

- აბა, კაცო...

- ზურა, მოვიტანოთ ღვინო?

- აბა, კაცო...

- ზურა ვიმღეროთ?

- აბა კაცო...  - და ვახტანგმა (ბაყუჩიამ) დაიძახა: - დაერქვას ჩვენს მოგზაურთა კლუბს „აბა კაცო“...

ჰოდა, დარჩა ასე დღემდე, თუმცა დღეს უბენზინობისა და დაულაგებელი ცხოვრების გამო, აგერ თითქმის 20 წელია, სამოგზაუროდ არ ვყოფილვართ.

გამოგვრჩა სერგო დეისაძე, გოჩა ნიკოლაძე - ესენი მაგიდის უფროსები გახლდნენ და სამფეხზე „ფანარის“ დამმაგრებლები. კობას ერთი დიდი საქმე კიდევ ევალებოდა - მეცეცხლურობა. რა ტრიალი მინდორიც არ უნდა გვენახა, თხუთმეტ წუთში ცეცხლს დაანთებდა.

ბატონი შოთა პირველი ადრე დადიოდა მოგზაურობაში - ის სვანი კაცი იყო და ხშირად სვანეთში წასვლა უყვარდა. დაუვიწყარია სვანეთში, მულახისა და იფარის უღელტეხილზე ქეიფი, რომელსაც უღვირი ჰქვია. მოგეხსენებათ, ბაყუჩია სამტრედიელი კაცი იყო, ღანირელი, შოთა, რა თქმა უნდა - სვანი; ქეიფის დროს, რა თქმა უნდა, შოთა ბიძია (ასე ვეძახდით) იყო თამადა.

ასწია სასმისი და სვანეთის სადღეგრძელო შესვა:

- ჩემო საყვარელო ბიჭებო, მინდა გითხრათ, რომ, ალბათ, დედამიწაზე ძნელად შეიძლება იყოს ისეთი ადგილი, სადაც ახლა, ამჟამად, ჩვენ ვიმყოფებით. გახედეთ -იქით უშბა, დედამიწის საოცრება და აქეთ თეთნულდი - დედოფალი ჩვენი კუთხისა. თქვენ და, რა თქმა უნდა, მეც, დღეს უზომოდ გახარებული ვართ, რომ კარგი ამინდი დაგვესწრო. ცა მოწმენდილია. სვანეთში მოწმენდილი ცა იმას ნიშნავს, რომ სვანეთს ნახავ... აბა, წვიმიან ამინდში გინდა აქ ყოფილხარ და გინდ სამტრედიაში, - გაჰკრა კბილი თავის სამტრედიელ ძმაკაცს, ბაყუჩიას.

- მოიცა, სამტრედიას შენ ასე უბრალოდ ნუ უყურებ, იქ უკვე ტროლეიბუსი დადის, აქანა ტროლეიბუსი კი არა, ურემი ვერ გაივლის.

- ვიცი, ვიცი, ვნახე ის ტროლეიბუსი, ველოსიპედის რული აქვს.

ატყდა ხარხარი....

ბაყუჩიამ იკითხა:

- მაგარი სილამაზე მართლა კია, მარა ბაყაყი თუ იცის აქ?

- ბაყაყები შენსკენ მოიკითხე, რა უნდა ამ სიწმინდეში ბაყაყს და ხვლიკს! - მედიდურად უპასუხა შოთა ბიძიამ.

- აბა, შენს გვერდში რომ ზის, მაგერ, რა ცხოველია? - უთხრა ბაყუჩიამ...

შოთას ძლიერმინუსიანი სათვალე ჰქონდა და ახლოს დახედა... რას ხედავს, დიდი ბაყაყი! უცბად უკან დაიხია, შეცბა, არ ელოდა.

- რა უნდა, ბიჭო, ამას აქ, საიდან მოფრინდა?

- რა ვიცი, არ იცისო ამ მთაში და, გვერდში დაგისკუპდა აგერ! - დასცინა ბაყუჩიამ.

შოთამ ერთი-ორჯერ კიდევ დახედა ბაყაყს, რომელსაც შესცივნოდა 1800 მეტრის სიმაღლეზე და თვალებს ძლივს ახელდა. თეთრი ყელი საშინლად უკრთოდა. შოთა ბიძიამ ერთხელ კიდევ დახედა, მერე ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ყველაფერი ნათელი გახდა და შოთას პასუხმაც არ დააყოვნა: - ეგი იმნაირ თვალებში იხედება, ნამდვილად სამტრედიელი იქნებაო.

სიცილისაგან ტბაში გადავცვივდით.

მართლაც, ბაყუჩიამ და ანზორ ხერხაძემ წამოიყვანეს ბაყაყი, მაგრამ არა სამტრედიიდან, - სამეგრელოში, პატარა ღელეში დაიჭირეს.

შოთა პირველი სულ ადრე წავიდა ამქვეყნიდან. ნათელში იყოს მისი სული.

რომელი კუთხე არ გვაქვს მოვლილი, ჩრდილოეთ კავკასიიის ჩათვლით, ვინ მოთვლის, ან რა კალამი ასახავს ამ თავგადასავლებს. მე ლამაზ მინიატურებს და კურიოზებს შევები და, მთავარია, შეძლებისდაგვარად გადმოგცეთ, ის აჯობებს. ვნახოთ, როგორ მოვახერხებ: ერთი კია, უბედნიერესი ხალხი ვართ, რომ 1972 წლიდან 1988 წლამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ვნახეთ.

მე, პირადად, ასეთი აზრი გამაჩნია: არა მგონია, ასეთი სილამაზის სხვადასხვაობა, რაც ამ ჩვენს პატარა საქართველოში არსებობს, სადმე იყოს. აფხაზეთი სულ სხვაა, სვანეთი - მკაცრი. არსებობს გამოთქმა, ვისაც სვანეთი არ უნახავს, მას საქართველო არ უნახავსო და ვისაც უშგული არ უნახავს, იმას სვანეთი არ უნახავსო. როცა ნახავთ, მაშინ დარწმუნდებით ამაში. კახეთი სულ სხვაა, იმერეთი ნაქარგია, გურია-აჭარა - ტკბილი და ლამაზი, სამეგრელო - სულის აკვანი, ტეხურისა და ხობის წყლის ხეობით, სამცხე-ჯავახეთი - ჩვენი წარსულის რენესანსი, მთათუშეთი თავისი ალვანურით - სიყვარულის და მშვენიერების გასაღები, ხევსურეთი - სიამაყე ჩვენი წარსულისა, რაჭა-ლეჩხუმი - ფერთა საოცარი გამა. ყველა კუთხეს თავისი ბუნებიდან გამომდინარე ხასიათები აქვს და ფოლკლორიც - ღმერთო, ნუ მოშლი ნურცერთს! ქართლი სკოლაა სიბრძნისა: როგორ მეცოდება ის ქართველი, რომელიც ანტალიაში დადის, იტალიაში, ავსტრიაში - დიდად ამაყობს ამით და ამ დროს თავისი სამშობლოს კუთხეები არ იცის... ნახეთ, ქართველებო, საქართველო! გევედრებით, მოეფერეთ მის კუთხეებს და არ ვიქნებით გახლეჩილები.

...ლებარდეში ვართ, ტეხურის სათავეში. მეფეს შეთქმულება მოვუწყვეთ და მისი ჩამოგდება გადავწყვიტეთ. უამრავი ალპური ყვავილი მოვიტანეთ, საოცრად დავქარგეთ წიფლის გადანაჭერი, იქ ტახტი დავდგით. მეფეს ბიულეტენები გავუყალბეთ (ე.ი. ბაყუჩიას) და კობა დავსვით მეფედ. მეფე კედართან იჯდა და ტიროდა. ვასიამ, სერგომ, გონერიმ, თემურამ, ღელეყვა გიზომ, ამირანმა და მთელმა რაზმმა კობა ტახტზე ავიყვანეთ, გოჩამ და გიამ თავზე გვირგვინი „დაადგეს“. გაისმა სიმღერა მეფის საპატივცემულოდ. ქუხდა ტეხურის ხეობა...

რამდენიმე წუთში მეფემ ახალი კანონები გამოსცა (რა კარგი იქნებოდა, მაშინ ვიდეოგადამღები რომ ყოფილი-ყო!), მეტად მკაცრი - თქვენ ძალიან თავხედები გახდით, ბევრს ჭამთ, სვამთ და ღრეობთ. დღეიდან ასე არ იქნება, დღეში ერთხელ გაჭმევთ, რაც შეეხება ღვინოს, ორ დღეში თითო ჭიქაზე მეტს არ დაგალევინებთო.

- ყურადღება, ახლა ყველაზე მთავარი, კარგად მომისმინეთ. ვინაიდან მოგზაურობაში ქალები არ გვყავს, სასწრაფოდ უნდა დავასაჭურისოთ ორი კაცი და დილით ჰარამხანაში მომგვარეთ! - ბრძანა მეფემ.

ეს განცხადება არ მოეწონა მოგზაურ ჯამაათს და ბუნტი კვლავ ავარდა: სერგომ დაიძახა, ძირს ცრუ კობა მეორეო (ასე დავარქვით). ამ დროს ვასიას და გონერის გრძელი ჯოხები ეჭირათ ხელში, თავში ათასგვარი ყვავილებით შეკრული, მეფეს ჰაერს უნიავებდნენ: ამ შეძახილზე ანუ რეპლიკაზე ეს გრძელი ყვავილოვანი ჭოლოკები კობა მეორეს ნიკაპში ამოსდეს და ტეხურში გადაუშვეს. ხალხი აჩოჩქოლდა, ყოფილი მეფე გამოიქცა და დაიყვირა - უშველეთ, კაცი წყალში ჩავარდაო! რომ არა ვასია და ჯემალ ცინცაძე, კობა მეორე საღამოს შავ ზღვაში ამოყოფდა თავს, თუმცა ისიც საკითხავია, ცოცხალი ჩავიდოდა ზღვაში თუ დამხრჩვალი.

ტახტზე ისევ ბაყუჩია დაბრუნდა. რაც შეეხება კობას, - ტახტზე სულ 12 წუთი და 50 წამი გაძლო...

ისე, რამ გაგვათამაშებინა ეს სცენა, მის მერე საქართველოში სულ სკამისთვის ბრძოლაა - ხან ჰაუბიცებით და ხან ვარდებით. ღმერთო, გვიშველე!

ჩვენი საყვარელი მოგზაურებიდან ბევრი დღეს აღარ არის ჩვენს გვერდით: აღარც მეფეა, აღარც მოურავი, უდროოდ წავიდნენ: სერგო დეისაძე, თემურ თავაძე, ჩვენი საყვარელი ძმა და მსახიობი, რომელმაც მესხიშვილის თეატრს შესანიშნავი სახეები დაუტოვა და გაახარა ქუთათური მაყურებელი (შთამბეჭდავია მისი როლი „პირველ მერცხალში“), გია ნიკოლაძე - ინჟინერი, ჩვენი სულისა და გულის ნაწილი; აღარც დიდი ქალბატონები არიან - ნინა და თინათინი. ჰოდა, მეფის ხუმარას რა ეხუმრება...

 

ღმერთო, შენ დააყენე ფეხზე ჩვენი სამშობლო, ღმერთო, შენ მიეცი მხნეობა ჩვენს ხალხს, ისე, რომ კვლავ განვაახლოთ მოგზაურობა და ახლანდელ თაობას ვანახოთ სამშობლო, მისი ყველა კუნჭული, რათა იცოდნენ, ვისი გორისანი არიან. მომეცი ძალა, უფალო, კვლავ წარვუძღვე კლუბ „აბა, კაცოს“ და გავაცოცხლო ეს საოცრება, რასაც შენს სამშობლოში მოგზაურობა ჰქვია.

 

გიზო კაკაურიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია