დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში თევდორაძის მთავარი კონკურენტი გიგი უგულავაა
2010/05/04 13:34:44

თუ საარჩევნო კოდექსს ჩავხედავთ, ამომრჩევლის განმარტება იქ შავით თეთრზე წერია. საქართველოში აქტიური საარჩევნო უფლება აქვს ყველა მოქალაქეს, რომელიც არჩევნების დღისთვის მინიმუმ 18 წლისაა, და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს. გამონაკლისები არსებობენ.

ჩემი მეზობელი თამარიც ამომრჩეველია, გუშინწინ გაჩერებაზე შემხვდა, მომესალმა, მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ საყოველთაო თემებზე გადავედით, ქალბატონმა თამარმა გულღიად და დაუფარავად მითხრა, რომ ხმას აუცილებლად გიგი უგულავას მისცემდა (რატომ? - ეს კიდევ სხვა სტატიის თემაა, მოკლედ თუ გავცემთ პასუხს, იმიტომ, რომ ერთი შვილი პედაგოგია, მეორეც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს და, მისი ლოგიკით, ყველაფერს გააკეთებს, უგულავასაც კი მისცემს ხმას, ოღონდ შვილებს არაფერი დაუშავდეთ.).

მე ქუთაისელი ვარ, შესაბამისად ჩემი მეზობელიც. ამიტომ დაახლოებით 20 წუთი ვუხსნიდი, რომ უგულავას არჩევა ან არ არჩევა ჩემი და მისი მოვალეობა არ იყო და ჩვენ საკუთარი ქალაქის თვითმმართველობა გვყავს ასარჩევი. ქალბატონ თამარს ძალიან დასწყდა გული, ისიც რომ გაიგო, ქუთაისში მერს არ ვირჩევთ, ეწყინა, მაგრამ, იმიტომ, რომ შვილები სახელმწიფო სამსახურში ჰყავს და რაც არ უნდა იყოს, მეც ჟურნალისტი ვარ, არ შეიმჩნია.

არ გეგონოთ, ქართველ ამომრჩეველზე ცუდი წარმოდგენის ვარ, მაგრამ ჩემი მეზობელი ქალბატონი ერთადერთი არათბილისელი როდია, ვისაც ჰგონია, რომ გიგი უგულავასთვის მისი ხმა მნიშვნელოვანია.

ჩვენ ჩავატარეთ პატარა გამოკითხვა. 15 ადამიანიდან 8-მ საერთოდ ვერ გვითხრა, როდისაა არჩევნების თარიღი, 10 არ აპირებს არჩევნებზე წასვლას, 7-მა არც კი იცოდა, რომ საკრებულოს ვირჩევთ და რაც ყველაზე მთავარია, უმეტესობა ელოდება, რომ მის საარჩევნო ბიულეტენებში აუცილებლად იქნება გიგი უგულავა.

ამაზე ცენტრალური ტელევიზიები განსაკუთრებით კარგად მუშაობენ.

რა თქმა უნდა, ამას თავისი  მიზეზები აქვს, ოპოზიციონერები ამ საყოველთაო სატელევიზიო პიარს ორი მიზეზით ხსნიან: ერთი ის, რომ უგულავა მომავალში  პრეზიდენტობისთვის ემზადება და საქართველოს მთელ მოსახლეობას ამის განწყობას წინასწარ უქმნიან, მეორეც - თბილისში მაუწყებელი ორი  ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის - „კავკასიისა“ და „მაესტროს“ - დასაბალანსებლად ნაც. არხები იძულებულები არიან,  მთელ საქართველოს ყოველდღიურად უქადაგონ, რატომ უნდა აირჩიონ უგულავა მერად.

საქართველოში ამ არჩევნებსაც, ისე, როგორც ყველა არჩევნებს ამ ქვეყანაში, აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა.

ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების მთავარი კონკურენტი მაინც გიგი უგულავაა.

ეპილოგი: ისევ სმაილი...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია