საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უკან არ მიიღებაო?!
2009/10/19 15:26:18

ბატონო ქაიხოსრო, სულ რო ვინცხას აკრიტიკებ, ჩემო ძვირფასო, და ტკბილათ რო ერთხელ არ მოგიბრუნდება მაი კვიმატი ენა, აგია საქმე?.. კი, მართალს ქე ლაპარაკობ, მარა, ერთხელ მაინც ვერ ნახე საქებარი კაცი, ან მისი გაკეთებული კაი რამე?

ჰოდა, ქაიხოსრო ბატონო, ახლა სწორეთ ამისთანა კაი საქმეზე მინდა ვუამბო მკითხველებს და მაგენიც გავახარო, მაგათ ენაცვალა ჩემი ბოხროცა თავი.

გუშღამ, რაცხა უბედურათ, გავცივდი. მაშინათვე გევიქეცი „ავერსის“ აფთიაქში და ვიყიდე ძაან დიდი ტაბლეტები როა, ის წამალი, მგონი „ასპირინ-უპსა“ ქე რო აწერია ზეთ.

მომცეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, ეს წამლები და ამ ტაბლეტებივით დიდი კაიხელა ფურცელი. მევედი სახლში და სანამ წამალს მივიღებდი, რაცხა იღბალზე, ქე არ წევიკითხე ის ქახალდი?

წევიკითხე და კიდო კაი, რო წევიკითხე!..

„გაყიდული მედიკამენტები უკან არ მიიღება“, ეწერა ზეთ კაი დიდი ასოებით.

მაგენი ააშენა ღმერთმა, ამ მინაწერით რას გადამარჩინეს!

„წამლის მიღება“ რას ნიშნავს, ბოვშვმაც კი იცის და მე არ მეცოდინებოდა?

რამდენჯერ დაუწერია ექიმს ჩემს რეცეპტზე: „მიიღეთ დღეში სამჯერო“.

ეხლა კი მაფრთხილებს, „უკან არ მიიღებაო“, არადა, აგი რო არ წერებულიყო, ამსიფართე ტაბლეტების უკან (კლიზმასავით) მიღება მე საწყალს რასაც დამმართებდა, ქე იცით!

გადავრჩი კაცი ამხელა უბედურებას, მაგენს ვეხუტუნე!..

მერე იმ ფურცელზე ეწერა: „ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. გმადლობთ, რომ ენდობით ავერსს.“

დროზე რო გაგაფრთხილებენ, „გაყიდული მედიკამენტები უკან არ მიიღებაო“, ამის მერე კაცი ჯანმრთელიც იქნები, არც სულიერ სიმშვიდეს დაკარგავ და არც ნდობა მოაკლდება „ავერსს“, აბა, რა იქნება!“

მალადეც მაგენს, ჩემისთანა გაჭირვებულზე ამისთანა დიდი ზრუნვიზა.

ჰოდა, ქაიხოსრო ბატონო, შენც ამისთანა კაი საქმეებზე თუ დაწერ აწი, კაი იქნება, შემოგებლოს ჩემი თავი.

 

სუყოველთვის შენი პატივისმცემელი მეცვიყო ჭანჭალეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია