საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ელისაბედ წერეთელი - მივიწყებული დიდი ადამიანი
2013/07/25 11:52:40

მდინარე ყვირილას ხეობა სამ საგვარეულოს ეკუთვნოდა: რაჭის ერისთავებს, წერეთლებსა და აბაშიძეებს. ქველი წერეთლის შთამომავლობა ძირითადად მდინარის მარცხენა მხარის მფლობელები იყვნენ და იმერეთის სამეფოში გავლენიან თანამდებობებს იკავებდნენ ხოლმე. მე-19 საუკუნეში, როცა საქართველოს სრული ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა და ადგილობრივი წმინდაფეოდალური მმართველობა სამხედრო-ფეოდალურმა ჩაანაცვლა, უცნაურია, მაგრამ ქართველმა მანდილოსნებმა მაინც მოახერხეს სისხლის არისტოკრატიის ზეგავლენის შენარჩუნება. საწერეთლოში ყველაზე გავლენიანი ქალბატონი ელისაბედ წერეთელი გახლდათ. ის 1857 წელს დაიბადა და რაჭის ერისთავის, წულუკიძის, ასული იყო. ელისაბედი მიათხოვეს ალექსანდრე (სანდრო) წერეთელს, თუმცა მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მძიმე ცხოვრება ქვრივის სტატუსით გააგრძელა.

საპატიო ადგილი არა მარტო საწერეთლოში, არამედ მთელ იმერეთში დაიჭირა შორსმჭვრეტელმა ქალბატონმა.

„თავისი სიცოცხლის მანძილზე ელისაბედ წერეთელი იყო განუმეორებელი ენერგიით სავსე, ძლიერი ნებისყოფის, პრინციპული, ქედმოუდრეკელი, ხშირ შემთხვევაში - ამაყი, საკმაოდ მკაცრი საჭიროებისამებრ, ამავე დროს ხელგაშლილი, კეთილი, გულისხმიერი,“ - ასე ახასიათებდნენ მას ნაცნობები.

ელისაბედს დიდ თანამდგომად ჰყავდა აკაკი წერეთელი, რომელსაც პერსონალურად ელისაბედის სასახლეში მიჩენილი ჰქონდა ოთახი დასვენებისა და მუშაობისათვის.

 წერეთლები გამორჩეული ხალხი იყვნენ კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით. არაერთი პოეტი, მწერალი, მეცნიერი, სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა ატარებდა ამ არისტოკრატიულ გვარს, თუმცა წულუკიძის ასული ელისაბედი, ქმრის გვარის მატარებელი, იყო ის ადამიანი, რომელმაც საჩხერეს იმდენი შეჰმატა, რამდენიც ვერც მანამდე და ვერც მის შემდეგ შემატეს პატარა ზემოიმერულ მუნიციპალურ ცენტრს.

ქვრივმა მოახერხა, რომ მისი თანადგომით გაიყვანეს რკინიგზა ჭიათურიდან საჩხერემდე, შორაპნის მაზრაში პირველი საავადმყოფოც მან გაახსნევინა, საჩხერის რვაწლიანი სკოლა, თეატრი და ბიბლიოთეკაც  ელისაბედის სახელს უკავშირდება. მდინარე ყვირილაზე ხიდის გადებაც მითი შემწეობით მოხდა.

საჩხერეში თვით არისტოკრატთა შვილებიც ვერ იღებდნენ განათლებას (თუ საოჯახო და საეკლესიო განათლებას არ ჩავთვლით, რაც, ძირითადად, განისაზღვრებოდა წერა-კითხვითა და ანგარიშით). ელისაბედმა 1909 წელს საკუთარ სასახლეში გახსნა ქალთა ორწლიანი სკოლა, რასაც დიდი პროგრესი მოჰყვა ქალთა განათლების თვალსაზრისით. თვით თავადებისა და აზნაურთა ქალიშვილებიც კი ვერ იღებდნენ განათლებას, რადგან დიდგვაროვნები ქუთაისში ძირითადად ვაჟებს ასწავლიდნენ.

ორკლასიანი სკოლის დირექტორად მღვდელი აბიათარ იაკობაშვილი (ვარაუდობენ, რომ წარმოშობით ებრაელი იყო) მიუწვევია ქვრივს, საინტერესოა პედაგოგთა ჩამონათვალი: ანეტა იურკევიჩი ასწავლიდა რუსულს, მათემატიკასა და ქართულს - ვერა აბრამიშვილი, ისტორია-გეოგრაფიას - მარიამ ჯანელიძე. სკოლას 40-მდე მოსწავლე ჰყავდა და ისინი გადასახადს არ იხდიდნენ. მასწავლებელთა ანაზღაურებას ელისაბედი იხდიდა.

ერთხელ, როცა საჩხერეს ეწვია ქუთაისის გუბერნატორი ადამ სლოვოჩინსკი და ელისაბედის სასახლეში მსჯელობდნენ  ყვირილაზე გასადები ხის ხიდის შესახებ, გუბერნატორს მოახსენეს, რომ დაიჭირეს „ბუნტოვშიკი“ გომართელი.  ეზოში ჩაფრებშემოხვეული გომართელი დიასახლისმა სასახლეში ამოიყვანა და გუბერნატორს წარუდგინა, როგორც ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე და სთხოვა, რომ გაეთავისუფლებინა, რათა თავის სოფელ გორისაში გაეგრძელებინა ავადმყოფთა მკურნალობა, მანამდე კი გომართელის სახელზე სადღეგრძელო დაალევინა გუბერნატორს. დასავლეთ საქართველოს ნომერ პირველ პირს ძალა აღარ ჰქონდა და მასპინძლის მოთხოვნა შეასრულა.

 ცნობილი მეცნიერი სერგი დურმიშიძე, იხსენებდა: 1919 წელი მიიწურა და საახალწლო საჩუქრები დაამზადა დედამ, რათა ოჯახის  ნათესავ-მეგობრებისათვის მიგვეტანაო. საჩუქრების ჩამონათვალში შედიოდა დოქი ღვინო, ღორის რჩეული ნაწილის შაშხი, თონის პურები, ჩურჩხელები და მატყლის წინდები. დასასაჩუქრებელთა შორის საჩხერის ყველაზე სახელგანთქმული თავადი ელისაბედიც შედიოდა. სერგი მამასთან (რომელიც მთელ საჩხერეში ცნობილი იყო ნოვაციების დანერგვით - მას გაუკეთებია 38 კუბური მეტრი მოცულობის ყინულსაცავი, სადაც იანვარში ყინულს ათავსებდნენ და მთელი წელი ამარაგებდა მერე საჩხერის საავადმყოფოს უფასოდ, ხოლო ვაჭრებზე ყიდდა. მასვე ჰქონებია პირველი რეფრეჟატორ-კარადა, რომელიც ახლაც დაცულია მუზეუმ „საწერეთლოში“) ერთად მისულა ელისაბედთან, ეზოში ზარბაზანი უხილავს პატარა ბავშვს, თუმცა ყველაზე მეტად გაუოცებია მილოცვების მერე ბრგე ვაჟკაცის დასჯის სცენას.

დასასჯელი მოურავი ტატო ყოფილა, რომელსაც ქალბატონმა უბრძანა, რომ სახალხოდ ეღიარებინა წლის დანაშაულები. მოურავიც თავდახრილი მორიგეობით ყვებოდა, თუ რა დააშავა. ყოველი ცოდვის გამხელას თან სდევდა დიასახლისის მიერ მსუბუქი ჯოხის დარტყმა, რომელსაც აყოლებდა „მიპატიებია!“  ყველა ის დანაშაული, რომელიც ჩამოთვალა მოურავმა, ყველა ასე „ჩამოაწერა“ ელისაბედმა. ცოდვების ჩამონათვალი კი ასეთი იყო: ხე-ტყის ჩუმად გაყიდვა, ხორბლის მითვისება, მოზვრების გაპარება, მიწის უკანონო სარგებლობა. მსუბუქი გაჯოხვის გარდა მოურავისათვის მძიმე სასჯელი იყო დამსწრეების ხარხარი, თუმცა აღსარებასავით მაინც ამბობდა სათქმელს. ამბობენ, რომ ელისაბედი საწერეთლოში თავად ქმნიდა დაუწერელ კანონებს, რომელსაც ხალხი სიამოვნებით ემორჩილებოდა. შეიძლება ამიტომაც შემორჩა ზემოიმერეთში სახლის გასაღების გარეშე გამოკეტვის ტრადიცია (საჩხერეში ახლაც თითქმის ყოველ მეორე სახლს ნახავთ, რომელსაც გასაღებით არ კეტავენ).

გასაბჭოების შემდეგ წერეთლებს მძიმე დღე დაადგათ. რეპრესიები მათ ქონების გამო კი არა, უფრო იმის გამო დაუპირისპირეს, რომ ისინი წარმოუდგენლად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ და განათლებითაც ბევრად  წინ იდგნენ, ვიდრე მაუზერიანი ბოლშევიკები. 1921 წლიდან ყველა საწესჩვეულებო ღონისძიების ამოძირკვას ცდილობდნენ სოციალ-დემოკრატების აგრესიული განშტოება და, მათ შორის, საშობაოდ ღორის დაკვლასაც. ისე კლავდნენ საშობაოდ ცხოველს, რომ ხმა არ უნდა გასულიყო ეზოდან, რადგან „ტროიკას“ ეს „რელიგიური“ გამოხდომა საკმარისზე მეტადაც მიაჩნდა! აკრძალული იყო არისტოკრატებთან ურთიერთობაც კი. 1939 წელს სერგი დურმიშიძის მამამ, ვასილმა, მაინც გაბედა და თბილისში მიაკითხა ამაგდარ არისტოკრატს. საჩხერული ამბების  მოკითხვის შემდეგ ელისაბედს გული არ დასწყვეტია იმაზე, რომ მის სასახლეში უპატრონო ბავშვთა ბაღი იყო გახსნილი.

 ელისაბედი 1942 წელს გარდაიცვალა თბილისში, მისი აქ წარმოდგენილი ფოტო მუზეუმ „საწერეთლოს“ აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის მეუღლემ, ლეილა ბრეგვაძემ, გადასცა. თუმცა ერთი კითხვა უფრო მნიშვნელოვანია, რომელსაც ახლა დავსვამ:

 საჩხერეში რატომ არ არსებობს ელისაბედ წერეთლის სახელობის ქუჩა მაინც? თუ არსებობს და მე არ ვიცი?! საჩხერეს ურბანული საფუძველი ხომ ელისაბედმა ჩაუყარა?!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია