საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადრეული ქორწინებების პრევენცია სახელმწიფო დონეზე უნდა მოხდეს
2013/07/11 15:12:57

2013 წლის 11 ივლისს,  გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე : `ადრეული ქორწინების პრევენცია -  გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის~.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე.

11 ივლისი მოსახლეობის მსოფლიო დღეა, რომლის თემა 2013 წელს არის მოზარდთა ორსულობა. მსოფლიოში ყოველწლიურად 15-დან 19 წლის ასაკის დაახლოებით 16 მილიონი გოგონა აჩენს ბავშვს. გართულებები, რომლებიც ახლავს ორსულობასა და მშობიარობას, არის სიკვდილიანობის  ძირითადი მიზეზი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. მოზარდთა ორსულობა არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემაა, ის ეხება განვითარების საკითხებსაც: სიღარიბეს, გენდერულ უთანასწორობას, ძალადობას, იძულებით ქორწინებას. უმრავლეს შემთხვევაში გოგონებისათვის ადრეული ქორწინება ნიშნავს სწავლისა და განვითარების შეწყვეტას, ფიზიკურად და ემოციურად მოუმწიფებელ გოგონას აკისრებს მოზრდილის  როლსა და პასუხისმგებლობებს და უარყოფითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით– რეპროდუქციულზე. ადრეული ორსულობა და მშობიარობა უდიდესი რისკია როგორც დედისათვის, ასევე ჩვილისათვის.

` ბავშვთა ქორწინება ადრეულ ასაკში დღემდე გოგონათა უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს სინამდვილეში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.  მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იმსჯელოს არსებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული, რელიგიური თუ სოციალური შეხედულებებისა და ტრადიციების შეცვლის აუცილებლობის  მიმართულებით, რათა თანაბრად იყოს გათვალისწინებული ყველა გოგონას ჭეშმარიტი ინტერესი და ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება აღქმული იქნეს როგორც ძალადობა ქალის მიმართ. საერთაშორისო მიდგომები გვიჩვენებს, რომ გოგონა-ბავშვების ადრეულ ასაკში ქორწინება არ გულისხმობს მხოლოდ კერძო პირებს შორის არსებულ ურთიერთობას, არამედ საკითხი საჯარო ინტერესის მატარებელია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საკითხს სათანადო ყურადღება დაეთმოს სახელმწიფოს მხრიდან“- განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

`საზოგადოებისა და მთავრობების მოვალეობაა, ხელი შეუწყონ მოზარდი გოგონების განვითარებას, მათ შორის, ადრეული ქორწინების პრევენციის გზით. განათლებულ და ჯანმრთელ გოგონებს ექნებათ შესაძლებლობა სრულად განავითარონ თავიანთი პოტენციალი, იყოლიონ ჯანმრთელი შვილები, ჰქონდეთ ჰარმონიული ოჯახი და სასურველი პროფესია. განათლებული, ჯანმრთელი ქალი თავისი შესაძლებლობებით არის სასიკეთო ცვლილებების მომტანი ძალა ოჯახისათვის, თემისა და მომავალი თაობებისათვის~ - თამარ ხომასურიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

საერთაშორისოდ მიღებული განმარტებების მიხედვით, ტერმინი ადრეული ქორწინება აღწერს ორ ადამიანს შორის იურიდიული ქორწინების ან ჩვეულებითი კავშირის შემთხვევებს, როცა ერთი ან ორივე მეუღლის ასაკი 18 წელზე ნაკლებია .  ადრეულ ქორწინებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც `იძულებით ქორწინებას”, ან `ბავშვთა ქორწინებას”, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ მისცენ ქორწინებაზე თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული თანხმობა. ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის დარღვევაცაა (მუხლი 16 (2), სადაც განცხადებულია, რომ `დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას”.

ადრეული ქორწინებების პრევენცია მნიშვნელოვნად შეამცირებს ადრეულ ორსულობებს და მასთან ასოცირებულ დედათა სიკვდილობას, ავადობას და უნარშეზღუდულობას და მისცემს გოგონებს განვითარების შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება ზოგადად ქვეყნების განვითარების პროცესზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე 7,367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში.  განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში მართალია არ არის მითითებული სწავლის შეწყვეტის მიზეზი, თუმცა დაკვირვებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ უმრავლეს შემთხვევაში მიზეზი ადრეული ქორწინებაა.

საართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის თანხმობით.  ადრეული ქორწინებისას, 16 წლამდე ასაკში, ქორწინება არ რეგისტრირდება; ამდენად ამ მაჩვენებელზე ირიბად შეიძლება ვიმსჯელოთ 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში შობადობის მაჩვენებლითაც, რაც საქართველოში 2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მონაცემებით არის 39 (15-19 წლის ათას გოგონაზე); ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის აზერბაიჯანელ ქალთა შორის  - 143 (15-19 წლის ათას გოგონაზე).

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია