დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნინო ბურჯანაძე –ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებიდან არ წასულა
2013/03/27 01:14:47

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი  ნინო ბურჯანაძე  შუალედურ  არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს,  ყველა შემდგომ არჩევნებში კი მონაწილეობას მიიღებს.  ამის შესახებ  მან  ტელეკომპანია  "იმედის"  გადაცემა  "ღია ეთერში"  ინტერვიუს დროს განაცხადა. როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, ის პარლამენტში სალაპარკოდ შესვლას არ აპირებს, რადგან ამას გარედანაც კარგად მოახერხებს.

"სამი მანდატი პარლამენტში არაფერს ცვლის. ჩვენ არ გვექნებოდა სამწუხაროდ საშუალება, თუნდაც საპარლამენტო ფრაქცია შეგვექმნა და, შესაბამისად, რეალურ გადაწყვეტილებებზე რეალური ზეგავლენა მოგვეხდინა. მე ნამდვილად არ ვაპირებ პარლამენტში მხოლოდ იმისთვის შესვლას, რომ ვილაპარაკო. ამას მშვენივრად მოვახერხებ გარედანაც. არც ის მინდა, რომ ჩვენი სამი ხმა კოაბიტაციის გაუგებარი რეჟიმისთვის იყოს გამოყენებული"-განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც  შეეხება  შემდგომ არჩევნებს, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი  აცხადებს, რომ ყველა შემდგომ არჩევნებში მისი პოლიტიკური ორგანიზაცია მონაწილეობას მიიღებს.  ხოლო კითხვაზე –  დააყენებს თუ არა მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გადაცემა  "ღია ეთერში"  საკონსტიტუციო ცვლილებების თემასაც გამოეხმაურა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის პრობლემა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით მოგვარდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზითაც  მოგვარდებოდა.

"არსებობდა გზა, რომელიც მოაგვარებდა იმ პრობლემას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებით მოგვარდა – ეს არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზა.  გარდა ამისა, არის კიდევ ერთი სწორი გზა. ეს არის ობიექტური და სწრაფი გამოძიების ჩატარება. რომ მომხდარიყო გამოძიება და წარდგენოდათ ბრალი ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა" - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სიტყვა „კოჰაბიტაცია“ უკვე დასაცინ და გამაღიზიანებელ სიტყვად იქცა. კოჰაბიტაცია შეიძლება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც წააგო არჩევნები, მაგრამ არ აქვს ჩადენილი დანაშაული.

„პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ჩადენილი დანაშაული ქვეყნის და ერის წინაშე, არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური ძალა ჩაითვალოს ოპოზიციად, ნორმალურ და ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიად. თანამშრომლობა ანუ კოჰაბიტაცია მსგავს ძალასთან, არის დანაშაული. გარკვეული შეცდომა იქნა დაშვებული 1 ოქტომბერს, როცა გარკვეული ეიფორიის შედეგად "ნაციონალურ მოძრაობას"  დაუკანონდა ხმების ის რაოდენობა, რომელიც რეალურად არ მიუღია. ფაქტია, რომ "ქართულმა ოცნებამ" გაცილებით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე აქვს პარლამენტში. თავიდანვე უნდა ყოფილიყო ამაზე რეაგირება. არავითარი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა, რადგან ყვველას კარგად გვახსოვს წინასააარჩევნო პერიოდი"  - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნამდვილად  არ ვიცი,  რა არის  იმისი  მიზეზი,  რომ  ვანო მერაბიშვილი  დღეს  ციხეში არ ზის...

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა გადაცემაში შესაძლო საბოტაჟის  თემაზეც  და  „ნაციონალური მოძრაობის“  პასუხისმგებლობაზეც  ისაუბრა.  

„ნამდვილად არ ვიცი, რა არის იმისი მიზეზი, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეში არ ზის“ - განაცხადა  ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ეს რომ ასე ხდება, ერთგვარად, ზოგიერთის მხრიდან შესაძლოა საბოტაჟიც იყოს და აქედან გამომდინარე, დადებითად აფასებს იმას, რომ პროკურატურაში შეიქმნა გარკვეული კომისია, რომელიც ცალკეული პროკურორების საქმეებს შეისწავლის. "არ მინდა არავითარ შემთხვევაში, ამას ახალი ხელისუფლების უნიათობა დავარქვა" - აღნიშნა ბურჯანაძემ. მისი აზრით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში იმდენად ნელა მიდის, რომ მისი შედეგები პრაქტიკულად არ შეიმჩნევა.

"სამართლიანობის აღდგენა უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში აღარ მუშაობდნენ ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდნენ" - აღნიშნა ბურჯანაძემ. 

გადაცემაში ის, ასევე, ამბობს, რომ  დღეს  "ნაციონალური მოძრაობა"  იქცა ისეთ პარტიულ ორგანიზაციად,  რომლის გარეშეც პარლამენტში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ვერ მიიღება, რაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, მიუღებელია.

"1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ხალხის მოთხოვნა არ ყოფილა "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური პარტია გამხდარიყო და მის გარეშე ქვეყანაში გადაწყვეტილებებები ვერ მიეღოთ" -განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან არ წასულა.

"ჯერჯერობით "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან არ წასულა. მე მაქვს შეხვედრები რაიონებში და ვხედავ, რომ ძალიან ბევრ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა" სერიოზულ პოზიციას ინარჩუნებს" - აღნიშნა ბურჯანაძემ.

„26 მაისმა განაპირობა 1 ოქტომბრის გამარჯვება...“

მე რომ სხვაგვარად მოვქცეულიყავი, მაშინ 26 მაისი არ იქნებოდა ალბათ ის 26 მაისი, რომელიც იყო. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოვიდოდა და "ნაციონალური მოძრაობა" დარჩებოდა ხელისუფლებაში 30 წელი  - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს"  ლიდერი და მიიჩნევს, რომ  26 მაისმა განაპირობა  1 ოქტომბრის გამარჯვება. "რომ არა 26 მაისი, ეს გამარჯვება არ დადგებოდა. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა" - დასძინა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ბევრი ადამიანია, რომელსაც ბურჯანაძის და ივანიშვილის პოლიტიკური ძალის ერთად ყოფნა არ აწყობს.

„ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტია და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაშია, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს ვერც ერთ თანამდებობაზე"  - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.  მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მისთვის რაიმე თანამდებობა არასოდეს შეუთავაზებია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია