დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!..“
2012/10/29 12:34:30

დღეს, უდიდესი პოლიტიკური ცვლილებებისა და ბატალიების ფონზე, საზოგადოება გამუდმებით ელოდება დაკარგული სამართლიანობის აღდგენას, ცდილობს, მშვიდობიანად გადაიტანოს არსებული ცვლილება და მსჯელობს - ქუთაისში, 21 ოქტომბერს შეკრებილი პარლამენტი როდის გასცემს პასუხს ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა. როცა ისიც კი ვერ გაგვირკვევია, პარლამენტი ახალ დედაქალაქში გვირჩევნია, თუ ძველში... ვეცდები, პოლიტიკა სულ სხვა კუთხით, გენდერულ ჭრილში განვიხილო.

 

ქალები  საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ბიზნესსა და, ზოგადად, ჩვენ ირგვლივ არსებულ სივრცეში.

ძლიერი ქალები.

ისინი საუბრობენ მკვეთრად და კომპეტენტურად, მოქმედებენ მიზანმიმართულად და დიპლომატიურად. უკან იხევენ რთულად და იძულებით.

მტკიცედ არიან დარწმუნებულნი საკუთარ ძალაში და სჯერათ საკუთარი სიმართლის.

იმიჯი - ერთნაირი და თანაც განსხვავებული, ეტიკეტის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.

...მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, თავიანთი მშვიდობისმოყვარეობით, ასე სჭირდება მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეს, მათი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში 12%-ს მაინც არ აღემატება.

 

***

არადა, ჯერ კიდევ ახლო წარსულამდე მიიჩნეოდა, რომ ქალებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებოდათ და პოლიტიკური მოღვაწეობა, მხოლოდ „ძლიერი“ სქესის პრეროგატივა იყო. ისტორიულად ისე აეწყო, რომ ქალისა და მამაკაცის როლები მკვეთრად გაემიჯნა ერთმანეთს. მამაკაცი იყო მომპოვებელი, ხოლო ქალი - ოჯახური კერის მცველი.

ძველ საბერძნეთსა და რომში გამორიცხული იყო ქალთა აშკარა მონაწილეობა დებატებსა და სხვა პოლიტიკურ პროცესებში და ისინი, ოფიციალურად, მთლიანად განცალკავებულნი იყვნენ პოლიტიკისგან მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე სამეფო ოჯახის წარმომადგენელ ქალებს შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე. ამის მაგალითია ჩვენამდე მოღწეული პირველი პოლიტიკოსი ქალი, ჩვენს ერამდე მე-15 ასწლეულში მოღვაწე ეგვიპტელი დედოფალი - ჰატშეფსუტი, რომლის მმართველობის პერიოდიც ხასიათდება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აღმავლობით; ასევე, სხვა მრავალი ქალი - მმართველი და მებრძოლიც კი, მაგალითად - დედოფალი ეკატერინე მედიჩი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენდა გავლენას საფრანგეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა, რამდენად სამართლიანად და ჰუმანურად აკეთებდა ამას, ეს უკვე სხვა თემაა.
ჩვენი ეროვნული სიამაყე - თამარ მეფე, რომელმაც არამარტო შეინარჩუნა ერთიანი საქართველო, არამედ - თავისი მმართველობის პერიოდი ოქროს ხანად აქცია.

თუმცა, ჩვენი საუბარი ეხება თანამედროვე პოლიტიკას, ყოველგვარი სამეფო მემკვიდრეობისა და რეგალიების გარეშე.

ქალისა და პოლიტიკის ტანდემი მე-20 საუკუნის დასაწყისში შედგა, როცა ფემინისტებმა, შეძლებისდაგვარად, მიაღწიეს ქალთა და მამაკაცთა უფლებების გათანაბრებას. ამ მოვლენის შემდეგ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა, რათა ქალი ნამდვილად და სრულფასოვნად მოსულიყო პოლიტიკაში.

პირველი ქალი, რომელმაც 1960 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, იყო სირიმავო ბანდარანაიკე შრი-ლანკიდან. მისი მმართველობის პერიოდი მნიშვნელოვანი და თამამი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდის შემდეგ, იგი კიდევ რამდენჯერმე ჩაუდგა ხელისუფლებას სათავეში და პოლიტიკიდან, საბოლოოდ, 2000 წელს - 84 წლისა წავიდა.

პირველი პრეზიდენტი ქალი გახლდათ ესტელა მარტინეს დე პერონი, რომელმაც 1974 წლის არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა გამარჯვებამ  მრავალ   ქალს   აუნთო  „მწვანე შუქი“ პოლიტიკაში და, დღესდღეობით, ქალებს თანამედროვე ქვეყნების სახელმწიფო აპარატებში 10%-ზე მეტი უჭირავთ.

ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონები არიან: მარგარეტ ტეტჩერი, ინდირა განდი, ანგელა მერკელი, კონდოლიზა რაისი, ჰილარი კლინტონი...

მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით ვუყურებდი ბავშვობაში პაკისტანის პრემიერის - ბენაზირ ბჰუტოს ფოტოებს და მაოცებდა მუსულმანურ სამყაროში აღმოცენებული ამ მშვენიერი ქალის სიმამაცე, მისი გამოხედვის სიმტკიცე და სითბო ერთდროულად.

 

 ***

მაინც, რა არის ის მთავარი, რასაც პოლიტიკოსი ქალისგან ელის საზოგადოება?!

პოლიტიკაში ქალთა მოღვაწეობის შესახებ არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც, პოლიტიკაში გამოყოფენ განსაკუთრებულ, ქალურ სტილს, რომელსაც ადამიანებისა  და სოციალური საკითხების მიმართ გამძაფრებული მგრძნობელობა აქვს. იგი მშვიდობისმოყვარეობით გამოირჩევა, ვინაიდან, ქალები არ არიან მიდრეკილნი, ძალის გამოყენებით, ომებითა და კონფლიქტებით გადაჭრან პრობლემები.
თუმცა, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მართვის სტილი ადამიანის სქესზე კი არა, ფსიქოლოგიურ ხასიათზეა დამოკიდებული, ვინაიდან, არსებობენ მშვიდობისმოყვარე მამაკაცები და მებრძოლი ქალები.

ამის მაგალითს თავად ისტორია გვაძლევს. ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსი ქალი - მარგარეტ ტეტჩერი ატარებდა აბსოლუტურად მამაკაცურ   პოლიტიკურ   ხაზს,   ე.წ. „ტეტჩერიზმის“ პოლიტიკას, რისთვისაც მას ეწოდა კიდეც „რკინის ლედი“.
მეორე მხრივ, კი არსებობენ ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც იჩენენ მშვიდობისმოყვარეობას და ინტერესს სოციალური საკითხების მიმართ - მაგალითად, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გრუ ჰარლემ ბრუნტლანი.

სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ხალხი სულ უფრო მეტი ნდობით უყურებს პოლიტიკოს ქალებს, ვინაიდან, მიაჩნიათ, რომ ისინი გაგებით მოეკიდებიან მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს, არ მოახდენენ ომისა და კონფლიქტების პროვოცირებას. გაიგებენ მოქალაქის ხმას და გულთან მიიტანენ მათ გასაჭირს, სადარაჯოზე დაუდგებიან თავიანთ მოსახლეობას.

ეს ის იდეალური ვარიანტია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვესახება ქალი-პოლიტიკოსის წარმოდგენისას. თუმცა, საქართველოს რეალობაში ჩვენ ისეთ ქალ-პოლიტიკოსებსაც შევხვედრივართ, რომელთა დანახვა-გაგონებაზე, მოსახლეობას, ნდობის მაგივრად, აგრესია უჩნდებოდა. მათი დამცინავი, მენტორული და ზედმეტად თავდაჯერებული ტონით გამოწვეული უარყოფითი ემოცია ხალხში, მასობრივი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIG) მიერ „პოდიუმ დისკუსიის“ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის  მიერ იყო მხარდაჭერილი, დამსწრე პოლიტიკოსი ქალების საკმაოდ საინტერესო სახეთა შორის, განსაკუთრებით გამაოცა მანანა კობახიძის მკვეთრად გამოხატულმა პოზიციამ, ხასიათის სიმტკიცემ და   „რკინის ლოგიკამ“. ამიტომ, როგორც ამომრჩეველს, ძალიან მესიამოვნა იმის გაგება, რომ იგი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. ანალოგიურად, წლევანდელი საარჩევნო კომპანიის აღმოჩენად იქცა პოლიტიკოსი ქალი თეა წულუკიანი, რომელიც ისეთ მრავლისმომცველ და სერიოზულ სახელმწიფო უწყებას ჩაუდგა სათავეში, როგორიც იუსტიციის სამინისტროა.

ჩემი, როგორც ამომრჩევლის, მოლოდინიც დიდია და გულისწყვეტაც. მოლოდინი - საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური, მორალურ-მენტალური კრიზისიდან გამოსვლისა და გულისწყვეტა იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკას აკლია ქალური სიბრძნე და  მოთმინება. ამიტომ, ზემოთ ხსენებულ „პოდიუმ დისკუსიაზე“ ქალისა და პოლიტიკის თანხვედრისა და თანამდევი პრობლემების შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვი „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ (WIG) ხელმძღვანელს, ქალბატონ ელენე რუსეცკაიას:

ელენე რუსეცკაია: „მიუხედავად იმისა, რომ, დღესდღეობით, სტატისტიკა გაიზარდა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხრივ და პარლამენტში 10.5% ქალია, ეს მაინც არ არის საკმარისი მაჩვენებელი. ქალთა გააქტიურებისთვის საჭიროა მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, საზოგადოების მეტი მხარდაჭერა კანდიდატი ქალების მიმართ და წარმატებულ ქალთა პოპულარიზაცია. სწორედ ამ მიზნით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აშშ-ს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „გაძლიერებული ქალები საჯარო ცხოვრებისათვის“, რომლის მიზანია ქალების წარმოჩენა და მათი პოტენციალის გაძლიერება. ზოგადად, მედიას დიდი როლი და ვალდებულება აქვს, რაც გაწერილია კიდეც გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმით. თუმცა, ქართულ მედიაში, საპირისპირო სურათს ვხედავთ და სექსისტური ტენდენციები ადამიანის და, ხშირად, ქალის  დისკრედიტაციას ახდენს.

წინ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და, შესაბამისად, კიდევ ერთი გამოცდა გენდერული თანასწორობის მხრივ.

საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ სახელმწიფო, უმჯობესია, მამაკაცებმა მართონ, ერთი მხრივ, ზურგს უმაგრებს გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, რის გამოც ქალები, ხშირ შემთხვევაში, თავს იკავებენ პოლიტიკური მოღვაწეობისგან, ხოლო, მეორე მხრივ, თავად შიდა პარტიული მმართველობა არ ესწრაფვის ქალთა  დაწინაურებას  პარტიებში და ქალ-კანდიდატთა დასახელებას. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს მსოფლიო პრობლემაა. მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაშია მიღწეული გენდერული თანასწორობა პარლამენტში,   რაც  ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელია და, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოვყოფდი სკანდინავიურ ქვეყნებს.

ჩვენ ბევრი ქვეყნის ქალთა საზოგადოებებთან გვაქვს ურთიერთობა და, შესაბამისად, ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ქალებს აერთიანებს მსგავსი პრობლემები. განსხვავება პრობლემათა სიმძაფრეშია. ეს პრობლემები და დამოკიდებულებები ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ერთნაირია და მათ შორის არსებულ სპეციფიკურობას განსაზღვრავს რელიგიური მიმდინარეობა, ისტორიული ტრადიცია, განვითარების დონე. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მხრივ, ეუთო-ს ქვეყნებში, საქართველოს ბოლო ადგილი უჭირავს, მაგრამ, შეიძლება, სხვა საკითხებში სულაც არ გვქონდეს ასეთი ცუდი მაჩვენებელი.

26 ოქტომბერს  მივემგზავრები გაეროში, სადაც ღია დებატები მოეწყობა თემაზე - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩვენ პირველები ვართ, ვინც მიიღო ეს გეგმა და, შესაბამისად, ვახდენთ ამ წარმატებული სამოქმედო გეგმის გაზიარება-დანერგვას“.

 

***

„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!..“ - გვეუბნებიან პროპაგანდისტული ვიდეოკლიპიდან რიგითი ადამიანები, მსახიობები, პოლიტიკოსები.

„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!..“ - ვეუბნებით ჩვენ თავს და უახლოესი გამოცდილების გათვალისწინებით, მასთან ერთად, სუფთა პოლიტიკა წარმოგვიდგება თვალწინ, ყოველგვარი დემაგოგიისა და ინტრიგების გარეშე.

„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!..“ - ჩვენ დავიღალეთ, ამიტომ ეს არის ჩვენი სურვილი და მოქალაქეობრივი პოზიცია.

„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!...“ - და მათთან ერთად ადამიანური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ.

„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!..“

 

მანანა ქურციკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია