დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გენდერი და ტალახის შემსხმელნი
2011/10/10 12:28:20

როგორც იქნა, ვნახე ფილმი „ჭამა და სექსი“, რომლის შესახებ ამხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი...

 

პროფანმაც კი იცის, უარყოფითი რეკლამაც რომ ერთგვარი რეკლამაა და, რაც უფრო მეტი ხმაურია, თუნდაც ნეგატივით შეფერილი რაიმე მოვლენის ან საგნის ირგვლივ, მით უფრო მეტ ინტერესს იწვევს იგი საზოგადოებაში. ამის მიუხედავად, ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებდა ამ ფილმის ნახვას კინოთეატრში, რადგან არ ვიზიარებ ქართული კინემატოგრაფიის აღმავლობის შესახებ ერთობ გაზვიადებულ მითს. მეტიც, ვთვლი, რომ მათი უმეტესობა უხარისხო და უგემოვნო რეკლამების სრულმეტრაჟიანი პაროდიაა და ფრიად საეჭვო მხატვრული ღირებულების პროდუქცია. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ნახევარწლიანი ხმაურიანი და ძვირადღირებული პრომოუშენის შემდეგ დიდი ეკრანებიდან უხმაუროდ გადმოინაცვლებს ხოლმე ტელევიზიის ეკრანებზე. ამ მარტივი მიზეზის და კიდევ იმის გამო, რომ სხვა არხებზე საინტერესოს ვერაფერს გადავაწყდი, აღმოვჩნდი ამ ფილმის მაცქერალთა რიგებში, ტელევიზორის წინ და, ჩემდა გასაოცრად, ფილმი მომეწონა...

არა, პაზოლინამდე ბევრი უკლია, მაგრამ...

გასული საუკუნის 80-ან წლებში, როცა ერთ-ერთი ქალაქის კინოთეატრში პირველად გაუშვეს „ერთხელ ამერიკაში“, ამ ფილმს პორნოგრაფიის იარლიყი მიაკრეს მორალისტებმა. დღეს, ალბათ, ძნელი იქნება, ვინმე დააჯერო, რომ იმ, დღევანდელი გადმოსახედიდან, „უბიწო“ სცენების გამო, ახლანდელ სერიალებში ვითომ ეროტიულ სცენებამდე ახლოსაც რომ ვერ მივა, ამ ფილმზე ღიად დასწრებაც კი რეპუტაციის შელახვად შეიძლებოდა დასჯდომოდა კდემამოსილ ქართველ მანდილოსანს.

ჩემს მეზობელ მამუკას, როგორც ნამდვილ ქართველ კაცს, უყვარდა ქალები. სავარაუდოდ, ახლაც უყვარს, მაგრამ მისი ეროტიული თავგადასავლების შესახებ ბოლო მონაცემებს არ ვფლობ, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ჭკვიანი კი იყო და ნიჭიერი; ერთხელაც გვესროლა მორიგი ნიჭიერი ფრაზა: კაცო, გადამრიეს ამ ქალებმა, სექსუალური თავისუფლება გვინდაო და იბოზეთ მერე, იბოზეთ, ვინ გიშლით, ბატონოოო?!

„ოთხი გიას“ კონცერტზე ვიყავი იმავე საუკუნეში. სიმღერებს შორის კითხვებზე პასუხიც იყო ჩასმული საკონცერტო პროგრამაში. დარბაზის შეკითხვებს დიდი ხალისით პასუხობდნენ მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და, სავარაუდოდ, სექსუალურადაც აქტიური „გიები“ (და არა „გეები“).- ი.ს.): ქალების როგორი ჩაცმულობა მოგწონთო, იყო ასეთი შეკითხვაც: ჩემს ცოლზე-გრძელი კაბა, ყველა დანარჩენზე - ბიკინიო! თვალების წკურვით და თავისივე ენამახვილობით კმაყოფილმა უპასუხა გია ნაცვლიშვილმა...

ბესო ჯუღელიც უნდა გავიხსენო აუცილებლად, ჩემმა ცოლმა რა უნდა გადამიწყვიტოს ოჯახში, მე რა, კიტრი ვარო?! ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ არსი, დაახლოებით, ეს იყო:   ქალი   ვიცი  მე  „ქუხნაში“   და  „სპალნაში“...

როგორც „ოჯახში გაზრდილ“ ჭეშმარიტ ქართველ ქალს, ძალიან მომწონდა „ქალწულობის ტაბუს“ ფროიდისეული  ფორმულირება.  მისი  აზრით:  „ქალწულობის ტაბუ არის მამაკაცის სურვილი, ჰქონდეს სრული მონოპოლია ქალის არამარტო მომავალზე, არამედ მის წარსულზეც!“ ანუ, ქალის უბიწობა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, სრულიად და უპირობოდ ეკუთვნოდეს მხოლოდ ერთ მამრს და ამ კუთვნილების დამადასტურებლად განუსაზღვრელი დროით და ქართულ სინამდვილეში, ხშირად სიკვდილამდე, ატარებდეს „კეთილგონიერების სარტყელს“.

მთლად ფროიდისხელა აზრის გიგანტი ვერ იყო ცხონებული შაკო, მაგრამ წამლისათვის რომ არ გადაეყოლებინა თავისი ნიჭი და ახალგაზრდობა, იქნებ კი დასწეოდა კიდეც ფროიდს. ყოველ შემთხვევაში, ფროიდის ფორმულირებაზე ნაკლებად არ მომწონს „ქორწინების“ შაკოსეული დეფინიცია: ქორწილი არის ვაგინის სარეალიზაციოდ გადაცემა საზეიმო ვითარებაში! უყვარდა სარკაზმი ცხონებულს...

არანაკლებ შთამბეჭდავია ასევე ქართველი მამრის მიერ მოგონებული კომპოზიტი: (კომპოტთან არანაირი კავშირი არ აქვს, „რთულ სიტყვას“ ნიშნავს. ი.ს.) - „მონაპოვარი“, რაც ცოლის სინონიმად გამოიყენება ხოლმე, როგორც წესი, ანუ მონა+პოვარი!!!

NDI-ს „მომავლის ლიდერი ქალების“ პროგრამაში მოვხვდი რამდენიმე წლის წინ და მორიგი სემინარის შემდეგ ჩემი აღფრთოვანება ამ არაჩვეულებრივი კურსის შესახებ ჩემს ერთ-ერთ სიძეს გავუზიარე: ჩემნაირი და ჩემზე უფრო მაგარი ოცი ქალი ვსხედვართ ჯგუფში-მეთქი. აუფ, სასოწარკვეთილი დიასახლისების კლუბში მოხვდიო? - გამეხუმრა... ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო, ხომ გაგიგიათ?!

ერთი თაყვანისმცემელი მარტო იმიტომ დამშორდა, მუშაობას, „ნორმალური ქალების“ მსგავსად, 5 საათზე რომ არ ვამთავრებდი... მეტიც, კვირაში 6 დღე შინ 10 საათზე ადრე არ მივდიოდი...   წელიწადნახევარი   ითმინა   ჩემი „თავაშვებული პორწიალი“ გაუთავებელ შეხვედრებზე,  მორიგეობებზე, „რაღაც“ პრეზენტაციებზე და რეგიონებში მივლინებებზე. ნერვებმა საბოლოოდ მაშინ უმტყუნა, როცა განვუცხადე, ორი კვირით მივდივარ უცხოეთში ტრენინგზე-მეთქი... ერთი-ორჯერ გადმორეკა მას შემდეგ... ორივეჯერ შეხვედრაზე ვიყავი   და...  საბოლოოდ    დამადო  „ტაბუ!“ ძაან გადავრჩი!!!

სხვათაშორის, მაშინდელი ტრენინგის თემა გენდერი იყო და მისი ხსოვნა სამუდამოდ უკვდავჰყავი თვითპრეზენტაციის სავალდებულო ნაწილში. ჩემმა აფრიკელმა კოლეგა ქალბატონებმა ძალიან იხალისეს ამ ამბავზე. მართალია, თავიდან არ სჯეროდათ, მაგრამ იმათაც მოვუყევი ის, რაც ზემოთ თქვენ გიამბეთ და დამიჯერეს.

ეგრე მეც არ მჯეროდა, აფრიკაში გენდერის პრობლემებამდე თუ იყვნენ მისულები უკვე, მაგრამ ფაქტია, რომ 25 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში სულ 6 ვიყავით   თეთრკანიანი,    დანარჩენები „სულ შავი, შავი, „როგორც ნახშირივით შავი აკიმი ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“. (დავაზუსტებ მაინც, რასიზმი რომ არ დამწამონ მტრებმა). მართალია, ცუდას რად უნდა მტერობა და ა.შ. მაგრამ მაინც... ბევრს შეშურდება, ისეთ დონეზეა მისული ამ კუთხით ის აფრიკა, სულ რაღაც 80-ოდე წლის წინ რომ გადასანსლა ერთ-ერთმა მათი ქვეყნის მეთაურმა (არ მახსოვს, რომელმა) საფრანგეთის კულტურის ატაშე!

„ძირს ფემინიზმი!“ - მაღლა აწეული მუშტით მესალმებოდა ხოლმე სამსახურში თენგულიკა, რომელიც მიუხედავად ღრმა ერუდიციისა, მგონია, დღემდე ურევს გენდერს და ფემინიზმს ერთმანეთში. თუმცა არ მიკვირს...

ამბავი, რომელიც ღრმად შემორჩა მეხსიერებას, მოგვიყვა განსვენებულმა ცოტნე ჩხიკვიშვილმა ნევროლოგიის კვალიფიკაციის კურსებზე, - პროფესორი იყო ჩვენი. უნიჭიერესი კაცი და როგორც ჭეშმარიტი გურული, ენაკვიმატი და მაკვარანცხული ამბების თხრობის დიდოსტატი.

- უნგრეთში ვიყავით ქართველი მედიკოსები სამეცნიერო კონფერენციაზეო, - გვიამბო ბატონმა ცოტნემ. - ჯგუფის ერთ-ერთ მონაწილე ქალბატონს, რომელიც მაშინ 37 წლის იყო, გინეკოლოგიური პრობლემის გამო გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება მოუხდა იქ, უნგრეთში, და როცა გინეკოლოგის სავარძელზე აღმოჩნდა, უნგრელ ოპერატორს (კინოს გადამღებს არა, ქირურგ-გინეკოლოგს. ი.ს.) ლამის ინსტრუმენტები დაუცვივდა ხელიდან, როცა აღმოაჩინა, რომ 37 წლის უმანკო ქალწულთან ჰქონდა საქმე. მისმა გაოცებამ პიკს მაშინ მიაღწია თურმე, როცა ამ ანომალიაზე საუბრის დროს ეს „უვიცი“ იმაშიც გაათვითცნობიერეს, რომ საქართველოში ძალიან პოპულარული და შემოსავლიანი იყო საქალწულე აპკის მთლიანობის აღდგენის ოპერაცია, რათა სასიძოს პატიოსანი და შეურყვნელი ჩაჰბარებოდა ქართველი პატარძალი. ჩამოვალ და მაჩვენეთ, რას და როგორ კერავენო, შეხვეწნია თურმე ქართველ კოლეგებს გაოცებული უნგრელი.

1992 წელს გვიყვებოდა ამას ბატონი ცოტნე და იგი „ჭამა და სექსის“ ბოლო ნაწილმა გამახსენა...

არადა, ახლა 2011 წელია.

ვინც კიდევ ვერ მიხვდა, რა შუაშია აქ გენდერი, იხ. ფილმი „ჭამა და სექსი“!!!

 

P.S. ჩემი აფრიკელი გენდერისტი კოლეგები იმასაც არ დაიჯერებენ, ენრიკე იგლესიასის კოცნის გამო საწყალ თამუნას რა დღე დაადგა... მრცხვენია, მაგრამ, სტატისტიკის მიხედვით, ტალახის შემსხმელთა 80% მანდილოსნები გახლავთ...

 

 

ირინე სახელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია