დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ქალის საქმეა მუშაობა?
2010/04/19 13:22:31

ოჯახში დავა მთელი თვეა გრძელდება. არადა, თითოეულ მხარეს საკუთარი თავი ჰგონია მართალი.

ლიას, რომელმაც სამი ბავშვი უკვე წამოჩიტა, უფროსი სკოლაში დაუდის და ორი პატარა კი - ბაღში, მუშაობის დაწყება სურს. მართალია, მხოლოდ საშუალო განათლების ატესტატი აქვს, მაგრამ ახლო ნათესავმა შესთავაზა, თუ ცხრიდან საღამოს ხუთ საათამდე ოჯახიდან გამოსვლას შეძლებ, ჩემს კომპიუტერულ ფირმაში ოპერატორად გაგაფორმებ და 150 ლარამდე დაგინიშნავ ხელფასს, შაბათ-კვირას კი, ჩვეულებრივად, დასვენების უფლებას მოგცემო. ლიამ ნათესავის წინადადება ღვთის წყალობად ჩათვალა, რადგან კარგად იცის, სამსახურები ციდან არ ცვივა. მაგალითად, მეზობლის გოგო, რომელსაც უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, პირდაპირ ნატრობს ასეთ დაწესებულებაში მოხვედრას. „ჩემი საკუთარი ფული მექნება,“ - მორიდებით განუცხადა ავბედითად თვალებმოწკურულ მეუღლეს ლიამ, მთავარი კი ვეღარ უთხრა: ბოლოსდაბოლოს, სანამდე უნდა ვიჯდე შინ, მომწყინდა სულ სარეცხი და სამზარეულო, მეც ხომ ადამიანი ვარ, ხალხში მინდა გასვლაო.

 

ლია 28 წლისაა, ჩუმი და საქმიანი ახალგაზრდა ქალი. როცა მეუღლე მეგობრებს მოიყვანს, მარჯვედ დატრიალდება ხოლმე, უცებ გააწყობს სუფრას, თავად კი არასოდეს დამჯდარა მაგიდასთან, რადგან იცის, კახას ეს არ მოეწონება: „რა გინდა კაცებთან?“ - თვალები დაუბრიალა იმ ერთადერთხელ, როცა ლიამ ცხელი ხაჭაპური ჩამოარიგა და ერთ-ერთი სტუმრის ემოციური სადღეგრძელოს მოსასმენად ჩუმად ჩამოჯდა სკამის კიდეზე.

ლიას კახა სულ გარდაცვლილ მამამთილს აგონებს: ისიც მკაცრი იყო ცოლისადმი, მუდამ მონურ მორჩილებას მოითხოვდა მისგან, არსად უშვებდა მარტოს - ბაზარშიც კი, ვერ იტანდა მისგან შემოპასუხებას, მეუღლის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს... სამაგიეროდ, „პლუსებიც“ ჰქონდა: ოჯახის ერთგული კაცი იყო, უხვად სარჩოს შემომტანი, ცოლ-შვილს კარგად აჭმევდა, აცმევდა, აგარაკებზე დაჰყავდა... დედამთილს ერთხელაც არ წამოსცდენია აუგი ქმარზე, თვალებში შეჰფოფინებდა, უთენია ზეზე წამოხტებოდა, რათა მისი ფეხსაცმელი გაეპრიალებინა და სამსახურში მიმავალი მეუღლე ჭიშკრამდე მოწიწებით გაეცილებინა საპატიო ექსკორტით...

- მუშაობა უნდა დაიწყო?! - იფეთქა კახამ, - რატომ, ბატონო, რისთვის, რა გაკლია? შენი 150 ლარი რა ოხრად მინდა მე, ბავშვებს მიმიხედე, ოჯახს, თვეში 800-1000 ლარი შემომაქვს, ცოტაა? დღე და ღამე გარეთ ვარ გადაგდებული, რომ არაფერი მოგაკლოთ, კიდევ რა გინდა? რა ქალის საქმეა მუშაობა?!

„რა ქალის საქმეა მუშაობა!“ - კახას მსგავსად, კიდევ არაერთი მამაკაცი ფიქრობს ასე.

ქართულ საზოგადოებაში ეს სტერეოტიპული აზროვნება ოდესღაც მტკიცედ იყო ფეხგადგმული, მაგრამ დრომ თანდათან დაამსხვრია: ქალი ოჯახიდანაც გავიდა, „მამაკაცურ პროფესიებსაც“ დაეუფლა, საზოგადოებრივ სარბიელზეც თავისი სიტყვა თქვა და ინტელექტუალური შრომითაც გაუთანაბრდა მამაკაცს. ასე რომ, კახასნაირები, თანამედროვეობის გადასახედიდან, უკვე სრულ ნონსენსად აღიქმებიან, - მითუმეტეს, საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ფონზე, როცა მიგრაციის დონე უფრო და უფრო იმატებს და საზღვარგარეთ წასულ ქართველ ქალს ერთბაშად დაეკისრა ქმარ-შვილის მრჩენელის ფუნქცია, მამაკაცი კი ოჯახშია დარჩენილი - შვილების აღმზრდელად და კერიის ცეცხლის შემნარჩუნებლად.

რაკი ეკონომიკური სტაბილიზაციის გარანტი მეტწილად ქალი გახდა, ოჯახში განსაკუთრებულად მოიმატა მისმა ავტორიტეტმა და მნიშვნელობამაც.

კახას მსგავსად მოაზროვნე მამაკაცები, მართალია, ამჟამად ძალიან ცოტანი არიან (განსაკუთრებით - ქალაქად), მაგრამ მაინც არსებობენ. მთავარი ისაა, რომ სტერეოტიპულ აზროვნებას -  „რა ქალის საქმეა მუშაობა“ - დღეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა არა აქვს. მეტიც, ამგვარად მოაზროვნე ადამიანს აბსოლუტური უმრავლესობა გაოცებით, ან სინანულით უცქერის.

და მაინც, საიდან იღებს სათავეს ეს სტერეოტიპი?

რა თქმა უნდა, იმ შორეული წარსულიდან, როცა ფუნქციები, ტრადიციულად, ასე იყო გადანაწილებული: კაცი - შემომტანი, ქალი - სამზარეულოს გამგებელი და ბავშვების აღმზრდელი. „გარეთ გასვლა“ და ფიზიკური შრომა მხოლოდ მამაკაცის პრეროგატივა იყო, ნაზ „მეორე ნახევარს“ კი მისთვის მიჩენილ კუთხეში უნდა ეფუსფუსა ერთგულად.

„დრონი ვიდოდნენ...“ და ოჯახური ყოფის ეს მოდელი ახლა მთლიანად შეცვლილია, პოლუსები - დაბალანსებული. ყოველ შემთხვევაში, გენდერული პოლიტიკის შედეგიანობა სახეზეა: მამაკაცებმა აღიარეს ქალთა თანასწორუფლებიანობა ოჯახში თუ ოჯახს გარეთ.

რას ფიქრობენ თავად ლიასა და კახას ნათესავი მამაკაცები ამ ახალგაზრდა ოჯახში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ?

ირაკლი (კახას ბიძაშვილი): „რა სისულელეა, კაცო, ცოლს სამუშაოდ რომ არ უშვებს. მარტო ხელფასზე არაა საქმე, - ახალგაზრდა ქალია, აბა, მონაზონივით უნდა ჩაიცვას ყოველდღე ტილოს კაბა და გაზთან იტრიალოს? მე ვიცი, ბავშვობაში ძაან კარგად ხატავდა. ასეთ ადამიანში სული კი არ უნდა ჩაკლა, პირიქით, ძალა მისცე.“

რამაზი (ბიძია): „მადლიზა ქალმა სამუშაო ქე იშოვა და... ვეუბნები, კახაია, ბიცოლაშენი მთელი ცხოვრება მუშაობდა მაღაზიაში, დილის რვა საათიდან საღამოს 11 საათამდე სულ იქანე იყო, მე ტაქსზე ვიჯექი, მარა - ოჯახსაც ქე ვპატრონობდით და შვილებიც ნორმალურად გავზარდეთ-თქვა.“

დათო (დეიდაშვილი): „სასაცილოდ არ მყოფნის ეს საკითხი. რა დროს ასე მსჯელობაა, ხალხო, რომელი საუკუნისაა ეს ჩვენი კახა? მე თუ მკითხავ, სწორედ ამას ჰქვია მონათმფლობელობა. თუ გინდა, პირშიც ვეტყვი და ეწყინოს.“

გია (დეიდაშვილი): „ამაზე მეტად ვერ უნდა გაუგო ცოლს? 25-28 წლის გოგოა, მოკვდა ადამიანი ამდენი კარჩაკეტილობით, მასაც უნდა საზოგადოებაში გასვლა, თავისი ადგილის მოძებნა.“

მამუკა (ლიას ძმა): „ჩემი და ძალიან გაგებული, კარგი გოგოა. ის ოჯახისთვის თავსაც დადებს. კახას უნდა ესმოდეს მისი - სიყვარული მარტო ოჯახში ფულის შემოტანა ხომ არ არის, ეს ნდობა და თანამოაზრეობაცაა. ჩემი ცოლი „ბენზინკალონკაში“ მუშაობს მოლარედ, მაგრამ კი არ დამიშლია. აბა, მასაც რომ არ შემოჰქონდეს ფული, მე დაცვაში მხოლოდ 110 ლარს ვიღებ.“

ჰო, ერთსაც დავუმატებ: ამ ნათესავი მამაკაცებიდან დათო სწორედ ისაა, ვინც ლიას სამსახური შესთავაზა. მას დიდი იმედი აქვს, რომ დეიდაშვილს ცოლის მუშაობასთან დაკავშირებით აზრს შეაცვლევინებს.

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია