დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფემინისტური სკოლა -2
2009/07/31 19:54:34

ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის მიერ ქობულეთში საზაფხულო ფემინისტური სკოლა მოეწყო, უკვე - მეორედ. პირველად სკოლა გასულ წელს გაიხსნა. ქალებისთვის სხვადასხვა ტიპის სკოლებს ეს ორგანიზაცია ადრეც მართავდა - 2005 წლიდან. სხვადასხვა სკოლების თემატიკაც სხვადასხვა იყო. ზოგი ქალს და თვითმმართველობის არჩევნებს ეხებოდა, ზოგიც - საერთაშორისო ურთიერთობას, ზოგიც - პოლიტიკას და ასე შემდეგ. პოლიტიკური რესურს ცენტრის ანგარიშზე უკვე ექვსი საზაფხულო სკოლაა. თუმცა, ფემინისტურ სკოლას რაღაც განსაკუთრებული მაინც აქვს.

 

წელს სკოლაში ორი კურსი მუშაობდა - პირველი და მეორე. თითო კურსმა შვიდი დღე იმუშავა, მეორე კურსზე წინა წლის ფემინისტური სკოლის კურსდამთავრებულები მიიღეს. პირველზე - ახალბედები, ისინი, ვინც ამ საკითხზე მუშაობენ და საინტერესოდ შევსებული ანკეტა და სამოტივაციო წერილი გამოუგზავნეს ორგანიზაციას.

ლიკა ნადარაია, ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი: „ბევრი ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც ქალთა საკითხებზე მუშაობენ. პოლიტიკურ პარტიებშიც არიან ქალბატონები და ისინი ქალთა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ, როცა ეკითხები, ფემინისტი ხარ? გპასუხობენ: არა, ფემინისტი არ ვარ! უბრალოდ, ქალთა საკითხებზე ვმუშაობ. ასეთი მიდგომა წარმოუდგენელია, რადგან ფემინიზმზეა დაფუძნებული ქალთა უფლებების ცნება, სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ფემინისტური სკოლა, რომ ეს გააცნობიეროს ყველა ქალმა.“

ფემინისტურ სკოლას ერთი მთავარი მიზანი და დევიზი აქვს: გავაერთიანოთ ქალები! სკოლაში სხვადასხვა პარტიის ქალბატონები სწავლობენ, თუმცა, მათ შორის დაპირისპირებები და პოლიტიკური დებატები არ გამართულა. საერთო ენა ძალიან იოლად გამონახეს.

„ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით ისეთი პროქალური სივრცე, სადაც გავაერთიანეთ არასამთავრობო, აკადემიური და სხვადასხვა  პოლიტიკური სექტორი. ისინი მეგობრობენ და ერთად პოულობენ პრობლემების გადაჭრის გზებს,“ - გვითხრა ლიკა ნადარაიამ.

პირველი და მეორე ფემინისტური სკოლის ტრენერები ხორვატი ქალბატონები - მაია მამულა და ჟელკა ჟელავიჩი არიან. ფემინისტური სკოლის მოდელიც ამ ქალბატონებმა შეიმუშავეს და მსგავს სკოლებს ხორვატიაში აწყობდნენ. სკოლის დამფინანსებელი ორგანიზაციაა cvina ti cvina, რომელიც ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის პარტნიორი 2003 წლიდანაა.

ნონა სამხარაძე, მარნეულის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი: „დიდი ხანია, ვმუშაობ გენდერულ საკითხებზე და ეს სკოლა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თან ისეთი ტრენერები გვიზიარებენ გამოცდილებას, რომელთა ქვეყანაში გენდერული ბალანსი დაცულია და ესენი პირველი ფემინისტი ქალბატონები არიან, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ პრობლემის გადაწყვეტაში. საერთოდ, კარგი იქნება თუ ქალი უფრო მეტს მოითხოვს ამ ცხოვრებიდან...“ 

მარიამ შელეგია, ახალი მემარჯვენეების საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:     „კმაყოფილი ვარ. ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ. განსაკუთრებით, სიდოს კონცეფციის შესახებ, საინტერესო პრაქტიკული სავარჯიშოებით. კარგი ისიც იყო, რომ შერეული ჯგუფი ვიყავით, პოლიტიკაში მოღვაწე ქალები, „ენჯეო“ და აკადემიური სექტორი. ჩვენს ქვეყანაში  ეს პრობლემა მაშინ გადაწყდება, თუ ყველა ერთობლივად იზრუნებს.“

თამთა თათარაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტი გენდერის კვლევაში: „ბევრი ამ საკითხზე მომუშავე ქალბატონი მონაწილეობს ამ სკოლაში. ტრენინგები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას. ეს კი ძალიან გვჭირდება.“

ნატო ქათამაძე, რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „მეორე წელია, ამ სკოლაში ვმონაწილეობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არის მაღალი დონის სკოლა, ძალიან საინტერესო და პრობლემატური თემებით დახუნძლული. ეს იყო საუკეთესო შვიდი დღე, საქმიანი და ამასთანავე სასიამოვნო.“

რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა ნადარაია ამბობს, რომ ბოლო წლების მანძილზე გენდერული მოძრაობა ძალიან გააქტიურდა და უკვე რეზულტატიც სახეზეა.

ლიკა ნადარაია: „ეს ვიგრძენი, როცა პირველ ჯგუფს შევხვდი. ვიგრძენი, ახალგაზრდა გოგონებში როგორ არის გაჯერებული გენდერული თანასწორობა. თუ  დღევანდელ პერიოდს შევადარებთ 1998 წელს, როცა ეს მოძრაობა იწყებოდა, დიდი ნაბიჯია გადადგმული.“

იმედი აქვთ, რომ ფემინისტური სკოლები მომავალშიც გაგრძელდება. მით უმეტეს, სექტემბერში პარლამენტი „გენდერული თანასწორობის კანონს“ მიიღებს და ეს ის დოკუმენტი იქნება, რომლის განხორციელებას საქართველოში ხელშეწყობა ნამდვილად დასჭირდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია