საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ემიგრანტი ბავშვები საქართველოს ესტუმრებიან
2013/06/30 11:37:15

 მალე საქართველოს 15 ემიგრანტი ბავშვი ეწვევა. ემიგრანტი ბავშვების ჩამოყვანას და ტურის მოწყობას უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“. „პოსტკრიპტუმი“ ესაუბრა ორგანიზაციის დამფუძნებელს, ქალბატონ ინა ასანიძეს.

–      ­ჩვენ არ გვაქვს საგრანტო პროექტებიდან მიღებული დაფინანსება. 2006 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, იძულებული ვიყავი, წავსულიყავი ემიგრაციაში აშშ-ში. ვიცი, რამდენად ძნელია ემიგრანტის ცხოვრება,  ისიც, არალეგალურად. ნოსტალგიის გარდა, ჩვენ გვტანჯავდა იმის განცდაც, რომ შვილებისთვის იმდენ დროს ვერ ვნახულობდით, რამდენიც საჭიროა და, როცა სამშობლოში დავბრუნდი, გადავწყვიტე, რომ ამ პრობლემისათვის რამდენადმე მიმექცია ყურადღება.

–      როგორც ვიცი, თქვენ უკეთებთ ორგანიზებას 15 ემიგრანტი ბავშვის სამკვირიან ქართულ ტურს...

–      უკვე ეს საკითხი გადაწყვეტილია. 17 ივლისს ემიგრანტი ბავშვები ისტორიულ სამშობლოში ჩამოვლენ და უზრუნველყოფთ მათ მრავალმხრივად. შეირჩა კონკურსის წესით აშშ-ს, იტალიის, ბელგიის, საფრანგეთის, კვიპროსის, რუსეთის, საბერძნეთისა და თურქეთის ემიგრანტთა შვილები, მათ საქართველოში ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.

–      რა პრინციპით შეარჩიეთ ეს ბავშვები?

–      როცა გადავწყვიტეთ ამ პროექტის განხორციელება, გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელიც ითვალისწინებდა მცირე მოცულობის მიზნობრივი ტექსტის დაწერას. ერთი ბავშვის საკონკურსო ტექსტში ასეთი რამე იკითხება: „ჩემი სამშობლო, უჰ, რა ლამაზია! უჰ, როგორ მენატრება! უჰ, მე საქართველოში ბებო მელოდება!“

–      თქვენს პროექტს მხოლოდ საქართველოს გაცნობითი ხასიათი ექნება?

–      არა, ეს იქნება კომპლექსური ღონისძიება, რომელსაც ტურისტულ-საგანმანათლებლო დანიშნულებაც ექნება. ვაპირებთ, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ჰქონდეთ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებს.  ჩვენი სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხს ამ სამკვირიან ტურში დიდი მნიშვნელობა ექნება. ბავშვები ქართულენოვან გარემოში ბევრად უფრო კარგად აითვისებენ მშობლიურ ენას, ზუსტი წარმოდგენა შეექმნებათ ჩვენს ეთნოგრაფიაზე. როცა ისინი წავლენ საზღვარგარეთ, აუცილებლად მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვებსაც.

–      რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი სამი კვირის განმავლობაში?

–      გვექნება ექსკურსიები კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთსა და ქართლში. მოინახულებენ მუზეუმებს, თეატრებს, ჩაუტარდებათ ლექცია-ტრენინგები ქართულ ენაში, ხელოვნებაში, ისტორიაში. ანაკლიაში ორი კვირით დაისვენებენ ახალგაზრდულ ბანაკში (უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხების კომიტეტი).

–      თუ არის დაგეგმილი საზოგადო მოღვაწეებთან მათი შეხვედრა?

–      ჩამოსვლიდან მეორე დღეს პატრიარქს შეხვდებიან, დაგეგმილია პარლამენტარებთან შეხვედრაც, დასკვნით ეტაპზე კი გაიმართება მცხეთაში კონცერტი 3 აგვისტოს ქართველი მომღერლების მონაწილეობით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია