საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჯერჯერობით საქართველომ მსოფლიოს ტურისტულ რუქაზე ადგილი ვერ დაიმკვიდრა
2013/06/16 21:47:50

საქართველო მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანაა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპების მიხედვით. 

 2012 წლის მაჩვენებლებით, ტურისტების ნაკადი 56%–ით გაიზარდა და 4,4 მილიონ ადამიანს მიაღწია. ჯერჯერობით საქართველომ ვერ მოახერხა მსოფლიოს ტურისტულ რუქაზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება. არის რამდენიმე მიზეზი, რომელიც ამ პერსპექტივას ხელს უშლის.

 ტურიზმი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორია. გაეროს 2012 წლის მონაცემებით, ტურიზმზე მსოფლიოს მშპ–ს 9%–ზე მეტი მოდის, რაც დოლარებში 6 ტრილიონია. სექტორში 250 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს, რაც დასაქმებული მოსახლეობის 9%–ს შეადგენს.

 იგივე გაეროს მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანაა. მსოფლიო ტურისტულ სექტორში საქართველოს წილი 2007 წლის 0,12%–დან 2012 წელს 0,29%–მდე გაიზარდა. 

 ვიზიტორების ნაკადის ასეთმა ზრდამ ქვეყნის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარება უნდა გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, ამ სფეროში დაკავებული ადამიანების რაოდენობისა და მათი შემოსავლების, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით საშუალო და მცირე კომპანიების შემოსავლების ზრდას განაპირობებს.

 ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 659 მილიონი დოლარი მიიღო, 2011–ში კი 1,5–ჯერ მეტი, 955 მილიონი დოლარი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლებით, საშუალოდ ერთი უცხოელი ტურისტი საქართველოში დღეში 337 დოლარს ხარჯავს, რაც ქვეყანაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში 1500 დოლარს უტოლდება.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ტურისტების 86% მეზობელ ქვეყნებზე მოდის, 9% ევროპის სახელმწიფოებზე, 4,5% კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე. 

 ლიდერ პოზიციაზე არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპები კი ასეთია: ირანი – 511%, ყაზახეთი 236%, და რუსეთი – 118%. 

 რაც შეეხება სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების დონეს, ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ლიდერის პოზიციები აქვს აჭარას და თბილისს. სულ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებისთვის განკუთვნილი 1051 ობიექტია, რომლებშიც 34 751 ადგილია.

 ადგილების მიხედვით, 10 256 ერთეულით, აჭარა ლიდერობს, სადაც ადგილების 63% სასტუმროებშია. საქართველოში წარმოდგენილია სასტუმრო ინდუსტრიის თითქმის ყველა ბრენდი: Radisson, Marriott, Sheraton, Holiday Inn და Citadines. მიმდინარეობს Kempinski–ს, Hilton–ისა და Ritz-Carlton–ის მშენებლობა.

ტურიზმის სირთულეები

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც საქართველომ ვერ შეძლო მსოფლიო ტურისტულ რუქაზე თავის დამკვიდრება. პირველ რიგში, ესაა ავიაბილეთებზე მაღალი ფასი. მეორე – სასტუმროებსა და რესტორნებში ძვირადღირებული მომსახურება, თანაც დაბალი ხარისხის სერვისის პირობებში. მესამე – არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში და ტურისტების დაბალი ინფორმირებულობა საქართველოს შესახებ.

თუმცა, მეორეს მხრივ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საბიუჯეტო ავიახაზების რაოდენობის ზრდასთან, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო კრუიზების მარშრუტებში ჩართვასთან და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად საქართველოში ტურისტული სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, ფასები კი, როგორც მთელ მსოფლიოში, დაეცემა.

ტურიზმი არა მხოლოდ დიდი სასტუმროები, არამედ იაფი და მცირე ბიზნესია. აუცილებელია, რომ ტურიზმის განვითარებამ ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობას და ადგილობრივ მრეწველობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურიზმის განვითარება გამოიწვევს იმპორტის მოცულობის ზრდას, ანუ ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული ფულის დიდი ნაწილი კვლავ უცხოეთში გავა.

ამას ემატება ტურისტული სააგენტოების უკმაყოფილება სახელმწიფო მხარდაჭერის შემცირების გამო. 

 

ახლო ჰორიზონტები

 

2015 წელს საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს ერთდროულად 10 ათასი ტურისტი ეწვევა. სულ კი თბილისში ამ მომენტში 5011 განთავსების ადგილია. ასევე იგეგმება უეფას სუპერთასის გამართვა, რომელზე დასასწრებადაც ერთდროულად 10–დან 20 ათასი გულშემატკივარი ჩამოვა.

 

2015 წელს ტურისტების მასობრივი შემოდინება შეასრულებს როგორც დადებით, ისე უარყოფით როლს: ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ქვეყნის პოპულარიზაციასა და შემოსავლების ზრდასთან ერთად ფასების მატება და სერვისის გაუარესებაა მოსალოდნელი.

 

რაც შეეხება 2013 წელს, შეიძლება სიამაყით აღვნიშნოთ, რომ Huff Post Travel–ის მოხსენებაში მსოფლიოს 7 საუკეთესო  მიმართულებას შორის, რომელიც ტურისტმა შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გაცნობის მიზნით შეარჩიოს, საქართველო ესპანეთის შემდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

 

ტურიზმის სექტორში დროებითი პრობლემების მიუხედავად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. სასურველია, რომ ამან ტურისტული სექტორის კომპლექსური და არა მისი მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტის განვითარება გამოიწვიოს.

 

წყარო: "komersant.ge"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია