საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის გამოფენას თბილისში რუსი ჟურნალისტები და სომელიეები სტუმრობენ
2013/06/08 19:58:57

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენაზე დასწრების მიზნით,  თბილისს რუს სომელიეთა და  ღვინის თემაზე  მომუშავე ჟურნალისტთა წარმომადგენლობითი ჯგუფი სტუმრობს.  მათი მიზანია ადგილზე გაეცნონ და დააგემოვნონ ქართული ბოთლისა და ქვევრის ღვინის  სხვადასხვა სახეობები, რათა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ რუსეთში ამ მიმართულებით  დაინტერესებულ  საზოგადოებას.

ვიზიტის ფარგლებში, დღეს რუსი სტუმრები, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი  მედიიის  წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კარგია რომ რუსი სტუმრების ვიზიტი თბილისში  საერთაშორისო გამოფენას დაემთხვა. ეს მათ საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ დააგემოვნონ ტრადიციული და ახალი სხვადასხვა სახეობის  ქართული ღვინო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა,  შალვა ხეცურიანმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ რუსი ღვინის სპეციალისტების ვიზიტი  საქართველოში საფუძველი გახდება მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების. ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ღირსეულ  დაბრუნებას  რუსულ ბაზარზე.

შეხვედრაზე  რუსეთის  სომელიეთა  ასოციაციის  პრეზიდენტმა,  ალექი სიდოროვმა ქართული ღვინის მაღალ ხარისხზე  ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართულ ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება არ გაუჭირდება, რადგან  მოლოდინი  და მოთხოვნა დიდია. მაღალი ხარისხიდან გამომდინარე კი, ის ადვილად დაიმკვიდრებს ადგილს ევროპული ღვინოების გვერდით.

რუსეთის სომელიეთა და ექსპერტთა კავშირის პრეზიდენტმა, არტურ სარქისიანმა საუბარში აღნიშნა,  რომ  გულშემატკივრობს საქართველოს და მიესალმება  ქართული ღვინის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე. 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენას რუსეთიდან ესწრებიან: ალექსი სიდოროვი (რუსეთის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი), ალექსანდრე  ფომიჩევი (სომელიე), ალექსანდრე სიდოროვი (ჟურნალ "РБК-Стиль" -ის   მთავარი რედაქტორი, სომელიე), სერგეი კრილოვი («Ресторанный Синдикат» ჰოლდინგის მთავარი სომელიე), არტურ სარქისიანი (რუსეთის სომელიეთა და ექსპერტთა კავშირის პრეზიდენტი), ვასილ  რასკოვი (Simple Wine News - ის რედაქტორი), ვლადინერ ცაპელიკი (თავისუფალი ღვინის კლუბის პრეზიდენტი), ალექსანდრე სტავცევი (ღვინის დარგის ჟურნალისტი), ოლეგ ფილიპოვი (ჟურნალ"Российский Альманах Вин"-ის რედაქტორი), ანნა სტარჩენკოვა  (ღვინის დარგის ჟურნალისტი), ანტონ მოისენკო (ღვინის დარგის ჟურნალისტი) და  დენის რუდენკო (ბლოგერი).

რუსი სომელიეები და ჟურნალისტები  გამოფენის ფარგლებში  მიმდინარე  ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმსაც  დაესწრნენ.

სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის ტურები კახეთის რეგიონში. მათ საშუალება ექნებათ  ადგილზე დაათვალიერონ ღვინის საწარმოები და მარნები, მოინახულონ კულტურული ძეგლები. ისინი გაეცნობიან ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ასევე  ქართული ყველის დამზადების ტრადიციულ მეთოდებს.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია