დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსული მავთულხლართები ძირძველ ქართულ მიწაზე
2013/06/03 12:38:53

რუსი ჯარისკაცები შიდა ქართლში შემოიჭრნენ და მავთულხლართებს ავლებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სოფელ  დიცთან  და სოფელ დვანთან,  22-25 კილომეტრიან  მონაკვეთზე. მავთულხლართების გაჭიმვის დროს  რუსი სამხედროები საბჭოთა რუკებით სარგებლობენ.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ სამხრეთ  ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აგებისა და საზღვრის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის გამო „ისტერიკაში გადავარდნა“ საჭირო არ არის.

ხუთშაბათს საღამოს ტელეკომპანია „კავკასიის“ თოქ-შოუში საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც დიპლომატიურ ფრონტზე იყო საჭირო, რათა ამ საკითხის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიეპყრო.

„მე უფრო ზომიერად ვეკიდები ამ საკითხს, რადგანაც მგონია, რომ გაუგებრობაა უფრო მეტი აქ, ვიდრე პოლიტიკა მართული ცენტრიდან, კრემლიდან; მე ასეთი ეჭვი მაქვს, თუმცა მტკიცებულებები ამისა არ გამაჩნია. დაველოდოთ მოვლენებს,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„სამწუხაროდ, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რისი უფლებაც და რისი საშუალებაც ჩვენ რუსებს 2008 წლის აგვისტოში მივეცით. რუსებმა მკაფიოდ იგრძნეს, რომ ქართულ-ოსური შერიგება დაიწყო და ამ ნაგებობებს და მავთულხლართებს სწორედ ოსების წინააღმდეგ აკეთებენ და არა ქართველების... ოსები 200-300 მეტრით კი არ შემოდიან, არამედ გორში, თბილისში ჩამოდიან. აქ ვაჭრობენ, მკურნალობენ და მათ ტოტალურად დაიწყეს ქართველებთან ურთიერთობა და ამის წინააღმდეგ არის რუსეთის ქმედება მიმართული,“ - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა

მინისტრის განცხადებით, სოფელ დიცის მიმდებარედ არანაირი საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა, არამედ რუსები იმ პოზიციებს იკანონებენ, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ 2008 წელს დაიპყრეს.

ზაქარეიშვილის განმარტებით, იქ არანაირი საზღვარი არ გადის, არამედ გამყოფი ხაზებია და იგივე 200-300 მეტრზეა საუბარი, სადაც გადასვლისთვის ქართველებს ისედაც აკავებდნენ, უბრალოდ, ახლა იქ მავთულხლართების გაბმა და საგუშაგოების მშენებლობა მიმდინარეობს.

„რუსებს უნდათ ემოციებში აგვიყოლიოს, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა. ჩვენი ამოცანაა სიმშვიდე შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა ღმერთს, სისხლი არ იღვრება. ჩვენ ადგილზე უნდა შევინარჩუნოთ მოსახლეობა. რუსეთი 300 მეტრით კი არა, კილომეტრებით არის შემოსული და თქვენ გინდათ, 200-300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსებს ომი?!“ - განაცხადა რეინტეგრაციის მინისტრმა. 

ზაქარეიშვილის აზრით, სურს საქართველო ჩართოს მოლაპარაკებებში იმის თაობაზე, თუ სად გადის საზღვარი. შეიძლება, შემდეგ 400-500 მეტრიც დათმონ, მაგრამ ამით მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას მოახდენენ. სახელმწიფო მინისტრი იმასაც აცხადებს, რომ საქართველომ მსოფლიოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა „მსოფლიო რუსეთის უხეში ძალის წინაშე უძლურია.“

 

რა შეუძლია საქართველოს? 

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით  ოფიციალურ  თბილისს  მხოლოდ  დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.

„ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯები, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთს გაეგზავნა ნოტა, რომელშიც მკაფიო და ძლიერი პროტესტია გამოთქმული.

„მოვთხოვეთ რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა. ასევე მოვთხოვეთ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულების პირობების შესრულება და გამოვხატეთ პროტესტი იმის გამო, რაც ხდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატსაც შეეხო:

„ეს არ გახლავთ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის თემა და ფორმატი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, წარმოუდგენელია, რომ ახლა რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და ღვინისა და კულტურის შესახებ საუბარი წყნარად გააგრძელონ,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

საჭიროა, პოზიტიურად აგრესიული საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ...

 

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ამჟამად კი „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS)  წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ყველაზე დიდი პრობლემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე მიმართ განსხვავებული აზრის ქონაა.

„ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯებს არამარტო 2008 წელს, უფრო ადრეც დგამდა. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რუსეთი იმ აგრესიულ ნაბიჯებს ერთი-ორი კონკრეტული პიროვნების გამო დგამდა და ახლა შეჩერდება. მას ასეთი ზრახვები 2008 წლამდეც ჰქონდა და მომავალშიც ექნება. მე ძალიან კარგად ვიცნობ რუსეთს და ისიც ვიცი, რომ ის ყოველთვის იმოქმედებს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.
მისივე თქმით, ახალი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ძველმა ზუსტად იცოდა, ასეთი ტიპის ქმედებებზე  როგორი  შეფასება უნდა მიეცა და რა რეაქცია უნდა ყოფილიყო, ანუ როგორი საჯარო გზავნილი უნდა გაგვეკეთებინა.

„აქ კი, გზავნილს ვინ ჩივის, თვითონ დამოკიდებულებაც უკიდურესად შემაშფოთებელია. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, თუკი სტრატეგიას შეიმუშავებენ - როგორ ქმედებებზე რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ. არასერიოზულია, როდესაც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის დროს ერთი მინისტრი გამოდის და ამბობს, ეს ყველაფერი სხვისი ბრალიაო; მეორე კი ამბობს, ეს პრობლემა არ არის, რადგან რუსები საბჭოთა კავშირის დროს არსებულ საზღვრებს სწევენ და ამაში სახიფათო არაფერიაო. სახიფათო კი არა, დამღუპველია,“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ მარტო არ ვართ და საქართველოს ტერიტორიულ  მთლიანობას მხარს დასავლელი პარტნიორები უჭერენ. 

„იმ პირობებში, როცა ჩვენი მხრიდან მიდის მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, შეიცვალა ოკუპაციის შესახებ კანონი, ვაკეთებთ დემონსტრირებას, რომ ვართ გახსნილები რუსებთან ურთიერთობაში, მათი მხრიდან ასეთი ნაბიჯი არალოგიკურია. თუ უნდათ, რომ საქართველო თავისი გავლენის სფეროში დააბრუნონ, წესით, პირიქით უნდა მოიქცნენ. მათ საქციელს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ მაინც ვერსად გავიქცევით, მათ იქით გზა არ გვაქვს, ამიტომ მოითხოვენ დათმობას ყველაფერში,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტის აზრით, როგორც ჩანს, კარასინი-აბაშიძის ფორმატში მიმდინარე დიალოგში დათმობა არ მოხდა და კეთდება დემონსტრაციული ნაბიჯები, რომ ჩვენ გვინდა თქვენგან ყველაფერი, თან რაც შეიძლება მალე. ალბათ, დიალოგის დროს ისინი რაღაც დათმობებს მოელიან, რომელიც ვერ მიიღეს.

„ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ დასავლელ პარტნიორებთან, რათა რუსეთს დავანახოთ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს დასავლეთი უჭერს. საჭიროა, ჩვენ პოზიტიურად აგრესიული საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ, რათა ყველას გავაგებინოთ, რა ხდება აქ. უნდა შევაწუხოთ ჩვენი მეგობრები, რათა რუსეთთან მარტო არ დავრჩეთ,“ - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია