დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაციები და საარჩევნო გარემო
2011/05/30 12:44:10

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს პროექტი

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,“ მისი მიზანია, საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საადვოკაციო კამპანიის ჩატარება და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.

 

ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების  და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის პიარმენეჯერი“: პროექტი ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES )და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო პარტნიორი ორგანიზაციები არიან: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა.“

პროექტი გულისხმობს საჯარო დებატების გამართვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც პარტნიორი ორგანიზაციები მოსახლეობას გააცნობენ მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, ასევე უპასუხებენ საზოგადოების შეკითხვებს. დებატების გამართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უშუალოდ მოსახლეობის აზრის გაგება საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკური პარტიები მუშაობენ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე, სწორედ ისინი არიან გადამწყვეტნი და ჩვენ ვთვლით, რომ პარალელურად ჩვენი რეკომენდაციები ძალიან კარგი იქნება ერთობლივი, საბოლოო და კარგი სისტემის მისაღებად.“

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით გაგრძელდა და, თემის სიმწვავიდან გამომდინარე მცირედი დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.

ავთანდილ ოსეფაიშვილი, ?59 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:  „ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრები ტარდება, რადგან ეს ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწასაც, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი უნდა აღინიშნოს, - რომ, ფაქტობრივად, ყოველთვის ისეთ სიტუაციებზეა ლაპარაკი, როდესაც გაუგებარი ხდება ხოლმე საკითხის მნიშვნელობა. ახლა, მაგალითად, რატომ შევაწყვეტინე ბატონ გიორგის გამოსვლა? ვთვლი, რომ აქ პოლიტიკური განცხადების გაკეთების დრო არ არის. უნდა იყოს საუბარი უშუალოდ იმ თემაზე, რისთვისაც საზოგადოება შეიკრიბა. აი, ახლა ლეიბორისტები გამოდიან და სხვა რაიმეზე. საუბრობენ, როდესაც რაიმე კეთდება, უნდა გაკეთდეს იმ მიზნით, რა მიზნითაც ვართ შეკრებილები. მე, მაგალითად, მომწონს ასეთი შეხვედრები იმიტომ, რომ ეს ძალიან ბევრ საფუძველს იძლევა, ქვეყანა ცდილობს, როგორმე საუკეთესო საარჩევნო გარემო შექმნას, რაც მისასალმებელია.“

მიხეილ კოტიშაძე, ახალი მემარჯვენეების ქუთაისის კომიტეტის წევრი: „ასეთი ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს, რადგან ადამიანების უმეტესობა არ არის გაცნობიერებული საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და საარჩევნო გარემოს. უნდა ვთქვა, რომ ეს შეხვედრები  კი არის საინტერესო, მაგრამ აქ, უმეტესად, ისეთი ხალხი ზის, რომლებიც ამ საკითხებში კვალიფიციურნი არიან და მათთვის მაინცადამაინც საჭირო არ არის, ამის ხელმეორედ ახსნა. სჯობს, ამ ორგანიზაციებმა შეხვედრები უბრალო ადამიანებთან გამართონ. თვითონ საარჩევნო კოდექსს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრი რამ არის შესაცვლელი და მე ვთვლი, რომ ის ცვლილებები, რომელიც პოლიტიკურ რვიანს აქვს მომზადებული, მისაღებია და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, სხვანაირად საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდება და ჩვენ დავრჩებით იგივე სისტემაში, რა სისტემაშიც ვართ.“

გოგიტა გოგშელიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ წევრი: „ის ცვლილებები, რომლებიც წარმოგვიდგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ერთიანობაში მისაღებია. ეს არის გამჭვირვალობის და ხარისხის ამმაღლებელი, რაც სჭირდება საარჩევნო გარემოს. დღესდღეობით ჩვენს საარჩევნო კოდექსში არსად არის ჩადებული, რომ მოხდეს თუნდაც ადმინისტრაციული რესურსის არ გამოყენება და შეფერხება ოდნავად მაინც. აი, ზუსტად ამისკენ არის მიმართული ეს რეკომენდაციები, რომლებიც წარმოგვიდგინეს ამ ორგანიზაციებმა. მე დავაყენე საკითხი, როდესაც არის არარსებული კორპუსები, მოქალაქეს, რომელსაც პირადობა აქვს  არარსებული მისამართით, - როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, თუკი არსებულ მისამართს ამოვიღებთ და მივცემთ იმ მისამართს, რომელიც არ გააჩნია... ეს გამოვა იგივე მცდარი მისამართი. არასწორ მისამართებად გამოყენებულია სავაჭრო ცენტრები, იგივე        „კეჩის“ ბაზრობა, სკოლები, მაღაზიები და, ჩემი გადაანგარიშებით, ეს რიცხვი მიდის 9500-მდე.

აუცილებლად უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამჭვირვალობა, ყველაფერი უნდა მოხდეს კვალიფიციურად და არ უნდა იყოს შერჩევითობის პრინციპით, როგორც ხდება საარჩევნო კომისის შერჩევის დროს. ხელისუფლება თავის კანდიდატებს, ნიშნავს როგორც კომისიის თავმჯდომარედ, ასევე - საუბნო კომისიებში, რომლებიც მთლიანად, თავიდან ბოლომდე მმართველი გუნდის კონტროლის ქვეშ იმყოფება, ასევე, სახელისუფლებო რესურსის გამოყენებისას ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გონივრულობა, თუ მას სურს, რომ მიიღოს დემოკრატიული არჩევნები. როდესაც ამბობენ, რომ გვაქვს კარგი გზები, განათება, ჩვენ ამის ხარჯზე მივიღეთ იგნორირებული და არადემოკრატიული საარჩევნო გარემო და, იმედია, ამ რეკომენდაციებს მიიღებენ  მხედველობაში. მითუმეტეს, რომ დასავლეთი ერთპიროვნულად მიუთითებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ყველაზე მთავარი არის არჩევნების ბიომეტრიზაცია, რომელზეც ხელისუფლება ჯერ არ მოდის, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, კარგავს ყველა ბერკეტს - ამ მეთოდით გამორიცხულია ხმის მრავალჯერადად მიცემა, რაც ხდება ხოლმე. ხელისუფლება აპირებს, ექსპერიმენტის სახით ეს გააკეთოს მხოლოდ და მხოლოდ თბილისში და ამის შემდეგ გადაიტანოს სხვა ქალაქებში. იმის თქმა, რომ ურესურსობის გამო ვერ ხერხდება ამ მეთოდის დანერგვა, არის ყურით მოთრეული მიზეზი, რადგან ჩვენზე ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა ზუსტად სამ თვეში მოახერხეს ამის დანერგვა თავიანთ სახელმწიფოში და გახადეს არჩევნები გამჭვირვალე.“

არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტის წარდგენა საქართველოს 20 ქალაქში გაიმართება. დასასრულს ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა რეგიონში მიღებული ინფორმაციის ანალიზი მომზადდება. ანალიზის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მოსაზრებები, საკანონმდებლო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან ერთად, კი საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს წარედგინება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია