დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
NDI–ის კვლევა: საზოგადოების განწყობა საქართველოში
2013/04/16 01:37:18
15 აპრილს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მისი დაკვეთით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მეორე კვლევის ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც რიგ მიმდინარე და პოლიტიკურ მოვლენებზე საზოგადოების განწყობას ასახავს.

გამოკითხვა ასევე მოიცავს პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკური ფიგურების რეიტინგებს, რომლის გამოქვეყნებასაც NDI-ი ერთ კვირაში, 22 აპრილს გეგმავს.

კვლევა 13- 27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3 103 პირისპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა  და მისი ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ს შეადგენს. NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.

ნოემბრის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, რესპოდენტების განწყობა ქვეყნის განვითარების მიმართულებისა და დემოკრატიის მიმართ სტატისტიკურად უცვლელია. კითხვაზე არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, რესპოდენტთა 43% (ნოემბერში 41%) დადებითად პასუხობს, ხოლო 38% (ნოემბერში 40%) - უარყოფითად.

გამოკითხულთა 58%, ნოემბრის მონაცემების ანალოგიურად, ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 8%-ს (ნოემბერში 11%) საწინააღმდეგო პოზიცია აქვს.

რესპოდენტების 81%-ის აზრით, მათი მდგომარეობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა, 10% გაუმჯობესებას აღნიშნავს, ხოლო 8% აცხადებს, რომ უარესად გრძნობს თავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალში 61%-ით (ნოემბერი 56%) კვლავ სამუშაო ადგილები ლიდერობს, შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა 34%-ით (ნოემბერი 29%) და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა 32%-ით (ნოემბერი 35%).

გამოკითხულთა უმეტესობა, 71% აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს; 18% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 10%-მა არ იცის რა უპასუხოს ამ შეკითხვას.

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, ის მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებდა, ჯამში 22% პასუხობს, რომ სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება ამ აზრს, ხოლო 51% აცხადებს, რომ ნაწილობრივ ან საერთოდ არ ეთანხმება; კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26%-ს.  

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს შორის რესპოდენტებმა ყველაზე მაღალი  - 96%-იანი ცნობადობა გამოავლინეს ამნისტიის აქტის შედეგად ციხეებიდან პატიმრების გათავისუფლების პროცესის მიმართ. უმეტესობა, 49% აცხადებს, რომ 8000-ზე მეტი პატიმრის გათავისუფლება მისაღებია, ხოლო 37%-ისთვის მიუღებელია.

ამასთან, 37% მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანმა ამნისტიამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე, რადგან უმეტესობით აზრით, ეს დანაშაულის დონის ზრდას გამოიწვევს;  რესპოდენტთა 24% კი თვლის, რომ ამ პროცესს დადებითი შედეგი მოჰყვება, რადგან პატიმრების გათავისუფლება, მათი აზრით, უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას (26%), ისინი ან უდანაშაულოები (26%), წამების მსხვერპლნი (21%) ანდა უსამართლოდ გასამართლებულები (19%) იყვნენ;  გამოკითხულთა 23%-ის აზრით, ამნისტიას არანაირი გავლენა არ ექნება, ხოლო 15%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის თანახმად, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ცნობადობა აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან  დაკავშირებულ თემატიკას. რესპოდენტთა 54% ეთანხმება კონსტიტუციაში მარტში შეტანილცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოცვალოს; 48% მომხრეა კონსტიტუციაში იმ ცვლილების მიღების, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას გულისხმობს და რომლის განხილვაც პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.

ამასთან, გამოკითხულთა 88% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უნდა იქნეს არჩეული, 8% კი თვლის, რომ პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ამ საკითხზე ოფიციალური ინიციატივა არ ყოფილა წამოყენებული, მისი განხილვა იდეის დონეზე მიმდინარეობდა და შეჩერდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა.  

პროდასავლური კურსის კონსტიტუციაში ასახვაზე ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას მხარს გამოკითხულთა 33% უჭერს, 22% წინააღმდეგია და 42%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.

ნოემბერთან შედარებით, სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში კვლავ მაღალი რჩება იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას  - 73% (ნოემბერში 71%) და ევროკავშირში წევრობას  - 76% (ნოემბერში 77%).

რესპონდენტების უმეტესობას კვლავაც არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ნოემბერთან შედარებით, ამ განწყობებში სერიოზული ცვლილებები შეინიშნება.

მარტის კვლევის თანახმად, საგრძნობლად არის გაზრდილი 38%-მდე, ნოემბერში არსებული 12%-დან, რესპოდენტთა ის რაოდენობა, რომელიც აცხადებს, რომ „მოსწონს“ ეს ურთიერთობები, ხოლო ნოემბერში დაფიქსირებული 79%-დან ასევე მკვეთრად არის შემცირებული 49%-მდე რუსეთთან ურთიერთობებით უკმაყოფილოთა რიცხვი.

გამოკითხულთა 84% დადებითად აფასებს ხელისუფლების მცდელობას რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების თაობაზე, ასევე 78%-ისთვის (ნოემბერში 68%) მისაღებია რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა; 63% კი მიესალმება იდეას აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

ამასთან, ნოემბრის კვლევასთან შედარებით 40%-დან 48%-მდე გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებული ჰგონია; სტატისტუკურად უცვლელია და 27%-ს შეადგენს გამოკითხულთა ის ოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს; 19% ფიქრობს, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს - ეს მაჩვენებლი ნოემბერში 22%-ს შეადგენდა.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, სატელევიზიო რეიტინგებში ტელეკომპანია „იმედი“ ლიდერობს 87%-ით, ხოლო მეორე ადგილზეა „რუსთავი 2“ 84%-ით; შემდეგ მოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი  - 52%; მეცხრე არხი და მაესტრო 40-40%-ით. ამ ტელევიზიებს შორის, კვლევის თანახმად, ყველაზე დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკით „იმედი“ გამოირჩევა.

კვლევის თანახმად ტელევიზია 90%-ით კვლავ ინფორმაციის მიღების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს, შემდეგ მოდის ინტერნეტი 4%-ით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია