დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვილნიუსის სამიტზე რაიმე საოცრებას არ უნდა ველოდოთ...
2013/03/25 12:08:07

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა, ჟურნალისტებს  2012 წლის ანგარიში და რეკომენდაციები წარუდგინა. ანგარიშში  დადებითადაა შეფასებული კორუფციასთან და დანაშაულთან ბრძოლის  კუთხით გატარებული ღონისძიებები, ასევე - პოლიტიკური დიალოგის  არსებობა და საკონსტიტუციო ცვლილებები.

 

 

ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდა. ევროკავშირი საქართველოს რეკომენდაციებსაც აძლევს, რომლის მიხედვითაც  საქართველომ, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება; უზრუნველყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი სისხლის სამართლებრივი დევნა და თავიდან აიცილოს ყოველგვარი აღქმა იმისა, რომ შერჩევითი სამართალი ხორციელდება; გაზარდოს სამართალდამცავი სტრუქტურების  ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის ხარისხი; გაააქტიუროს სეპარატისტული რეგიონების მიმართ  ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება და სხვა.

ევროკავშირი, ასევე, საქართველოს  რეკომენდაციით მიმართავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანოს.

„...სასურველია, რომ საქართველომ გაააქტიუროს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება... პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები გადაიდგას, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის, გადაადგილების და ინვესტირების წახალისების მიზნით ცვლილებები შეიტანოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, „ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ საერთაშორისო დოკუმენტებიდან ამოღებული იყოს.“ ამის შესახებ ცისკარიშვილმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა შეხვედრაზე გააჟღერა, რომ ევროკავშირს აქვს სურვილი, ტერმინი „ოკუპაცია“ ხმარებიდან ამოვიღოთ, ასევე ცვლილებები იყოს შეტანილი კანონში „ოკუპაციის შესახებ.“ ექსპერტის თქმით, „ვილნიუსის სამიტზე არ იქნება განხილული არცერთი დოკუმენტი, რომელიც სიტყვა „ოკუპაციას“ შეიცავს.“

„ჩემი ინფორმაციით, თუ ასეთი სიტყვა იქნება გამოყენებული, ამ სამიტზე რაიმე შედეგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს,“ - განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ეს იქნება მოწოდება, ოღონდ ძალიან დაბეჯითებითი, რომელსაც შიდა სამზარეულოში ულტიმატუმიც შეიძლება ვუწოდოთ. 

რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, რომელსაც ხშირად ახსენებს ხოლმე მიხეილ სააკაშვილი, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პოლიტიკა ვილნიუსის სამიტზე მნიშვნელოვან შანსს გვაკარგვინებს, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, „საქართველო ვილნიუსის სამიტზე რაიმე საოცრების მოლოდინში არ უნდა იყოს.“

„ვილნიუსის სამიტზე რაიმე საოცრებას არ უნდა ველოდოთ. იქ იქნება საშუალება, გაკეთდეს შედარებები, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში 4 წლის განმავლობაში, რა პრობლემები არსებობს ახლა და თავისთავად იქნება აღნიშნული პროგრესი, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნების, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ წარმატებული არიან, დადებითი შეფასება ხდება,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 

ევროკავშირის ანგარიშში საუბარია ამნისტიის შესახებ კანონზეც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიღო და რომელიც არაერთხელ გამხდარა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კრიტიკის საგანი. ევროკავშირის შეფასებით, ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას არაერთი დარღვევა გამოვლინდა.

„პარლამენტმა პროცესში არ ჩართო სასამართლო ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ობიექტური კრიტერიუმებისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად უნდა განესაზღვრა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები. ამასთან, ამნისტიის შესახებ კანონს არ გაუვლია წინასწარი კონსულტაცია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოთხოვნილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზრი.

ვენეციის კომისიის აზრით, ამნისტიის შესახებ კანონი კანონის უზენაესობის რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს არღვევს, კერძოდ, კანონიერებას (გამჭვირვალობის ჩათვლით), კანონის პირადი შეხედულებით გამოყენების აკრძალვას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და კანონის წინაშე თანასწორობას,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს მთავრობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის ანგარიშს მიესალმება.

„ანგარიშში ხაზგასმულია ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს და ევროკავშირს შორის, ფართომასშტაბიანი რეფორმები და ძალისხმევა, მიმართული დაძაბულობის განმუხტვაზე კავკასიის რეგიონში. ანგარიშში აღიარებულია, რომ საქართველომ  გაითვალისწინა კომისიის 2012 წლის ძირითადი რეკომენდაციების უმრავლესობა და ხაზგასმულია „მნიშვნელოვანი წინსვლა“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია