დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა
2013/03/17 15:56:47

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში  ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა და  ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში 50-მდე შეხვედრა გაიმართა აშშ-კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, პენატაგონში და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებში.

დავით უსუფაშვილის შეფასებით აშშ-ში ვიზიტი სასარგებლო, საინტერესო და დროული იყო.  ,,ჩვენს პარტნიორებს მართლაც ძალიან აინტერესებდათ  კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გარკვეულიყვნენ საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსში, ეს იქნება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულება თუ საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები. შევხვდით პრაქტიკულად ყველას, ვინც საქართველოზე მუშაობს. ამ შეხვედრების განმავლობაში მე ვიგრძენი სრულიად ცალსახა მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი, ანუ ახალი  ხელისუფლებისადმი“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, იმ კონგრესმენებთან შეხვედრებმაც კი, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს სახელმწიფო მდივანის, ჯონ კერისადმი მიმართვას, რომ სიფრთხილე გამოეჩინა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში,  ყველაზე უკეთ ჩაიარა.  ,,მათ მთხოვეს, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მათი სურვილი არის ერთადერთი - ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე ძალიან მტკიცე პოზიცია დაიკავოს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის დემოკრატიის სტანდარტებში“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  შეხვედრების დროს ყველა შეთანხმადა იმ პოზიციაზე, რომ  2003-2004 წლებში დიდი შეცდომა იყო დაშვებული,  როდესაც ბევრმა ჩათვალა, რომ ხელისუფლებაში კარგი და სწორი ადამიანები მოვიდნენ და კონტროლი საჭირო აღარ იყო. ,,ამის გამო შემცირდა დახმარება სამოქალაქო  საზოგადოებისთვის და თავისუფალი მედიისთვის.  ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ აღარ გავიმეოროთ ასეთი შეცდომა. ქვეყანას სჭირდება ძლიერი მთავრობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია. ამ ყველაფერში ჩვენ ერთდოულად გვჭირდება დახმარება და ეს უნდა გაგრძელდეს“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 პარლამენტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი უწოდა კონგრესში, სენატორ ჯონ მაკკეინთან გამართულ შეხვედრას,  რომელიც დაგეგმილზე  ორჯერ  მეტ ხანს გაგრძელდა.  ,,ეს იყო ძალიან კეთილგანწყობილი საქმიანი საუბარი, მათ შორის იმაზეც, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი კოჰაბიტაციის პროცესის სწორად და ნორმალურად დასასრულებლად. სენატორი მაკკეინი, როგორც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს საქართველოს და  სწორი რჩევები მისცეს თავის ძველ მეგობრებს და ითანამშრომლოს ახალ მეგობრებთან ახალი ხელისუფლების სახით“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, სენატორთან შეხვედრაზე საუბარი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც გაიმართა და სენატორი ამ თემით პოზიტიურად დაინტერესდა. ,,საუბარი იყო ახალი მთავრობის მცდელობაზე, რომ გარკვეული მიმართულებებით ყინული გალღვეს. მას არ ჰქონია არც ერთი კრიტიკული შენიშვნა. ის თვლის, რომ სავაჭრო ურთიერთობები აუცილებელია. აშშ-ს რუსეთთან აქვს სავაჭრო ურთიერთობები და რატომ არ უნდა ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობა  საქართველოს რუსეთთან. ის პრობლემა, რაც საქართველოს აქვს რუსეთთან, ეს არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა, ეს არის მთელი დემოკრატიული საზოგადოების პრობლემა.   ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა დემოკრატიული სამყარო და ეს მოქცევა ნიშნავს მოქნილობას და შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებს“,-აღნიშნა დავით უსუფავილმა. მისივე თქმით, ჯონ მაკკეინს არ გამოუხატავს უარყოფითი რეაქცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებსთან დაკავშირებით - მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიადაში. ,,როდესაც მე ვუთხარი, რომ ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველო აპირებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას, ველოდი ცოტა უარყოფით რეაქციას, მაგრამ არანაირი უარყოფითი რეაქცია მას არ ჰქონია და როდესაც მოტივაციაც ავუხსენი, მითხრა რომ გადაწყვეტილება სწორია. თუ დანარჩენი დემოკრატიული სამყარო ოლიმპიადაში მონაწილეობს, მაშინ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს უარს გარდა იმისა, რომ შედეგად ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში ავღმოჩნდეთ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში საქართველომ ისეთი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომლის დროსაც  საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ჩვენი ქვეყნის გვერდით იქნებიან, კონტექსტიდან ამოვარდნა კი ქვეყანას  კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ვიზიტის დროს გამოიკვეთა სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამრომლობის პერსპექტივები და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თბილისში დაბრუნების შემდეგ   შეხვედრებს გამართავს როგორც აღმასრულებელი, ასევე საკონონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ,,მე დაბრუნებისთანავე მექნება საუბარი მთავრობის რამდენიმე  წევრთან, რომელი მიმართულებითაც განსაკუთრებით საინტერესო პერსპექტივები გამოიკვეთა. ეს არის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროები.  მექნება საუბრები პარლამენტის სათანადო კომიტეტებთან, იმიტომ რომ შევთახმდით საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესის პირდაპირ ურთიერთობებზე პარლამენტის წევრების, ექსპერტებისა და თანამშრომლების დონეზეც“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია