დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა
2013/03/17 15:50:36

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა  აშშ-ში ვიზიტის ბოლო დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები  გამართა  კონგრესში, ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში  და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების (USAID) სააგენტოში.

დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესში სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის  წევრის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი  კეთილგანწყობა საქართველოსადმი და ის, რომ იგი მხარში დაუდგება საქართველოს ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რაც კი შეიძლება მას  საერთაშორისო ასპარეზზე ჰქონდეს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრები გამართა ასევე კონგრესმენებთან: ჰოვარდ მაკკეონთან, ჯეფ მილერთან,  ტომ მარინოსთან, კეი გრეინჯერთან,  სტივ სტოკმანთან,  მარიო  დიას ბალარტთან, ჯიმ მაკდერმოტთან და სენატორ ტედ კორჩენთან,

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოს ეწვია, რომელიც უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე მუშაობს. დავით უსუფაშვილი ატლანტიკური საბჭოს  აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა  მომავალი თანამშრომლობა იყო.  ,,საუბარი გვქონდა იმაზეც, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. მაგალითად, როდესაც საქართველოს შესახებ მათი ერთ-ერთი ბოლო ანგარიში ვნახე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მეტი ინფორმაცია უკეთესი იქნებოდა დასკვნების გამოსატანად. ჩვენ შევთანხდით, რომ  როდესაც  მკვლევარი  საქართველოში ჩამოვა, ის აუცილებლად  ყველა მხარეს შეხვდება და ასეთი ანგარიშები  უფრო მაღალი ხარისიხის იქნება. გარდა ამისა, თანამშრომლობის სხვა, კიდევ უფრო საინტერესო  გეგმებზეც ვისაუბრეთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე USAID-ის ხელმძღვანელს,  რაჯივ შაჰს შეხვდა.

ვაშინგტონში, დავით უსუფაშვილი ,,ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროს ეწვია და ბიუროს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. ტელეინტერვიუს ნახვის საშუალება საქართველოს მოსახლეობას 17 მარტს, საზოგადოებრივ არხზე ექნება.

საპარლამენტო დელეგაციის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის  წევრის,  ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი ოფიციალური ვიზიტი  ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელა.  ,,ეს კიდევ ერთხელ  ხაზს უსვამს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ს მთავრობა, როგორც აღმარულებელი, ასევე საკანონმდებლო ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს საქართველოს, როგორც მის სტრატეგიულ პარტნიორს  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებშიც და იმ  რეფორმებშიც, რომელიც  საქართველოს ხელისუფლებას და ახალ მთავრობას დაგეგმილი აქვს“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ვიზიტის ფაგრლებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შეხვედრები   სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა,  სადაც საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოვებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ახალი ელემენტების მოძიების შესაძლებლობებზე გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის  პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დღეს დასრულდა.    პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონს ხუთდღიანი ვიზიტით 11 მარტს ეწვია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია