დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილმა "ევროპის სახალხო პარტიას" ღია წერილით მიმართა
2013/03/14 22:10:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ევროპის სახალხო პარტიას" ღია წერილით მიმართა, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: 

"ევროპული ღირებულებები _ პიროვნების სთავისუფლება, სხვისი ღირსების პატივისცემა, სახელმწიფოს მართვაში თანამონაწილეობა, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, უმცირესობის ინტერესების დაცვა _ ქართველი ხალხის დასავლეთისაკენს წრაფვის მიზეზია. სწორედ ამგვარი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის მანდატი  მიანიჭა საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის არჩევებში პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას". 
ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მადლიერია დასავლეთის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, არსებობს კითხვები, პოლიტიკური ძალების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მიესალმებოდნენ ძალადობაზე, ღირსების შელახვაზე, დამცირებაზე, სიღატაკესა და უიმედობაზე დამყარებულ ფასადურ დემოკრატიას და დღეს მწვავედ აკრიტიკებენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომელიც არა ფასადის შელამაზების, არამედ რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას ადგას. 
მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო ევროპის სახალხო პარტიის, როგორც ევროპის ყველაზე დიდი, გავლენიანი და წარმატებული პოლიტიკური ძალის მიმართ. ჩემი პატივისცემა, ბუნებრივია, ვრცელდება მის კონკრეტულ წევრებზე, ვისთან შეხვედრის შესაძლებლობაც უკვე მომეცა, მაგრამ კითხვები, რომელზეც ზევით იყო საუბარი, პასუხს მოითხოვს. სწორედ "სახალხო პარტიის" პოპულარობისა და სიძლიერის გათვალისწინებით, განსაკუთრებულია მისი პასუხისმგებლობაც ევროკავშირის სამეზობლოში მყოფი იმ ქვეყნების მიმართ, ვინც დიდი იმედით და მოლოდინით შევყურებთ ჩვენი და ევროკავშირის დაახლოებას, ბარიერების დაძლევას და საბოლოოდ, დიდი ევროპული ოჯახის წევრობას. სწორედ ამ როლის და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო იმ ფაქტებსა და მოვლენებზე, რომელიც ბევრისთვის შეიძლება არც იყოს ცნობილი. 
2004 წლის დასაწყისში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გამარჯვებულმა ძალამ – "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", სრულად მოირგო კონსტიტუცია და მოშალა ხელისუფლების შტოთა ბალანსი. კონსტიტუციის ნაციონალური რედაქციით იმდენად გააძლიერა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ ფორმალობად იქცა პარლამენტიც და სასამართლოც (შეფასებისათვის იხილეთ ვენეციის კომისიის 2004 წლის დასკვნა). რამდენად მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს, პრეზიდენტმა კონსტიტუციური დიქტატორის როლი მოირგო, რაც ყველაზე კარგად იმ დებულებებში ჩანს, რომელიც მას აძლევს უფლებას, ერთპიროვნულად და უვადოდ, პარლამენტის თანხმობის გარეშე, დანიშნოს მთავრობა. ერთ ადამიანზე კონსტიტუციის ასე მორგებამ ქვეყანას მოუტანა ავტორიტარიზმი და ერთი პოლიტიკური ძალის აბსოლუტური მონოპოლია _ პარლამენტზე, სასამართლოზე, ხელისუფლება უხეშად ერეოდა მედიის საქმიანობაში, იყო მონოპოლისტი ბიზნესში და სხვა.
იქნებ თქვენგან, დიდი გამოცდილების  მქონე  პოლიტიკოსებისგან  მაინც მივიღოთ პასუხი, ნორმალურად და დემოკრატიასთან თავსებადად მიგაჩნიათ თუ არა პრეზიდენტი მთავრობას ნიშნავდეს ისე, რომ პარლამენტს არაფერი ეკითხებოდეს? იცით კიდევ ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსგავსი სისტემა მოქმედებს? და თუ ამ ორ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაქვთ, ნორმალურად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ იდეის ავტორი და დამცველი პოლიტიკური გაერთიანება თქვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია? 
სააკაშვილი ხშირად აცხადებს, რომ არ გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ აბსოლუტურ ძალაუფლებას, თუმცა, მმართველობის 9 წლის მანძილზე არასოდეს უთქვამს უარი, უფრო მეტიც, ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის რეგულარულად ცვლიდა კონსტიტუციას. საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითიც საკმარისია:
1. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 8 წლის მანძილზე, საქართველოს კონსტიტუცია 25-ჯერ შეიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი ცვლილება საშუალებას აძლევს 5-წლიანი ვადით არჩეულ პრეზიდენტს პოზიციაზე 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის 5-წლიანი ვადა 2013 წლის იანვარში გავიდა, ახალი პრეზიდენტი ქვეყანას მხოლოდ 2013 წლის ბოლოს ეყოლება; 
2. გემახსოვრებათ, 2011 წელს, ჩემს მიერ პოლიტიკური განაცხადის გაკეთებიდან მე-4 დღეს პრეზიდენტმა მოქალაქეობა წამართვა. ამგვარმა ქმედებამ მძაფრი საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია, და სწრაფად შეფასდა, როგორც პოლიტიკური ბრძოლიდან მთავარი კონკურენტის ჩამოშორების მცდელობა. პრეზიდენტისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა შეცდომის აღიარება, მან ასევე უფლება არ მისცა მორჩილ სასამართლოს, კანონიერი გადაწყვეტილება მიეღო, ვინაიდან მსგავსი გადაწყვეტილება, მისთვის ძალაუფლების შერყევის ტოლფასი ჩანდა, და სწორედ ამიტომ მრავალჯერ გამოყენებული ყველაზე "ადვილი" გზა მოძებნა და პარლამენტს კონსტიტუცია შეაცვლევინა. ხოლო ცვლილება აბსურდული, დაუსაბუთებელი და მთლიანად ერთი კაცის, პრეზიდენტის, ინტერესებზე იყო მორგებული. სამწუხაროდ, მისთვის პარლამენტსა და კონსტიტუციაზე მორიგი ძალადობა უფრო მომხიბვლელი და შესაძლებელი აღმოჩნდა ვიდრე უკომპრომისო, კანონსა და კონსტიტუციაზე მოძალადე ლიდერის იმიჯის დათმობა. რა მივიღეთ სანაცვლოდ? კიდევ ერთხელ შებღალული პარლამენტარიზმის იდეა, სრულიად ანომალიური კონსტიტუციური ნორმა, რომლის მიხედვით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის, მათ შორის პარლამენტის წევრის, დაკავების უფლება მიეცა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც 5 წელი ცხოვრობდა საქართველოში. შესაბამისად, მე, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს ისე მომეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მე, დღეს როგორც ფრანგი ისე ვასრულებ პრემიერ მინისტრის ფუნქციას, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში დავკარგავ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ამგვარ "შესაშურ" დემოკრატიას, ჯერ თავად ევროპის ქვეყნებმაც ვერ მიაღწიეს. ამასობაში, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკომპრომისო ლიდერია, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად ძალადობის ნებისმიერ ფორმას გამოიყენებს;
3. მანიპულაციის და პარლამენტის მორჩილების კიდევ ერთი დასტური, 2011 წელს საბანკო სფეროში ხელოვნურად შექმნილი ქაოსი და ძალადობაა. 2011 წლის ნოემბერში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც აბსოლუტურად შეარყია საქართველოს საბანკო სექტორი. კანონის მიღებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, ჩემი ოჯახის კუთვნილი "ქართუბანკის" გაკოტრება და განადგურება. ამასთანავე, ცხადია, ბანკების ხელოვნურად გაკოტრების კანონის დატოვების უფლებას საერთაშორისო საზოგადოება მას არ მისცემდა და სწორედ ამიტომ დასაწყისშივე, ყველა დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი იყო მისი მოქმედების დროც და ზემოქმედების სუბიექტიც. ერთად ერთი ბანკი, რომლის წინააღმდეგაც აღნიშნული ცვლილებები გამოიყენეს,  ბანკი "ქართუ" იყო. ხუთი თვის შემდეგ ცვლილებები გაუქმდა და კანონის ძველი რედაქცია ისევე ახსნა-განმარტებების გარეშე აღადგინეს, როგორც მიიღეს და ერთადერთმა დაზარალებულმა 190 მილიონიანი ზარალი დაითვალა.
მართლმსაჯულება
რამდენიმე სიტყვით აუცილებლად სასამართლოს უნდა შევეხოთ, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა ქართული სახელმწიფოს ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. წლების მანძილზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშები ქართული სასამართლოს მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას იუწყებოდა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი 2011 წლის ანგარიშში მკაცრად აკრიტიკებდა სასამართლოში მსჯავრდების სტანდარტებს. შემაძრწუნებელი იყო სტატისტიკა. გამამტყუნებელი განაჩენების გარდა, რომელიც 99%-ს აჭარბებდა, აღიარებითი ჩვენებების და საპროცესო გარიგებების რიცხვი 90%-ს უახლოვდებოდა.
2010 წლის მონაცემებით პატიმრების რიცხვმა 24000-ს გადააჭარბა, რაც ევროპაში რეკორდული მაჩვენებელია. დამატებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანას 200 ათასზე მეტი პრობაციონერი ჰყავდა. ამგვარი სტატისტიკა საშუალებას გვაძლევს თავისუფლად ვამტკიცოთ, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა ოჯახს ერთი მსჯავრდებული მაინც ყავდა. 
გასული ექვსი წლის განმავლობაში ციხეში 653 პატიმარი გარდაიცვალა. სისტემური წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები კი მთელმა მსოფლიომ იხილა.
მართლმსაჯულებაში დაბუდებულ პრობლემებს ყველაზე კარგად აღწერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ახალგაზრდა ბანკირის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების ბრძანებით წამებით მოკლეს ("გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ"). გადაწყვეტილებაში ნათქვამია: "სასამართლო შეძრულია იმით, რომ სახელმწიფო ძალაუფლების სხვადასხვა შტოები – მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, შიდა სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი – შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო".
მედია
24 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მედიის თავისუფლების რეზოლუციაში საქართველოზე რამდენიმე შემაშფოთებელ ტენდენციაზე მიუთითა. აქვე მინდა გითხრათ,  რომ არც ერთი ბრალდება ფაქტებს და სიმართლეს არ ეფუძნება, ხოლო დემონსტრირებისათვის საუკეთესოა დამაგვირგვინებელი წინადადება, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს კერძო მაუწყებელში მესაკუთრის შეცვლის გამო. ალბათ გსმენიათ 2007 წელს დარბეული "ტელეიმედის", ნაცემი ჟურნალისტების, განადგურებული აპარატურის და წართმეული ქონების შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ხელში აღმოჩნდა. სწორედ ეს დარბეული და წართმეული ტელე იმედი დაუბრუნდა მის რეალურ მესაკუთრეს 2012 წლის ოქტომბერის არჩევნების შემდეგ, რაც მედიის თავისუფლებით დაინტერესებული ადამიანებისა და ჯგუფებისათვის მხოლოდ სამართლიანობის აღდგენისა და წართმეული საკუთრების უფლების დაბრუნების მისასალმებელი ფაქტია. ამ რეზოლუციის საქართველოს ყოველი სხვა წინადადება ასეთივე სიცრუეა და ვისურვებდით, მომავალში მსგავსი ტექსტის მხარდაჭერამდე, უკეთ შეისწავლოთ ვითარება, რომ ქვეყნის ინტერესები მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო არ შეილახოს, ხოლო თავად უზერხულ მდგომრეობაში არ აღმოჩნდეთ სიმართლის გარკვევის შემდეგ.
მეტად უცნაურია, რატომ აყოვნებდა წლების განმავლობაში კრიტიკა, როდესაც საქართველოში სამი ძირითადი მაუწყებელი, საზოგადოებრივის ჩათვლით, "ნაცმოძრაობის" პროპაგანდის ნაწილად იყო ქცეული. იმედს გამოვთქვამთ, თქვენს ყურადღებას ამჯერად მაინც მიიპყრობს 2004-2007 წლებში ქართულ მედია ბაზარზე განვითარებული მოვლენები და შეფასებები არ დააყოვნებს.
არჩევნები
საინტერესოა წინასაარჩევნო გარემოც, რაც წინ უსწრებდა ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარებას? 150-მდე ჩვენი მხარდამჭერის უკანონოდ დაპატიმრება; ჩვენი კოალიციის 60 შემომწირველისთვის ქონების დაყადაღება და სახლებიდან საჯაროდ, სამაგალითო გამოყრა; ასობით ჩვენი წევრის და აქტივისტის შეურაცხყოფა; სასამართლოს მიერ შეფარდებული ასეულობით მილიონი ჯარიმა; კოალიციის პარტიების ანგარიშების გაყინვა და პოლიტიკური აქტიურობის საშუალების მოსპობა, რის გამოც ჩვენი საარჩევნო კამპანია კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის 20 პროცენტითაც კი ვერ დაფინანსდა; ჩვენი მხარდამჭერების დევნა, დაშანტაჟება და სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივაციით გათავისუფლება; სრულიად უთანასწორო საარჩევნო გარემო; სარეკლამო კამპანიის წარმოების ეფექტური აკრძალვა, როდესაც მთელი ქვეყანა, საბჭოთა წარსულის მსგავსად ერთი პარტიის სარეკლამო მასალით იყო გადავსებული; მმართველი გუნდის მიერ საბიუჯეტო რესურსის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის: 21 000-ზე მეტი პარტიის აქტივისტის უკანონო და ფიქტიური დასაქმება სახელმწიფო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებში; არჩევნების დღეს სპეცრაზმის შეჭრა საარჩევნო უბნებზე და ოქმების გადაკეთება. ამ ჩამონათვალის გაგრძლება კიდევ შეიძლება, თუმცა სრული და დასაბუთებული ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის, ანგარიშებიდან უფრო დამაჯერებლად იკითხება.
საინტერესოა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება აღფრთოვანებულია სააკაშვილის მიერ ძალაუფლების ნებაყოფლობით გადაბარებით, იშვიათად არის საუბარი იმაზე, ქონდა თუ არა მას სხვა არჩევანი დატოვებული ამომრჩევლის მიერ? 
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა ღიად და უკომპრომისოდ გამოხატა. ერთის მხრივ, 28 სექტემბერს ნაცმოძრაობის გრანდიოზულ შეკრებაზე თბილისის ფეხბურთის მთავარ სტადიონზე, რომელიც 80 ათას ადამიანს იტევს, გამოცხადებული შეკრება სამჯერ გადაიდო სასურველი რაოდენობის მხარდამჭერების მობილიზების შეუძლებლობის გამო, და ბოლოს მთელი საქართველოდან 50 000 ადამიანი იძულებით შეკრიბეს, ხოლო მეორეს მხრივ, 29 სექტემბერს, ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, დედაქალაქის ყველაზე დიდ მოედანზე, სადაც ნახევარი მილიონი თბილისელი დაშინების, დაჯარიმების, სახლებიდან გამოყრის, დაპატიმრებისა და სამსახურის დაკარგვის მუქარის მიუხედავად, თავისუფლების უპრეცედენტო ზეიმს მართავდა. 
ეს ორი ღონისძიება ზუსტად ასახავდა იმ მომენტისათვის საზოგადოების განწყობას, არა მხოლოდ ამათუიმ პოლიტიკური ძალის პოპულარობაში დასარწმუნებლად, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად, მოსახლეობის მზადყოფნას საკუთარი ხმებისა და არჩევნების დაცვისათვის. სწორედ 29 სექტემბერს, დედაქალაქში ნახევარი მილიონი თბილისელის ღია და მკვეთრმა განაცხადა აიძულა სააკაშვილი ხელისუფლება "ნებაყოფლობით" გადაებარებინა.
კორუფცია
საინტერესოა, კორუფციის და საბიუჯეტო რესურსების გაფლანგვის კუთხით რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. მხოლოდ რამდენიმე მაგალითით შემოვიფარგლები. ამასთანავე, გთხოვთ გვიპასუხოთ თუ იცით სხვა დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ხოლო მისი ხელისუფლება მსგავსი ფუფუნების უფლებას აძლევს საკუთარ თავს:
- პრეზიდენტს ემსახურებოდა 3 500-კაციანი დაცვის სამსახური; აქვს 8 მოქმედი რეზიდენცია; ჰყავს 2 თვითმფრინავი; 2 ვერტმფრენი და დამატებით კიდევ 80 მილიონად ღირებული, 3 ვერტმფრენი ჰქონდა შეკვეთილი;
- მხოლოდ გასულ წელს 16 მილიონი დოლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან ლობისტების მომსახურებაზე, რაც ძირითადად კონკრეტული ადამიანის ლობირებას ემსახურებოდა. ამ თანხის დიდი ნაწილი ხელზე ნაღდ ფულად გაიცემოდა, რაც ხშირ შემთხვევებში 300-400 ათას დოლარს შეადგენდა და გრიფი `საიდუმლო~ ედო;
- ასობით მილიონი საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა სათანადო აღრიცხვის გარეშე და დაუსაბუთებლად;
- არასამთავრობოთა დაუზარელი მოთხოვნის და სასამართლო დავების მიუხედავად, უკანონოდ იყო გასაიდუმლოებული პრეზიდენტის და მთავრობის 100-მილიონიანი სარეზერვო ფონდების ხარჯებიც, ამ თანხის უდიდესი ნაწილი სააკაშვილის ახირებებზე იხარჯებოდა, და არ ვიკადრებ იმის ჩამოთვლას ზუსტად რაში მიდიოდა ეს ფული, თუმცა დაინტერესებული პირებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდებაც შეგვიძლია; 
- წლების განმავლობაში კერძო მესაკუთრეების მიერ სახელმწიფოსთვის მხოლოდ უძრავი ქონების "ნებაყოფლობით" ჩუქების ათი ათასამდე და პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად (1 ლარად) გასხვისების ათასობით შემთხვევაა აღწერილი;
- სააკაშვილს სრული კონტროლის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი თავისი უახლოესი გარემოცვის - თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის, იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის და სხვათა მეშვეობით. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ხდებოდა სახელმწიფო თანხის ევროპაში გადაშვება.
ამ ჩამონათვალის გაგრძელებაც უსასრულოდ შემიძლია, თუმცა სააკაშვილის მმართველობისას საქართველოში არსებული კორუფციის მიუკერძოებელი შეფასებაშეგიძლიათ იხილოთ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს~ მიერ მომზადებულ კვლევაში `ვის ეკუთვნოდა საქართველო~ და საიას მიერ მომზადებული კვლევაში `რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა".
ახალმა მთავრობამ ამ კორუფციული ხარჯების დაზოგვით გამოათავისუფლა 1 მილიარდ ლარამდე, რომელიც ახალი ბიუჯეტის შესაბამისად, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების სფეროს მოხმარდება.
ძალადობა 
როდესაც 2013 წლის 8 თებერვალს თბილისის მერის მიერ სრულიად აშკარად პროვოცირებული შეხლა-შემოხლის დროს პარლამენტის წევრ ქალბატონს ცხვირიდან სისხლი წასკდა, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები ,,მოწოდების სიმაღლეზე" აღმოჩნდნენ და 5 დღის შემდეგ, ჯერ კიდევ ვითომ მწოლიარე პარლამენტარის სახლში მონახულების სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მყისვე დავგმეთ ეს ძალადობრივი ინციდენტი და დამნაშავეებიც მეორე დღესვე დავსაჯეთ, ოპოზიციაზე მოძალადე ხელისუფლების იარლიყი მაინც მოგვაწებეს. ვისურვებდით, ბალანსისთვის, როგორც მინიმუმ, კითხვები ახლა მაინც დაისვას 2005-2007 წლებში გატაცებული და სასიკვდილოდ გამეტებული დეპუტატების საქმეების შესახებ, ისევე როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევის ან 2011 წლის 26 მაისს ჩატარებული სახელმწიფო სადამსჯელო ოპერაციების თაობაზე, რომელსაც მსხვერპლი და ასობით ადამიანის უკანონო პატირმობა და ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.
ადამიანის უფლებები
ბევრს აღარ გავაგრძელებ პატიმრების წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, პირადი ცხოვრებით შანტაჟზე, საკუთრების უფლების შელახვასა და სხვა ფაქტებზე, რომლებზე საუბარიც შორს წაგვიყვანს, თუმცა დაინტერესებულ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებიდან, Human Rights Watch-ის; Amnesty Intenational-ის; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა პატივსაცემი და სანდო ანგარიშებიდან შეუძლია ამოიკითხოს. 
დასვით შეკითხვა, რატომ გაიქცნენ ქვეყნიდან არჩევნების მეორე დღესვე, ჯერ კიდევ მოქმედი იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, უშიშროების უწყების ხელმძღვანელი და სხვა პირები. 
ვფიქრობ, ახალმა მთავრობამ პირველ 4 თვეში ბევრს მიაღწია და კიდევ უფრო მეტი წარმატებისათვის დახმარება და მეგობრების რჩევები ჭირდება: 
1. პირველად ბოლო 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების შტოებმა დაიბრუნეს თავიანთი ფუნქცია, გაჩნდა ხელისუფლების დაბალანსებისა და გაწონასწორების ნიშნები. კონსტიტუციური ბალანსის აღსადგენად იწყება კონსტიტუციის ფუნდამენტური გადახედვა საზოგადოების აქტიური მონაწილეობით; 
2. დაწყებულია საჯარო დისკუსიები, ჩვენს მიერ მომზადებულ ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის კონცეფციაზე; 
3. მიუხედავად საზოგადოების დიდი ზეწოლისა, ხისტი და სწრაფი რეფორმა განხორციელებულიყო სასამართლოში, მთავრობამ აირჩია რეფორმის უკიდურესად ფრთხილი გზა, რომელიც ემყარება არასამთავრობო სექტორის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს; 
4. მედია გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან; 
5. ყველა რეფორმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობითა და კონტროლით, კრიტიკისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. 
დიახ, მთავრობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მემკვიდრეობა სახარბიელო არ მიგვიღია. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებული მოლოდინები ხშირად განსხვავებულია. ქვეყნის შიგნით საზოგადოება წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის სწრაფ და უკომპრომისო გამოძიებას ითხოვს. ქვეყნის გარეთ კი, პირიქით, `სუფთა ფურცლიდან~ დაწყებისკენ მოგვიწოდებენ, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ დაუსჯელობას წაახალისებს. ჩვენი ამოცანაა ბეწვის ხიდზე გავიაროთ და ისეთი შუალედი ვიპოვოთ რაც არც სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის იდეას დააზარალებს, და არც პოლიტიკური დევნის შტაბეჭდილებას შეუქმნის ვინმეს. მერწმუნეთ ეს ძალიან რთული ამოცანაა, მით უფრო ისეთ ქვეყანაში სადაც პარტია და სახელმწიფო სისტემა აბსოლუტურად შეზრდილი იყო ერთმანეთთან. 
ჩვენმა მთავრობამ ყველა ეტაპზე გამოხატა სრული გახსნილობა და მზაობა გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციები. ჩვენ თვითონ ვეპატიჟებით დამკვირვებლებს, რომლებიც დარწმუნდებიან ჩვენი ზრახვების კეთილსინდისიერებასა და კანონის პატივისცემის პრიორიტეტულობაში. მსგავსი მისიით ევროკავშირმა უკვე მოავლინა ბატონი ტომას ჰამერბერგი; ხორციელდება სასამართლო პროცესების მონიტორინგი, მათ შორის ODIHR-ის მიერ. ვინაიდან კითხვები გიჩნდებათ მიმდინარე მოვლენების მიმართ, თქვენც მოგიწოდებთ, სანამ "ევროპის კარის დახურვის" შორსმიმავალ დასკვნებს გააკეთებთ, მოავლინოთ ხანგრძლივი დამკვირვებლები და თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა დემოკრატიული მმართველობა, ჩვენი მისიაა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უპირობო, განუხრელი და ცალსახა ერთგულება. ხოლო ქართველი ხალხის მოთხოვნა და სურვილია ნამდვილი, ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებით ცხოვრება და განწირულია ყველა ხელისუფლება, ვინც ამ გზიდან გადახვევას მოინდომებს. ეს ქართულმა საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია