საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სააკაშვილს საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს?
2013/03/09 18:37:45

ახალი ხელისუფლების დემოკრატიული იმიჯი ჯერ კიდევ არასაკმარისია საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ხან ევროპარლამენტარები, ხან კიდევ დასავლურ ავტორიტეტულ გამოცემებში  გამოქვეყნებული  სტატიები ბიძინა ივანიშვილის პროდასავლურ და დემოკრატიულ  ღირებულებებზე  ორიენტაციას  ეჭვქვეშ  აყენებენ ხოლმე.  „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების რეაქცია კი ამ  შემთხვევებზე ასეთია - სააკაშვილს საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ღია წერილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი საქართველოში შექმნილ მაქსიმალურად რთულ ვითარებაზე მიუთითებს. თუ თქვენი ძალისხმევა გამოიწვევს აშკარა დემოკრატიისგან უკუსვლის გაღრმავებას, საქართველო უკან დაიხევს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა და მას წაერთმევა ევროპული პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გახდებით ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპის კარს დაუხურავს“ - ეს არის ამონარიდი ევროპარლამენტის წევრების მიმართვიდან. ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაასამაროს საქართველოს ევროპული მომავალი.

„თუ საქართველო ევროკავშირის პარტნიორი უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავიზიაროთ და შევასრულოთ საერთო ძირითადი პრინციპები...  ნათელია, რომ ზეწოლა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე, გამოცხადებული და მუდმივი ზეწოლა სასამართლოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აგრეთვე აგრესიული რიტორიკა და ბრბოს გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებთან დასაპირისპირებლად, ასევე უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის ხშირი გამოყენება, საქართველოს ევროპულ ოცნებას აშორებს” - ნათქვამია მიმართვაში.

როგორც მიმართვის შინაარსიდან ჩანს, ავტორებს მიაჩნიათ, რომ ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს ქვეყანაში. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ  მიუღებელია მაღალჩინოსნების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობისკენ მოწოდება. აგრესიული კამპანია - აიძულოს პარლამენტის ოპოზიციური წევრები, შეიცვალონ პოზიცია შანტაჟითა და მათი ოჯახის წევრების დაშინებით, არა მხოლოდ რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანის უფლებებსაც.

„მოგიწოდებთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, არ გადადგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით, რათა არ დაასამაროთ საქართველოს ევროპული მომავალი" - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპის პარლამენტის წევრები.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ევროპარლამენტარების ამ კრიტიკულ მიმართვას  პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. როგორც სესიაშვილმა "პრაიმ ტაიმის" კლუბში სტუმრობისას განაცხადა, ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, როდესაც სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მისივე თქმით, აქ საუბარია 33 დეპუტატის ხელმოწერაზე, მაშინ როდესაც ევროპარლამენტში 756 დეპუტატია.

"წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არ იშურებდნენ თანხებს ლობისტური კომპანიებისთვის და შექმნეს გარკვეული მეგობრული ჯგუფები სხვადასხვა ევროსტრუქტურაში. გული მწყდება, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ ისე, რომ სიტუაციაში არ ერკვევიან და ქვეყანაში შექმნილ რეალობას არ ასახავენ. იცით, რომ  პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ცალსახად გამოკვეთს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს, ამიტომ მუდმივად იმ კარის მტვრევა, რომელიც ღიაა, არასერიოზულია...

ჩვენ ვცდილობთ, ნაკლები ვისაუბროთ და მეტი ნაბიჯები გადავდგათ, რათა შევძლოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ეს შეიძლება, ისე აშკარად არც ჩანს, რადგან უფრო მეტად საქმით ვართ დაკავებული, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს განცხადებები უფრო პოლიტიკურადაა მოტივირებულია" - განაცხადა ირაკლი  სესიაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება მსგავს განცხადებებს ყურადღებას იმ შემთხვევაში მიაქცევს, თუ ისინი ობიექტურ  რეალობას  ასახავენ.

ბიძინა ივანიშვილი – პოპულარული მხოლოდ სახლში

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Economist. სტატიის ავტორი სვამს კითხვას -  აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო კომუნიკაციის პრობლემა?

„მაღალი რეიტინგები და მმართველი უმრავლესობა პარლამენტში იმის ვარაუდს აჩენს, რომ მის პოზიციას შინ, საქართველოში, არაფერი ემუქრება. თუმცა საერთაშორისო პრესაში არსებობს ტენდენცია, რომ მილიარდერი პრემიერი ისეთ ფიგურად წარმოადგინონ, რომელსაც დემოკრატიაზე წარმოდგენა არ აქვს და საკუთარი მტრების განადგურება უნდა. რადგან პოლიტიკური კოაბიტაცია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“  შორის არ მუშაობს,  ქვეყნის იმიჯი უცხოეთში ზიანდება“ - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელიდან არ უშვებს ახალი მთავრობის გაკრიტიკების შესაძლებლობას უცხოელებთან. იანვარში, მან დაგმო ახალი კაბინეტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. გასულ კვირაში, მან განაცხადა, რომ რუსეთი აზერბაიჯანის არჩევნებშიც იმავე ტაქტიკას გამოიყენებს, რაც საქართველოში გამოიყენა: „ოლიგარქებს, რუსულ ფულს, შანტაჟს და პროვოკაციებს“. 4 მარტს კი ივანიშვილმა საჯარო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბოდიში მოუხადა საქართველოს მოკავშირეებს პრეზიდენტის საქციელისთვის.

როგორც სტატიაში წერია,  ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ივანიშვილის მთავრობამ რამდენიმე მცდარი ნაბიჯი გადადგა, „როგორც ამას საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ“ - „პოლიტიკური პატიმრების“ იდენტიფიკაციის პროცესი პარლამენტში, ძალიან ნაჩქარევი იყო, რადგან არ მოხდა თითოეული საქმის ყურადღებით შესწავლა.

„კიდევ ერთი შავი ლაქაა ის, რომ მან ვერ მოახერხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ ლოიალურად განწყობილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაშინების პრევენცია. ეს უმოქმედობა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნასთან ერთად თბილისში, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით შეშფოთების განცდას ზრდის.“

ავტორის აზრით, პოლიტიკური მიზნებისთვის კანონის ბოროტად გამოყენება საქართველოში ახალი პრაქტიკა არ არის და  ივანიშვილი თავად იყო ამის მსხვერპლი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ დაახლოებით 100 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. მეტიც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებული ზოგიერთი ბრალდება მაღალი დონის კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უდავოდ გამოსაძიებელია. „აქ მთავრობის მიდგომა უფრო ფრთხილი გახდა“ - აღნიშნავს The Economist.

„ივანიშვილი მიდრეკილია იმისკენ, რომ გააუფასუროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიღწევები. არადა, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა წარსულ ათწლეულში, განსაკუთრებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ წლებში. ეკონომიკა გაიზარდა, ხდებოდა გადასახადების გადახდა და ამოღება, აღდგა საბაზისო სერვისები. ძველი პრობლემების გადაწყვეტის გზაზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რა თქმა უნდა, შექმნა ახალი პრობლემები. ახალი მთავრობა ცდილობს მოერიოს „ვარდების რევოლუციის“ ბნელ მხარეს. მაგრამ ის ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას, იმ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე, რომელიც დატოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. საბოლოო ჯამში, უარის თქმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობის პოზიტიურ მხარეზე, მარცხისთვისაა განწირული“ - ნათქვამია ბრიტანულ  გამოცემაში The Economist გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1405
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია