საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ინტერფრაქციულ დოკუმენტზე უმრავლესობა და უმცირესობა ჯერ ვერ შეთანხმდნენ
2013/03/06 18:46:00

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 12 იანვრის შემდეგ მომზადებულია ინტერფრაქციული დოკუმენტი, რომელშიც ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებია ჩამოყალიბებული. უმცირესობა საჯარო კომენტარებში აღნიშნავდა, რომ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად უმრავლესობისთვის ამ დრომდე არ უცნობებიათ.

გია ბარამიძემ უმცირესობის შენიშვნები პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე წარუდგინა. უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს აქამდე უნდა მომხარიყო, მარგამ მიუხედევად ამისა, ისინი მაინც მზად არიან საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე, გააგრძელონ კონსულტაციები ამ დოკუმენტზე.

„წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება უმცირესობის მხრიდან ამ პარლამენტში. იანვარში გადაცემულ დოკუმენტთან დაკავშირებით დღესაც არ მოგვსვლია შენიშვნები და წინადადები ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ჩვენი საგარეო კურსის პრიორიტეტებს. აქედან გამომდინარე, ინტერფრაქციული შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, ჩვენ მოვამზადებთ პარლამენტის რეზოლუციის პროექტს და ვაპირებთ, რომ ეს საკითხი ხვალ განვიხილოთ პლენარულ სესიაზე. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობა არ იმსახურებს არანაირ განხილვას და ყველანაირ ადეკვატურობას მოკლებულია ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ მათთან ერთად დავსხდეთ და სხდომის პარალელურად გავიაროთ ეს დოკუმენტი. თუ მათი მხრიდან რაიმე შენიშვნები იქნება, ძლიან კარგი, თუ არა და, ჩვენ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას ვერ შევაჩერებთ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

„რასაკვირველია, უმცირესობას არ აწყობდა ამ დოკუმენტის განხილვა იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანური პროექტია. მაგრამ ჩვენ მაინც მზად ვართ, ახლა დავსხდეთ პირადად გია ბარამიძესთან და გავიაროთ კიდევ ერთხელ ეს დოკუმენტი, თუ ეს არ არის მართლა თამაში და ჭკვიანური წინადადებები იქნება წარმოდგენილი, მაშინ ჩვენ მზად ვართ, მივიღთ ეს ინტერფრაქციული დოკუმენტი. კომიტეტი არ არის უფლებამოსილი, რომ ამ დოკუმენტზე იმსჯელოს, მაგრამ კომიტეტის ფორმა ექნება ამას თუ ჩვენ რაც შევთავაზეთ, საექსპერტო-საკონსულტაციო, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, შეთანხმებას მივაღწიოთ“.- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გია ბარამიძე კი თვლის, რომ აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე აუცილებელია საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილონ ეს დოკუმენტი.

„ჩვენ ამ დოკუმენტის პირველი ვერსიის გამოქვეყნებისთანავე ვთქვით, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს დახვეწილი და ისეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესს გამოხატავს. ამასთან დაკავშირებით არაერთი საჯარო კომენტარი და შენიშვნა გავაკეთეთ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი უმრავლესობისთვის. ჩვენ ველოდებოდით, რომ შედგებოდა საგარეო კომიტეტის სხდომა, რომელსაც ჟურნალისტებიც დაესწრებოდნენ და განიხილებოდა ეს საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სხდომა ჩაიშალა,უმრავლესობის მიზეზით. უმრავლესობამ გადაამუშავა თავისი წინადადებები და მოგვაწოდა, ახლა კი რატომღაც პრეტენზიები აქვთ, რომ რაღაც საათის რაღაც წუთამდე არ მივაწოდეთ შენიშვნები. შენიშვნები მიწოდებულია ბიუროს სხდომაზე, რადგან თავმჯდომარეს აპარატმა არ მიაწოდა, მე თვითონ გადავეცი ეს შენიშვნები და შევთავაზეთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ამ საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასურველია, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი დოკუმენტი, რომელსაც მიიღებს  მხოლოდ უმრავლესობა. პირიქით, ჩვენ უნდა გვქონდეს შეჯერებული პოზიცია, რათა ყველამ ერთიანად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის პრიორიტეტები. მე ვთავაზობ მათ, რომ პოზიციების შესაჯერებლად ჩავატაროთ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა. ახლა ჩვენ გავმართავთ არაფორმალურ კონსულტაციებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის კონსულტაციები, რომლებიც დაკანონებულია პარლამენტისთვის სესიაზე საკითხის გატანამდე, წესის მიხედვით ჩავატაროთ და შემდეგ განვიხილოთ საკითხი სესიაზე. უმცირესობა მზად არის, რომ მივიღოთ ერთობლივი განცხადება, რადგანაც პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში სწორი ფორმულირებების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია“. - განაცხადა გია ბარამიძემ.

ამ დრომდე გაურკვეველია რა ფორმით განიხილავენ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტს. თუ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაგეგმილი კონსულტაციები შედეგიანი აღმოჩნდება, მოხდება ინტერფრაქციული შეთანხმება. წინააღდეგ შემთხვევაში კი, უმრავლესობა მაინც აპირებს ამ დოკუმენტის გატანას სხდომაზე, რეზოლუციის სახით.

 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია