დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი გამარტივდება
2013/03/06 00:03:57

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში პირველ მარტს გაიმართა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით კეთილი ნება უკვე არსებობს და შესაბამისი სამსახურები მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ. მისივეთქმით, ზაფხულისთვის კონკრეტული შეთანხმება უკვე მიღწეული იქნება.

თავდაპირველად მარტივი სავიზო რეჟიმით ბიზნესმენები, სტუდენტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ისარგებლებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კარგი იქნება თუ რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით ნათქვამს რეალურ ნაბიჯებსაც მოაყოლებს. 

ამის შესახებ ფანჯიკიძემ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას განაცახდა.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატში ჰუმანიტარული საკითხები იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი. სწორედ ამაზე იყო საუბარი 1 მარტს პრაღაში შეხვედრისას. ძალიან დადებითად ვაფასებ იმას, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი გარკვეული სახით გამარტივდება. მოგეხსენებათ, საქართველოს ცალმხრივად აქვს სავიზო რეჟიმი გაუქმებული, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება არ მიაჩნიათ რეალურად. ამას დიპლომატიური ახსნა რასაკვირველია აქვს. მიუხედავად ამისა, თუკი რეალურად გაიზრდება გაცემული ვიზების რაოდენობა და იგი გამარტივდება სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, სპორტსმენებისთვის და სხვა, ეს ჩვენი საზოგადოების მხრიდან ძალიან კარგად იქნება აღქმული, ვინაიდან ბევრს უჩნდება პრობლემა რუსეთის ვიზის აღების დროს" - განაცხადა ფანჯიკიძემ. 

რუსეთთან სავიჟო რეჟიმის შესაძლო გამარტივებას უმრავლესობიდან ეკა ბესელია, ხოლო უმცირესობიდან დავით დარჩიაშვილი გამოეხმაურა.

„განცხადება, რომ რუსეთთან მიმოსვლა შეიძლება გამარტივდეს, არის ძალიან კარგი. რუსეთმა სავიზო მიმოსვლები გააუქმა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებთან და ბუნებრივია, ამის შემდეგ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა ძალიან კარგი. ეს არ მოხდა მაშინ, თუმცა შეიძლება ეს მოხდეს ახლა, უახლოეს მომავალში. საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა ეს ფაქტი. ჩვენი ქვეყნისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე და მათთვის მნიშვნელოვანია გამარტივებული უვიზო მიმოსვლა“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„წლების განმავლობაში ველოდებოდით ამას და თუკი ეს პროცესი დაიძრება, ძალიან კარგი იქნება. ეს საკითხი ძალიან პოლიტიზირებული იყო რუსეთის მხრიდან და მაინტერესებს ახლა თუ მოიხსნა ეს წინააღმდეგობები, ანუ კონკრეტულად როგორ განხორციელდება და რა სახე ექნება და რაიმეს ხომ არ ითხოვენ რუსები, სავიჟო რეჟიმის გამარტივების სანაცვლოდ“ - აღნიშნა  დავით დარჩიაშვილმა.

ინფორმაციისთვის: უკვე დანიშნულია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრაც. ის მაისის დასაწყისში პრაღაში გაიმართება.

 

ნათია მატარაძე

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია