დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო კურსი არ შეიცვლება
2013/03/05 22:43:18

ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვის გაკეთებაზე მზაობა მხარეებმა ლიტვის საგარეო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვეს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გაკეთების ინიციატივა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის.სააკაშილი კი აცხადებს, რომ ნატოსა და ევროკავშირისთვის ერთობლივი განცხადებით მიმართვა მისი პოლიტიკური გუნდის შეთავაზება იყო და ახლაც ძალაშია.

„მე დავეთანხმე ლიტვის საგარეო სამქეთა მინისტრის შეთავაზებას, რომ გავაკეთო პრეზიდენტთან ერთად ერთობლივი განცხადება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, ეს აღმოჩნდეს საკითხი, რომელზეც კიდევ ერთი შეხვედრა მოხდება პრეზიდენტთან და გუშინდელი ცარიელი შედეგის ნაცვლად, შეიძლება, რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიოთ“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

„თუ ქვეყანაში მოვლენები ცუდად განვითარდება, იქნება დესტაბილიზაცია და უკუსვლა, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, ამის პარალელურად ჩამოვრჩებით ევროინტეგრაციის კუთხით აქამდე მიღწეულ პროგრესს. სწორედ ამიტომ საჭიროა ერთობლივი მიმართვის მომზადება და დასავლეთისთვის იმის ჩვენება, რომ ეს პროცესი შეუქცევადია“ - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

 „ნოემბრის ბოლოს ჩვენ ვუმასპინძლებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. ევროატლანტიკური კურსის შესანარჩუნებლად საქართველოდან პოზიტიური სიგნალებია საჭირო, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა შიდა პოლიტიკური პრობლემა მოგვარდება და სათავეში ნაციონალური ინტერესი მოექცევა. ჩევენ გვჯერა, რომ ამ კუთხით საქართველოს ნოემბრის სამიტისთვის უკვე  ნათელი მიღწევები ექნება“ - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ საკითხს საკანონმდებლო ორგანოდან უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას საგარეო კურსთან დაკავშირებით, ეს უკვე დიდი ხანია, ნათელია მთელი მსოფლიოსთვის. მე მართლა ვწუხვარ იმის გამო, რა მდგომარეობაშიც ახლა ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფება, ის კიდევ ერთხელ ცდილობს, იპოვოს მისი როლი და ფუნქცია და ცდილობს, საკუთარ თავზე მიიწეროს ის, რაც ჩვენს კოლეგებს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი გვაქვს. ერთობლივი განცხადების თაობაზე ჩვენს გუნდს ჩვენი დეკლარებული პოზიცია ჰქონდა, რომელიც გამოიხატა ინტერფრაქციულ შეთანხმებაში. დღეს საქართველოს პრემიერმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას მხარი დაუჭირა, ეს ასეც მოხდება და ამაში ჩვენი გუნდი რაიმე პრობლემას ვერ ხედავს. მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას არ გაუვა მცდელობა, რომ მოახდინოს ამ ფაქტის პოლიტიზირება და საკუთარ ინიციატივად გაასაღოს. ნატო და ევროკავშირი არის ქართველი ხალხის არჩევანი და არა ნაციონალური მოძრაობის“ - ირაკლი ჩიქოვანი

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი სესიაშვილი კი თვლის, რომ ასეთ ერთობლივ მიმართვებზე დროის დაკარგვა არ ღირს. თუმცა, მისი თქმით, ეს არის კოჰაბიტაციის პრინციპი და უმცირესობას ასე სურს, შეიძლება ამ საკითხზე შეთანხმება.

„მე ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ, არ არსებობს კითხვის ნიშნები დასავლურ საგარეო კურსთან დაკავშირებით, თუმცა, არის გარკვეული მეთოდოლოგიური მიდგომები თუ როგორ შეიძლება გამოვხატოთ ჩვენი დასავლური ორიენტაცია. მე პირადად მიმაჩნია, რომ ერთობლივ მიმართვებსა და მსგავს საკითხებზე დროის ხარჯვა არ ღირს, ამაზე ყურადღების გამახვილებას ჯობდა, უფრო მეტი საქმით დავკავებულიყავით. თუმცა, ჩვენ კოჰაბიტაციის პრინციპებს მივყვებით და თუ ამის სურვილი აქვს უმცირესობას, ცუდს მე ამაში ვერაფერს ვხედად. უბრალოდ, ჩემი ხედვაა უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეალურ საქმეს, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ნატოს კარებთან“ - ირაკლი სესიაშვილი.

უმცირესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირისთვის ერთობლივი მიმართვის მომზადება მათი ინიციატივა იყო, რომელზეც თავის დროზე პრემიერმა უარი განაცხადა. დღევანდელ პრემიერის განცხადებას ისინი დადებითად აფასებენ და ამბობენ, კარგია, რომ პრემიერმა ამ დოკუმენტის მნიშვნელობა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის გაიაზრა.

„მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ჩვენს იდეას, მომზადებულიყო ერთიანი წერილი ნატოსთვის, დაეთანხმა საგარეო საქმეთა მინისტრიც, მაგრამ მან უარი მიიღო პრემიერისგან. ახლა ეს უფრო ნაკლებად წაადგება ქვეყანას, ვიდრე თავის დროზე რომ დათანხმებულიყო ივანიშვილი და გაუგებარია, რატომ თქვა მაშინ მან უარი. მიუხედავად ამისა, მაინც კარგი იქნება ამ ერთობლივი მიმართვის გაგზავნა, რა თქმა უნდა, ნეგატიური ფაქტორია ის, რომ დეკემბრიდან დღევანდელ დღემდე მოხდა ძალიან ბევრი რაიმე, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის იმიჯის საზიანოდ ბევრი ნაბიჯი გადადგა. სწორედ ამიტომ მარგი ქმედების კოეფიციენტი ახლა უკვე ნაკლები იქნება. პრეზიდენტისა და პრემიერის მიმართვის ტექსტი კი დაახლოებით ასეთი იქნება: ჩვენ და ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ვთანხმდებით, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი უნდა იყოს დასავლური და გავაგრძელოთ სვლა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ“ - დიმიტრი ძაგნიძე.

„რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა შეთავაზა პრემიერს, რომ ერთობლივი წერილი გაკეთებულიყო ნატოს მისამართით, მაგრამ მაშინ ივანიშვილმა უარი გვითხრა. ახლა თვითონ ევროპელებმა დააყენეს ეს საკითხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, რომ მსგავს ინიციატივებს მხარი დავუჭიროთ, იგივე საგარეო კურსის მკაფიოდ განსაზღვრასთან დაკავშირებითაც“ - დავით დარჩიაშვილი.

ლიდერების მხრიდან უკვე დეკლარირებულია, რომ ერთობლივი მიმართვა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით აუცილებლად მომზადდება. არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხზე კოჰაბიტაციის პირობებში, რიგით მესამე შეხვედრა შედგეს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით დაანონსებული არ არის.

 

 ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია