დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ მოითხოვენ ამერიკელი კონგრესმენები „ყველა დიპლომატიური რესურსის“ ამოქმედებას
2013/02/25 12:46:58

ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, ბიძინა ივანიშვილს  ჰილარი კლინტონის წერილი გადასცა, რომელიც მიმდინარე წლის 30 იანვრითაა დათარიღებული. როგორც წერილშია ხაზგასმული, 2012 წელს ამერიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავი აღინიშნა და საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების  მიმართულებით.

 

კლინტონი წერილში აღნიშნავს, რომ იგი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობის დასასრულებლად ემზადება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას და კოჰაბიტაციას; ასევე, აღნიშნავს, რომ ის ამაყია საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული პარტნიორობით და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სიამოვნებით დაუდგა მხარში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში, რაც გამოვლინდა კიდეც  არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაში და რის მიღწევაც წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენი, როგორც ლიდერის, ხელმძღვანელობის გარეშე. ვიმედოვნებ, რომ თქვენ წარმართავთ კონსტრუქციულ ურთიერთობებს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ითანამშრომლებთ საერთო მიზნის განსახორციელებლად, უზრუნველყოფთ რა საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ წინსვლას“ - ნათქვამია ჰილარი კლინტონის წერილში.

ჰილარი კლინტონის მემკვიდრეს, სენატორ ჯონ კერის კი კონგრესმენთა ჯგუფმა მიმართა, მას საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად  სახელმწიფო მდივნის ხელთ არსებული ყველა რესურსის ამოქმედებას სთხოვენ. მიმართვაზე ხელმომწერი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ახალ მთავრობას კავშირი აქვს მოსკოვთან.

 „კანონმდებლები კერისგან საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად „ყველა დიპლომატიური რესურსის“ ამოქმედებას მოითხოვენ,“ - წერს ამერიკული გამოცემა The Hill. სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, სააკაშვილის ადმინისტრაციამ, ამასწინათ, იქირავა ლობისტები, რომლებიც მისი პარტიის, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის, ინტერესებს წარმოადგენენ აშშ-ის კონგრესსა და ობამას ადმინისტრაციაში.

კანონმდებელთა ორპარტიულმა ჯგუფმა სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის მისი დეპარტამენტის „მთელი დიპლომატიური რესურსის“ გამოყენება  სთხოვა, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური კრიზისი  საქართველოში.

„დაძაბულობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახალ მთავრობას შორის გამწვავდა, როდესაც დემონსტრანტებმა აღკვეთეს სააკაშვილის ყოველწლიური მიმართვა ერისადმი. ახალმა მთავრობამ, რომელსაც კავშირები აქვს მოსკოვთან, ყოფილი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენლის და საჯარო მოსამსახურის დაპატიმრების განკარგულება გასცა მას მერე, რაც ოქტომბერში ხელისუფლებაში მოვიდა.“ - აღნიშნულია სტატიაში.

„ქართველი ხალხის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და საქართველოს ახლადფეხადგმული დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად, ჩვენ გთხოვთ გადადგათ ნაბიჯები, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია დემოკრატიით და თავისუფლებით საქართველოში,“ - ნათქვამია მიმართვაში, - ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელთ არსებული დიპლომატიური რესურსები ამ კრიზისზე საპასუხოდ.“  მიმართვას ხელს აწერს ოთხი კონგრესმენი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან.

პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე, რომელიც ახლახანს საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ კონგრესმენებისა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, ხშირ შემთხვევაში, წინა ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებულად აღიქმება, თუმცა ამავე დროს ისინი საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მათ ჩვენი ქვეყნისთვის გულწრფელად სურთ სიკეთე და სურთ, საქართველოს დაეხმარონ. მაგრამ, იმისათვის, რომ ეს შეძლონ, საჭიროა მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რეალური და ყოვლისმომცველი ინფორმაცია გააჩნდეთ.

„გავრცელებული ინფორმაციით, მიზანმიმართული პროპაგანდის ფარგლებში ვაშინგტონისა და ევროპის ისტებლიშმენტს მიეწოდებოდათ გზავნილი, რომლის არსი ასეთი იყო -       „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი, საეჭვო პრიორიტეტების მქონე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად გადაუხვევდა დასავლურ კურსს. ამგვარი გზავნილების დიდი ინტენსივობით ადრესატებამდე მიტანამ, როგორც ჩანს, თავისი გავლენა იქონია,“ - ამბობს პოლიტოლოგი.

როგორც გეგეშიძე მიიჩნევს, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი კონგრესიდან და მედიიდან, ჯერ კარგად არ იცნობს რა ახალ ხელისუფლებას, ადვილად ექვემდებარება ხსენებული პროპაგანდის გავლენას უკვე ახალ ვითარებაში. ამიტომაც ადვილად უჩნდებათ კითხვა: საქართველოს ახალი მთავრობა ხომ არ არის რეტროგრადული, არადემოკრატიული და, პოტენციურად ანტიდასავლური?

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკელი კონგრესმენების ხსენებული მიმართვა ჩვენთან წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიიდან შემორჩენილი სტერეოტიპების გამოძახილია. ზემოთ მემკვიდრეობა ვახსენე და აღვნიშნე, რომ ბევრი გაკეთებული საქმე მხვდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მემკვიდრეობა მძიმეც არის, ვინაიდან დროის და ენერგიის დიდ ნაწილს ახალი ხელისუფლების ამ მანკიერი იმიჯის შეცვლა წაიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაძნელდება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით ზემოთხსენებული ამოცანების შესრულება,“ - ამბობს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პოლიტოლოგი, რომელსაც ახალმა ხელისუფლებამ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები მიანდო.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია