დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფანჯიკიძე აღიარებს, რომ რაღაც გამორჩა...
2013/02/19 18:10:18

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პოზიტივი და ნეგატივი

უმცირესობის წარმომადგენლების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან ორსაათნახევარი გრძელდებოდა. შეხვედრის მეორე ნაწილში უფრო მწვავე შეკითხვების სერია წამოვიდა და შეხვედრა ურთიერთბრალდებების ფონზე გაგრძელდა. უმცირესობის წარმომადგენლებმა ფანჯიკიძე დაადანაშაულეს, რომ ის და პრემიერი საერთაშორისო დონის შეხვედრებზე ხშირად საქართველოსა და მისი იმიჯის შემლახავ განცხადებებს აკეთებენ. ფანჯიკიძემ კი უპასუხა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მათი შეფასებები ხშირად არასწორად არის აღქმული მედიის მხრიდან.

შეხვედრის დასრულების დროს გაუგებრობა გამოიწვია საკითხმა, თუ ვის უნდა წარედგინა ელჩობის კანდიდატები ჯერ კომიტეტზე და შემდეგ პლენარულ სხდომაზე. ფანჯიკიძის მტკიცებით, ელჩობის კანდიდატები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უნდა წარადგინოს. ხოლო დიტო ძაგნიძე, საპარლამენტო მდივანი, კი აცხადებს, რომ ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უნდა წარედგინა, რომელიც ამჯერად ქუთაისში არ იმყოფება. ძაგნიძემ ფანჯიკიძეს პასუხი მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ზარმაცობენ მისი სამინისტროს წარმომადგენლები და არ ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას. ფანჯიკიძემ ეს ბრალდება არ მიიღო. ბოლოს, როგორც გადაწყდა,  ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ელჩობის კანდიდატებს დასამტკიცებლად დიტო ძაგნიძე წარადგენს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან პირველი შეფასებებიც გაკეთდა.

„ჩემთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, პირველად ვიყავი ამ სტატუსით პარლამენტში. უბრალოდ, შეიძლება მეორე და მესამე შეხვედრა უკეთესი გამოგვივიდეს და უფრო მეტი კონცენტრაცია იყოს საგარეო საქმეებზე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ განელებულა წინა წლის ვნებები და ემოციები და ამიტომ ხშირად მოგვიწია იმ თემებზე საუბარი, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო აქტუალური. შედარებით ნაკლები დრო დარჩა საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ, რადგანაც შეკითხვები უფრო ისეთი სახით იყო, რომ თავის თავში შეიცავდა წინა პერიოდის გახსენების აუცილებლობას,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, საბოლოო ჯამში, შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. მისი თქმით, მიმდინარეობდა ხანგრძლივი, დეტალური და გულწრფელი დისკუსია.  მისივე განცხადებით, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც მხარეებს განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ ქვეყანა არჩეულ საგარეო კურსს არ გადაუხვევს. ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი სხვადასხვა დროს სხვა მინისტრების მოწვევასაც აპირებენ, რათა ყველა საკითხთან დაკავშირებით მიეცეთ დებატების გამართვის საშუალება.

გოკა გაბაშვილი: „მინდა, პოზიტივით დავიწყო. კარგია, რომ ფანჯიკიძე არ ეთანხმება იმ პუნქტებს, რომლებიც ჩადებულია  14-პუნქტიან ინტერფრაქციულ დოკუმენტში. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ის ფორმულირებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია უმრავლესობის დოკუმენტში. ახლა კი, ნეგატივი. კერძდ, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი საქართველოს ოკუპაციის შესახებ და გადმოაგზავნა პარლამენტში, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა ქალბატონ მინისტრს. დოკუმეტში საუბარია საქართველოს ფარგლების ურღვევობაზე. ამ კანონით დგინდება, რომ საქართველოს ყველა საზღვრის დარღვევა, მათ შორის სომხეთთან და აზერბაიჯანთან, არის კრიმინალი, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიიდან საზღვრის დარღვევას, თურმე, ეხება მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი. ანუ ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩვენი საზღვრის გადმოლახვის შესაძლებლობა გაადვილებულია. შემაშფოთებელია, როდესაც ასეთი შინაარსის მქონე კანონის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არაფერი იცის“.

ფანჯიკიძემ გაბაშვილს შემდეგნაირად უპასუხა: „ეს საკითხი არის ერთ-ერთი, რომლითაც ახლა მე დავკავდები. ეს კანონი ჯერ არ არის მიღებული, დამუშავების პროცესშია და იგი არის სხვა უწყების მიერ წარმოდგენილი, ამიტომ მე რაღაც გამომრჩა და უფრო ღრმად უნდა შევისწავლო. როგორც ჩანს ამ კანონის განხილვის პროცესში მე თბილისში არ ვიმყოფებოდი,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა. ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

ნათია მატარაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია