დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორი იქნება ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი?
2013/02/11 12:49:37

ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი კიდევ ერთხელ გახდა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს  საქართველო დსთ-კენ მიჰყავს და ამიტომ ითხოვს ახალმა ხელისუფლებამ ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსი კონსტიტუციაში დააფიქსიროს.

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ ის შიში, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მივცეთ და მთავრობას მოვუხსნათ საკუთარი სკამების დაკარგვის შიში და ამავე დროს, ამასთან ერთად, მოვხსნათ ის შიში, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს; რომ, შესაძლოა, საქართველოს ევროპული კურსი იყოს შეცვლილი და ეს გავაკეთოთ ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთად,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს დარჩენილ დროში უფლებები ეზღუდება. როგორც დავით ბაქრაძე და მისი თანაგუნდელები ამბობენ, ისინი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო წინადადებას მხარს დაუჭერენ, თუ ხელისუფლება კონსტიტუციაში ჩაწერს საქართველოს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისაკენ სწრაფვას.

დავით ბერძენიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე: „ნაციონალური მოძრაობა,“ „მოქალაქეთა კავშირი,“ დათო ბაქრაძე, გია ბარამიძე და უამრავი სხვა ადამიანი, რომელიც დღესაც პარლამენტშია, საქართველოს დსთ-ში   შემყვანი  ხალხია.  ჩვენ -  „რესპუბლიკელები“ და ჩვენი პარტნიორები, პარლამენტში ის ხალხი ვართ, ვინც საქართველოს დსთ-ში შეყვანის წინააღმდეგ მივეცით ხმა 1994 წლის პირველ მარტს; ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც დასვა  2006 წელს საქართველოს დსთ-დან გამოსვლის საკითხი - რესპუბლიკელების და კონსერვატორების ერთიანი ფრაქციის სახელით. მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს  პარლამენტში არიან, ეს საკითხი ჩააგდეს. ასე რომ, საკუთარ გაფუჭებულზე სხვას პასუხს ნუ მოსთხოვენ. საქართველოს დასავლური ორიენტაცია დეკლარირებულია, დეკლარირებულია ქართველი ხალხის მიერ, არა მარტო პოლიტიკური ძალების მიერ. ქართველმა ხალხმა პლებისციტზე მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში გაერთიანებას, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ამის წინააღმდეგ ვერ წავა, მით უმეტეს, საქართველოს დღევანდელი მმართველი კოალიცია არჩევნებამდე და არჩევნების მერეც საჯაროდ აცხადებდა და აცხადებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია არის ჩვენი პრიორიტეტი და სტრატეგიული არჩევანი.“

„Российская газета“-ს ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დსთ-ის შესახებ საუბარი ნაადრევია. „ჩვენ ამ თემას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე არ ვეხებით. ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ შეგნებულად გვერდს ვუვლით 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებულ მოვლენებს. ვაღიარებთ, რომ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ორმხრივ ურთიერთობებში არანორმალურ სიტუაციასთან შეგუება გავაგრძელოთ.“

„მე, ჯერჯერობით, ვერ დავინახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ  ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში.

ყოფილი მინისტრის თქმით, ის რუსეთთან დიალოგის აღდგენასაც მიესალმება, თუმცა ახალ ხელისუფლებას პროფესიონალიზმს უწუნებს და მიიჩნევს, რომ ფორმატი უკეთესად მოფიქრებული უნდა ყოფილიყო.

„ჯერჯერობით, ვერ ვნახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა, თუმცა, ამავე დროს, არის ცუდად ფორმულირებული გზავნილები. ჩვენ კი ვიცით, რომ ყველა მოვლენა ისტორიაში სიტყვით იწყება და ისტორია შემდეგ აღარ იღებს არგუმენტს, რომ „ამის“ თქმა არ მინდოდა, ვაპირებდი „ამის“ თქმასო. უპირველესად, უსიამოვნო თემაა ის, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა დავიწყეთ სერიოზული მომზადების გარეშე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, დიალოგის აღდგენის მცდელობა კარგია, მაგრამ ფორმატი უკეთესად უნდა მოგვეფიქრებინა,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ის საკუთარ პოზიციას გამოხატავს და არავის გუნდის პოზიციას არ წარმოადგენს. „მე არავის გუნდს არ წარმოვადგენ. ახლა კერძო მოქალაქე ვარ და ჩემს აზრს მოგახსენებთ. არასდროს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. სხვათა შორის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებას ვაპირებდი, მაგრამ მერე ჩვენი გზები არ დაემთხვა ერთმანეთს,“ - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება კონსტიტუციაში საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის დაფიქსირებას, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო არ თვლის საჭიროდ, საგარეო კურსის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს კონსტიტუციაში. იყო შეშფოთებები გამოთქმული ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში და მითქმა-მოთქმა ამ კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩემთვის არავის პარლამენტში ან მთავრობაში არ უთქვამს, რომ ეს ასეა. ყველა ამბობდა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაგრძელდება და ეს მოსახლეობის 70-75% სურვილია. მე, როგორც ევროპელი, აბსოლუტურად ვემხრობი ამ პოზიციას,“ - განაცხადა ბუკიკიომ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1876
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია