დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წელს გაზრდილია...
2013/01/27 23:55:44

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წელს წინა წელთან შედარებით 11%–ით გაიზარდა და 10.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 12.2%–ით გაიზარდა და 5.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა „საქსტატმა“ 25 იანვარს.

ექსპორტი 2012 წელს 9%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 2.37 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 11%–ით მოიმატა და 7.84 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

თუმცა, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 2012 წლის ბოლო კვარტალში 2.8%–იანი კლება დაფიქსირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექსპორტმა 2012 წლის ოქტომბერ–დეკემბერში 609 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.48%–იანი კლებაა, ხოლო იმპორტი 2012 წლის მეოთხე კვარტალში 2.3%–ით შემცირდა.  გასული წლის მეოთხე კვარტალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.3%–ით შემცირდა.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2012 წელს 1.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა თურქეთიდან 1.39 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან თურქეთში მხოლოდ 142.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა გასულ წელს.

შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 1.26 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უკრაინა – 764.1 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 591.5 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 580.4 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 519.6 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 439.3 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 341.1 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 324.3 მილიონი აშშ დოლარი და იტალია – 324.3 მილიონი აშშ დოლარი. 

2012 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.7% შეადგინა – 587.3 მილიონი აშშ დოლარით, რაც 30.4%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 260.4 მილიონი აშშ დოლარით (11%–იანი წილი მთლიან ექსპორტში); აზოტოვანი სასუქები – 137.2 მილიონი აშშ დოლარით (5.8%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 87.9 მილიონი აშშ დოლარით (3.7%);  თხილი – 83.6 მილიონი აშშ დოლარით (3.5%); სპირტი ეთილის არადენატურირებული –80 მილიონი აშშ დოლარით (3.4%).

ქართული ღვინის ექსპორტი 2012 წელს წინა წელთან შედარებით 19.9%–ით გაიზარდა და 64.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შედეგად, მისმა წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 2.7% შეადგინა.

ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტზე ემბარგო დააწესა, თუმცა ის კვლავ ჩამორჩება ემბარგოს წინა წელს არსებულ მაჩვენებელს, როდესაც 2005 წელს ღვინის ექსპორტი 81.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. 

მინერალური წყლების ექსპორტი ასევე გაიზარდა 2011 წელს არსებული 47.6 მილიონიდან 59.3 მილიონ აშშ დოლარამდე 2012 წელს. სპილენძის ექსპორტი 2011 წელს არსებული 85.1 მილიონიდან 2012 წელს 53.5 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წელს ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 951 მლნ აშშ დოლარი (12.1%–იანი წილი მთლიან იმპორტში); შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 662.7 მლნ დოლარი (8.5%); ნახშირწყალბადები – 252.6 მლნ აშშ დოლარი (3.2%); ხორბალი – 239.9 მლნ აშშ დოლარი (3.1%); სამკურნალო საშუალებები – 232.4 მლნ აშშ დოლარი (3%); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 118.8 მლნ აშშ დოლარი (1.5%); გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 104.5 მლნ აშშ დოლარი (1.3%); მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან – 92.5 მლნ აშშ დოლარი (1.2%); სიგარეტი – 90.5 მლნ აშშ დოლარი (1.2%); ელექტრული ტრანსფორმატორები – 88.4 მლნ აშშ დოლარი (1.1%).

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია