საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი: „ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კარგი მაგალითია სომხეთი..."
2013/01/20 12:08:23

ინტერვიუმ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რადიო „თავისუფლებას“ მისცა სომხეთში ვიზიტად ყოფინის დროს, ქართულ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საპარლამენტო უმცირესობა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში პრემიერის განცხადებების გამო საფრთხე ექმნება.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ტექსტს.

- როგორ აფასებთ სომხურ-ქართულ ურთიერთობებს და როგორ პერსპექტივებს ხედავთ ჩვენს ურთიერთობებში?

- მიმაჩნია, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები შეიძლება, ნორმალურად, კარგადაც კი ჩაითვალოს. მომავალის შესახებ ჩვენ თქვენს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარე განწყობილია იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ისტორია იდეალური გახდეს. აი, ამისკენ ვისწრაფვი პირადად მე და ჩვენი ახალი ხელისუფლება და იგივე ვიგრძენი სომხეთის ხელისუფლებიდანაც - პირადად პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისა და მთელი მთავრობისგან. ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს.

- მსურს, მთიანი ყარაბაღის შესახებ გკითხოთ, ბოლო დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით სკანდალი აგორდა. როგორია საქართველოს პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით? ჩვენთან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველო როგორღაც უფრო მეტად აზერბაიჯანულ მხარეს უგებს, ეს ასეა?

- ჩვენი ორივე მხარის გვესმის და ვთვლით, რომ უბედურება მოხდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ჩვენ განცხადებებში ფრთხილი უნდა ვიყოთ, რომ ხელი არ შევუშალოთ. სხვათა შორის, მე ვიყავი აზერბაიჯანში და პრეზიდენტ ალიევს ვესაუბრე, მე ვიცი, მათი პოზიცია. მე მათ ვკითხე, არიან თუ არა დაინტერესებული, რომ სომხეთმა ეს საკითხი დააყენოს და მიპასუხეს, რომ დიახ, მოხარულიც კი იქნებიან. მე ვისაუბრე სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და სამწუხაროდ, ვიგრძენი, რომ ჯერჯერობით პოზიცია ძალიან შორსაა. მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანისა და სომხეთის პოზიცია. ჩვენ ახლო მეგობრები და მეზობლები ვართ, უნდა ვიყოთ ფრთხილად და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ პროცესის მშვიდობიან დარეგულირებას ხელი არ შევუშალოთ, არამედ მხოლოდ შევუწყოთ. სამწუხაროდ, ჩემი პირველი ვიზიტის დროს ბევრის გაკეთება ვერ შევძელი, მხოლოდ პრობლემებზე ვისაუბრე. ჩემი სურვილი და მოწოდებაა ორივე სახელმწიფოსადმი: საჭიროა, გაკეთდეს ყველაფერი, რომ ორ მეზობელ სახლემწიფოს შორის პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.

- ბატონო ბიძინა, პრეზიდენტი სააკაშვილი ჯავახეთში რეფორმებთან დაკავშირებით ძალიან ბევრს საუბრობდა. აქვს თუ არა თქვენს მთავრობას რაიმე სახის გეგმა აღნიშნულთან დაკავშირებით?

- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჯავახეთში იმისთვის, რომ იქ მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა თავი საკუთარ სამშობლოში იგრძნონ. ამისთვის ვიმყოფებოდი იქ, იყო ძალიან თბილი შეხვედრები. სხვათა შორის, მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და სომხურ დიასპორას მადლობა გადავუხადო - საქართველოს ისტორიაში ოპოზიციას ეთნიკური სომხებისგან ამდენი ხმა არასოდეს მიუღია. მე მათ ბევრი დაპირება მივეცი, მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა ვპირდები და გარანტიას ვაძლევ, რომ "ბურთი" ჩემს მხარესაა, ჩვენ ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებდით, ვცდილობდით და ვისწრაფვოდით. პირველ რიგში, მათ საკუთარ მომავალს მისცეს ხმა და გრძნობდნენ, რომ მომავალი უკეთესი იქნებოდა. მე მათ სიტყვა მივეცი და ყველაფერს გავაკეთებ, იმაზე მეტსაც კი, ვიდრე დავპირდი, რათა მათ ღირსეულად იცხოვრონ.

- როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა რაიმე სახის სტატუსი სომხურ ეკლესიას საქართველოში?

- მთავარია, რომ ჩვენ ყველაფრის შესახებ ვსაუბრობთ. მე ვესაუბრე პრემიერს ამასთან დაკავშირებით, ვისაუბრე პრეზიდენტთან იმ საკითხის შესახებ,  რომელიც ორივე მხარეს არსებობს. ჩემი აზრით, მე რაღაც ახალი ინიციატივა გავაჟღერე, ხუმრობით, პრეზიდენტმაც და პრემიერმაც აღნიშნეს, რომ ეს ინიციატივა დასჯადია, რაზეც მე ვუპასუხე, რომ მზად ვარ, დასჯადი იყოს. ვიდრე კომისია ეკლესიების წარმომავლობის საკითხს განიხილავს, მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ დიდი ხნის წინ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის წყალობით, რომელმაც აღადგინა და რესტავრაცია ჩაუტარა 500-ზე მეტ არქიტექტურულ ძეგლს საქართველოში, იმის მიუხედავად, როდის ვაღიარებთ ამ ძეგლების წარმომავლობას, ხვალიდანვე მზად ვარ, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე სადაო ეკლესიების რესტავრაცია დავიწყო და წესრიგში მოვიყვანო. სხვათა შორის, მათ შორის ორში, რომლის შესახებაც სომხები საუბრობენ, უკვე დაიწყო მუშაობა სწორედ ამ ფონდის დახმარებით. პარალელურად კომისია ორივე მხრიდან დაიწყებს წარმომავლობის გამორკვევას, შესაძლოა, არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდეს, რომლის დასაფინანსებლად ამავე ფონდიდან მზად ვარ. მოხარული ვიქნები თუ ეკლესიები რესტავრირებული იქნება, იმის მიუხედავად, სომხურია იგი თუ ქართული.

ვფიქრობ, ინიციატივა კარგი იყო, იგი კარგად იქნა აღქმული სომხეთის პრეზიდენტისგან. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ შევქმნით კომისიას ორივე მხრიდან, დავიწყებთ ამ ძეგლების აღდგენისა და რესტავრაციის პროცესს და პარალელურად მათ წარმომავლობას დავადგენთ. ჩემი მხრივ, მე პირადად, ჩემი ჯგუფი, კულტურის მინისტრი, ინტელიგენცია, ეკლესია არ შევშინდებით და არ შეგვრცხვება, თუ ამ ეკლესიების სომხური წარმომავლობა დადასტურდება და გარწმუნებთ, რომ ჩვენ პროცესებს არ შევაჩერებთ. მე იგივე პატივისცემა მექნება ამ ძეგლების მიმართ მათი წარმომავლობის მიუხედავად და ვფიქრობ, იგივე იქნება სომხური მხარისგანაც.

- ბატონო პრემიერ-მინისტრო, რკინიგზის შესახებაც ვისაუბროთ. როგორ ფიქრობთ, გაიხსნება თუ არა აფხაზური რკინიგზა?

- ვფიქრობ, აუცილებლად გაიხსნება. ჩვენ დღეს ეს საკითხი ორჯერ თუ სამჯერ დავაყენეთ. ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნაა. თქვენ იცით, რომ რკინიგზის დახურვა დიდ უბედურებას, უზარმზარ ისტორიას უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში შევიდა. ჩვენ, ჩვენის მხრივ, დიდ ძალისხმევას ვიჩენთ, რათა ჩიხიდან გამოსვლა დაიწყოს. ვგრძნობ, რომ რუსეთი ამ საკითხს გაგებით ეკიდება. დადებითი სიგნალებია ჩვენი ძმების - აფხაზების მხრიდან. ორ ქვეყანას შორის გლობალური პრობლემების გადაწყვეტა სწრაფად არ არის შესაძლებელი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ეტაპობრივად გადავწყვიტოთ რუსეთთან ვაჭრობის, კულტურული ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, სარკინიგზო მიმოსვლის, ხელი შევუწყოთ გლობალური პრობლემის გადაწყვეტას. შესაბამისად, ჩვენი, ჩვენის მხრივ, სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ და დადებითად ვართ განწყობილი ამ საკითხისადმი. საჭიროა, რომ სხვა მონაწილეებმა, რომლებზეც ეს ყველაფერია დამოკიდებული - სომხეთმა, რუსეთმა და აფხაზეთმა ასევე მზადყოფნა გამოთქვან და ასეთ შემთხვევაში, ეს საკითხი სწრაფად გადაწყდება.

- სარკინიგზო პროექტის "ყარსი-თბილისი-ახალქალაქის" შესახებ რას იტყვით?

- ნებისმიერი ახალი გზა სხვადასხვა ქვეყნებს შორის მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, მე მშენებლობას მივესალმები. მახსოვს, პირველ ინეტრვიუში განვაცხადე, რომ აქ არის გარკვეული ეკონომიკური საკითხები, ეს აიტაცეს ჟურნალისტებმა და ამბობდნენ, რომ მე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვაკეთებ. მე ძალიან თანმიმდევრული ვარ და ახლაც შემიძლია, გავიმეორო ის, რაც ადრე ვთქვი. ეს ძალიან საინტერესო პროექტია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა თავდაპირველად შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური საკითხები წამოიჭრას, იმიტომ, რომ ძველი რკინიგზა შესაძლოა, სრულად არ დაიტვირთოს. ეს არ არის რთული საკითხები და მისი სწრაფად გადაწყვეტა შეიძლება. ნებისმიერი მიმოსვლა, ნებისმიერი დამატებითი გზა მხოლოდ მისასალმებელია. მე ვიცი, რომ თქვენ აშენებთ გზას ირანის გავლით და ჩვენ ამის შესახებაც ვისაუბრეთ.

- ბატონო პრემიერ-მინისტრო, რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. როგორ ფიქრობთ, თბილისში რუსეთთან, ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებში გარკვეული პრიორიტეტები ხომ არ შეიცვლება?

- ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში პრიორიტეტები ალბათ, არ შეიცვლება. ზოგადად კი, ქვეყნები, ადამიანები და საზოგადოება ვითარდება და პრიორიტეტები იცვლება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მათ შევცვლით. ჩვენი პრიორიტეტების შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს არის ევროპა, ევროატლანტიკური ალიანსი, რასაც არ გადავუხვევთ. პარალელურად ჩნდება კითხვა - შესაძლებელია თუ არა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა და ნატოს-თან კარგი ურთიერთობა, მისკენ სწრაფვა, ამერიკასთან და ნატო-ში შემავალ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კარგი მაგალითია სომხეთი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და მეგობრობს ამერიკასთან და ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი შესაძლებელია.

- რაც შეეხება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ ვიცით, რომ ბატონი ალასანია, თუ არ ვცდები, მასში მონაწილეობას აპირებს. თქვენ ვის მოიაზრებთ საპრეზიდენტო კანდიდატად?

-  რამდენად სურს, ალასანიას, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ეს მეც მხოლოდ გამიგია, მას ჯერჯერობით ჩემთან ამის შესახებ არ უსაუბრია. ეს საკითხი არც კოალიციას განუხილავს. მას რა თქმა უნდა, აქვს უფლება თუ მოისურვებს, თუმცა კოალიციაში ამის შესახებ არ გვისაუბრია. ვფიქრობ, ამის შესახებ საუბარი ნაადრევია. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება ისეთი მწვავე, როგორც საპარლამენტო იყო. მას არ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც საპარლამენტო არჩევნებს ჰქონდა. ვფიქრობ, ორი თვის შემდეგ კოალიციაში ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და კანდიდატს დავასახელებთ. სავარაუდოდ, კოალიციას ერთიანი კანდიდატი ეყოლება. თითოეულ წევრს, თითოეულ პარტიას აქვს უფლება კოალიციიდან გავიდეს და თავისი კანდიდატი დაასახელოს. თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი დაუმუშავებელია და სიმართლე გითხრათ, ამისთვის ჩვენ ჯერ კიდევ მზად არ ვართ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია