დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლუკაშენკოს მუხლებზე დგომა ძალიან დიდხანს მოუწევს...
2012/12/17 13:18:31

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს საქართველოს დსთ-ში დასაბრუნებლად. მეტიც, იგი მზადაა ამისთვის საქართველოს მთავრობას მუხლებზე დაუჩოქოს. - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.

 

 

„1 იანვრიდან ჩვენ ვიქნებით დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ თქვენ გელოდებით. მე ჩამოვალ თქვენთან, დაგიჩოქებთ, ოღონდ არა საჯაროდ. თუ გნებავთ, საჯაროდაც მზად ვარ ამისთვის და გთხოვთ, დაბრუნდეთ დსთ-ში,“ - განაცხადა ლუკაშენკომ. ბელორუსიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას.

„დაბრუნება აუცილებელია და იქ ჩვენ ყველა საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ, თუკი ქართველ პოლიტიკოსებს ეს სურთ,“ - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

როგორც დსთ-ის, ბალტიისპირეთისა და ქართული მედია-საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტი ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ისეთივე დამოკიდებულება ექნება ბელორუსიის მიმართ, როგორიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს.

„სააკაშვილი ჩვენ ყოველთვის გვიცავდა, მხარს გვიჭერდა „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“, გაერო-ში, ამერიკის წინაშე,“ - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საქართველომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მიიღო. ოფიციალური მიმართვა საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებიდან დსთ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა 2008 წლის 18 აგვისტოს მიიღო. თანამეგობრობა კი ქვეყანამ ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვა.

„რაც შეეხება შუამავალს, სიმართლე გითხრათ, ლუკაშენკო მსგავს როლზე უარს არასოდეს ამბობდა, პრინციპში, ყოველთვის თანახმა იყო, ეს როლი ეთამაშა და, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც იგი გულწრფელია. რაც შეეხება დსთ-ში დაბრუნებას, ვშიშობ, მას მუხლებზე დგომა ძალიან დიდხანს მოუწევს. საქართველოში ამ ფორმულირებას, ამ წინადადებას უკვე მისცეს შეფასება, თუმცა - ღიმილით. რამდენადაც მიზეზი, რის გამოც საქართველომ დსთ-ზე უარი თქვა, რჩება და მის აღმოფხვრამდე, ანუ ვიდრე თბილისიდან 60 კმ-ში ტანკები დგას, არ შეიძლება, დსთ-ზე საუბარი სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯად ჩავთვალოთ,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „Радио Свобода - Эхо Кавказа"-თან საუბრის დროს.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლება ახალია, თუმცა ერი ხომ იგივეა. ხალხი არ მისცემს უფლებას და  ხელისუფლებაც არ მოინდომებს ცვლილებას არ მიმართულებით.

„ჩვენთან ხალხი ისეთი სასტიკი გახდა, რომ... მით უფრო, რომ, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოში რუსული პოლიტიკის იმიჯი არ შეცვლილა, რადგან ფაქტი ფაქტად რჩება.“ ჟურნალისტის კითხვას - „გამოდის, რომ თბილისი მზადაა მოსკოვთან ზურაბ აბაშიძის დახმარებით ისაუბროს, თუმცა, ჯერჯერობით, დსთ-ში დაბრუნების საკითხის განსახილველად მზად არ არის?!“ - პოლიტოლოგი პასუხობს:

„დსთ-ში დაბრუნების საკითხი განცალკავებით რომ იდგეს, იმ მიზეზისგან დამოუკიდებლად, რომლის გამოც ჩვენ დსთ დავტოვეთ, აქ ლოგიკა არ ჩანს. რუსეთს რომ საქართველოდან ჯარები გაეყვანა, ქართული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ეთქვა, შემდეგ კი დაეყენებინა საკითხი იმის შესახებ, რომ, აი, ჩვენი მხრიდან მიზეზი უკვე აღარ არის და მოდით, დაბრუნდით, - მაშინ გასაგები იქნებოდა. მაგრამ დატოვო ყველაფერი ისე, როგორც არის და დსთ-ის შესახებ კვლავ საუბარი დაიწყო - აქ არ არის არც უბრალოდ ლოგიკა, არც პოლიტიკა, არც ეთიკა. ეთიკა საერთაშორისო ურთიერთობებშიც საჭიროა.“

ბელორუსიის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა დაუბრუნდეს ურთიერთობის იმ ფორმას, რასაც დსთ ჰქვია.

„საქართველო უნდა გამოვიდეს იმ იზოლაციიდან, რომელიც არსებობს ზოგიერთ ქვეყანასთან, პირველ რიგში კი - რუსეთთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ურთიერთობის იმ ფორმას, რასაც დსთ ჰქვია. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს არ მოიძებნოს უფრო უკეთესი ფორმა ეკონომიკური თუ პოლიტიკური თანამშრომლობის იმ ქვეყნებთან, რომელთაც დსთ-ს ქვეყნები ჰქვია,“ - განაცხადა ბატონმა საგანელიძემ.

 

ცოტნე პახუმიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია