დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციონერი პრეზიდენტი ბრიუსელში
2012/11/19 12:23:37

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში საკმაოდ მწვავე ფონზე მიმდინარეობდა. ეს მწვავე ფონი კი ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებამ გამოიწვია. ამას თან დაერთო ასევე ბრიუსელში  ვიზიტად მყოფი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ ის ასამბლეის წინაშე წარსდგა, როგორც  ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი.

 

„დღეს, იმ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რომელმაც ახალი საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი მთავრობა შექმნა, რეფორმატორების გუნდს დააკარგვინა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლების უმეტესი ნაწილი, მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილია...“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გამოთქმას - „ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი“ - საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. მმართველი პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ორხელისუფლიანობა დამღუპველია ქვეყნისათვის, ის არ უნდა იქნას დაშვებული და პრეზიდენტი ასეთი გამონათქვამებით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. საპარლამენტო უმცირესობა კი შეეცადა, პრეზიდენტის სიტყვები უფრო კარგად აეხსნა და განაცხადა, რომ ეს ის არ არის, რაც უმრავლესობას ჰგონია. ყველაფერ ამას კი თან დაემატა ნატო-ს გენერალური მდივნის შეშფოთება პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შესახებ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დადებითად შეაფასა საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ფაქტი, თუმცა იქვე დასძინა, რომ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. პრაღაში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის  სესიაზე გამოსვლისას, რასმუსენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ყოველი ღონე იხმაროს, რათა არ მოხდეს სასამართლო პროცესებში პოლიტიკური ჩარევა.

„უაღრესად შეშფოთებული ვარ  განვითარებული პროცესებით - უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით,“ - განაცხადა რასმუსენმა. გენერალური მდივნის ეს შეშფოთება მაშინვე სათავისოდ გამოიყენეს პრეზიდენტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და განაცხადეს, რომ ამგვარი კრიტიკა საქართველოს მისამართით ნატო-ს მხრიდან მათ ჯერ არ ახსოვთ.

„მე საპარლამენტო ასამბლეაზე ერთი თვის წინ ვიყავი მოწვეული, ეს ორი ვიზიტის კ ომბინაცია  უნდა       ყოფილი-ყო. როცა  პრემიერი  თანამდებობაზე დაინიშნა, მან თავისი კუთვნილი მიწვევა მიიღო იმავე ინსტიტუტებისგან. ასე, რომ, ვფიქრობ, ყველას მოეთხოვება კოორდინაცია, მათ შორის - ამ ინსტიტუტებსაც. მე მოხარული ვარ, რომ ისინი აქ იმყოფებიან, რადგან მათთვის ეს შემეცნებითი პროცესია და ბევრ ახალ ინფორმაციას იღებენ. ერთია, როცა დაქირავებულ ლობისტებთან გიწევს ურთიერთობა და მეორე - როცა ჩამოდიხარ და ხვდები რეალურ ადამიანებს, რეალურ ინსტიტუტებს, ლიდერებს და განიხილავ რეალურ საკითხებს. მე არ მესიამოვნა კრიტიკის ისეთი დონე, რაც მათ მიმართ იყო გამოთქმული. ეს პირველი ვიზიტის კვალობაზე ძალიან მაღალია,“ - „დაიჩივლა“ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრიუსელში, კარნეგის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

რასმუსენის შეშფოთებით გამოწვეული ნეგატიური ფონის განეიტრალება პრემიერ-მინიტრ ივანიშვილს  მოუწია.

„იმ შეშფოთებაში, რომელსაც გენერალური მდივანი გამოთქვამს, რომ დაკავებები არ უნდა იყოს პოლიტიკური, ჩვენ აბსოლუტურად თანხვედრაში მოვდივართ. რაც შეეხება მის მწუხარებას, ჩვენ ამასაც ვეთანხმებით. ჩვენც ძალიან ვწუხვართ, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული გახდა, მსგავსი დაპატიმრებები განეხორციელებინა. ჩვენ ვარწმუნებთ გენერალურ მდივანს, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. თუ მას მიეცემა პოლიტიკური დევნის სახე, ეს იქნება ცუდი და ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ამას პოლიტიკური ნიშანი მისცეს და ეს მათი პრობლემაა, თუმცა ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართება და ძალიან მალე მიხვდება ყველა, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა,“ - განაცხადა ივანიშვილმა და ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდა, მსგავსი შეკითხვების დასმისგან თავი შეიკავონ.

„ნუ ცდილობთ ჟურნალისტები, რომ ჩვენს პოზიციებში იპოვოთ სხვაობა. არ უნდა დაისვას მსგავსი კითხვები არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოში ხორციელდება პოლიტიკური დევნა. საქართველოში არ იქნება პოლიტიკური სამართალი, მაგრამ ის, ვინც დააშავებს, აუცილებლად დაისჯება,“ - აღნიშნა ივანიშვილმა ერთობლივ  ბრიფინგზე.

„ის, რომ ნატოს შეფი ასე ცალმხრივად ერევა კონფლიქტში, მით უფრო თვალშისაცემია, რომ აქამდე ის ჯერ მხოლოდ ძველი რეჟიმის წარმომადგენელ სააკაშვილს ესაუბრა... სააკაშვილმა რასმუსენის პოზიცია მაშინვე იმის დადასტურებად შეაფასა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა დასავლურ კოალიციაში ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. სააკაშვილის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნატო-ს საქართველოს მიმართ ერთხელ მაინც წამოსცდენოდა კრიტიკული რამ. მართლაც, დასავლეთი დუმდა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი ავტოკრატიული მმართველობის დროს კანონდარღვევებზე საქართველოში,“ - წერს კნუტ მელენტინი გერმანულენოვან გამოცემაში „Junge Welt“ სტატიაში სათაურით: „ძველი მეგობრობა: ნატო საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტში ერევა.“ ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ თავის დროზე აშშ-ის მთავრობა ახალაიას თავდაცვის  მინისტრად დანიშვნას  მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეურიგდა.

მიუხედავად პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტების ასეთი მწვავე ფონისა, ქართველი ექსპერტები ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალურ ვოიაჟს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში (როგორც ბრიუსელს უწოდებენ ხოლმე) დადებითად აფასებენ.

„საბოლოო ჯამში, ორივე  ვიზიტი, კრიტიკის მიუხედავად, კონსტრუქციული იყო. რასმუსენისა და ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ის უსიამოვნება, რაც რასმუსენის კრიტიკულ განცხადებაში იყო გაჟღერებული, შეიძლება, გადალახულ იქნეს, თუ ჩვენ მათ შენიშვნებს ყურადღებით დავუგდებთ ყურს და გაბუტულის პოზას არ დავიჭერთ. ანუ, ისეთ პოზას - ეს ჩვენ როგორ გვაკადრეს და ჩვენ არაფერი არ გვეშლება, რასმუსენმა არ იცის და იგი მოატყუეს. ამგვარი პოზა, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება,“ - აცხადებს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებში თორნიკე შარაშენიძე. 

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი იყო და ის მოსაზრება, რომ ვიზიტი ნეგატიურ ფონზე წარიმართა, არასწორია.

„საზოგადოების დიდ ნაწილში სწორედ ასეთი განწყობაა, მაგრამ მე მინდა, ყველას ვურჩიო, რომ ასე მტკივნეულად და მწვავედ აღქმა არ არის სწორი. ნატო-სთან კრიტიკული დიალოგი მუდმივად გვქონდა, ეს ჩვეულებრივი პროცესია. ვიღებდით რჩევებს, შენიშვნებს, რომელთა გათვალისწინება ჩვენი ვალდებულებაა. ვფიქრობ, გენერალური მდივნის განცხადებებსა და საპარლამენტო ასამბლეის შენიშვნებზე, უბრალოდ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ და გავითვალისწინოთ, ყოველგვარი გადაჭარბებული შეფასებებისა და თავის მართლების გარეშე, რომ ნატო არ იყო ინფორმირებული და ა.შ. თავად ვიზიტი ახალი პრემიერ-მინისტრისა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს შეხვედრებიდან, ძალიან დამაიმედებელია. იმედის საფუძველია ის განწყობა, რომელიც გამოიხატა საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების თაობაზე. ეს მესიჯი ერთმნიშვნელოვნად იყო გაჟღერებული,“ - განაცხადა მენაღარიშვილმა. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია