დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ახალი პოლიტიკური ნაბიჯი. რას იტყვის რუსეთი?
2012/11/06 12:41:07

რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საქართველოს ახალმა მთავრობამ  ყოფილ ელჩს რუსეთის ფედერაციაში, ზურაბ აბაშიძეს მიანდო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

 

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, გამოცდილი დიპლომატი თავისი მდიდარ გამოცდილებას გამოიყენებს და  რუსეთ-საქართველოს შორის გაწყვეტილი კულტურულ-ეკონომიკური კავშირების აღდგენას შეძლებს.

„ძალიან სერიოზული თანამდებობაა. პირდაპირ მე მექვემდებარება. ბატონმა ზურაბმა კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი. ჩვენ ველოდებით, რომ შესატყვისი ნაბიჯი გაკეთდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ის ფორმატი, რაც არსებობს ჩვენს ურთიერთობებს შორის (ჟენევის ფორმატს ვგულისხმობ), აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის უფრო მაღალი საფეხური და ახალი გზა იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები შეიცვალოს და დაბალანსდეს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა განმარტა, ლოგიკურია, ურთიერთობის აღდგენა  შედარებით მარტივი, ნაკლებად მტკივნეული საკითხებით დაიწყოს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე  კულტურული და ეკონომიკური კავშირების აღდგენა მოხდეს.

ნიშნავს თუ არა ეს ნაბიჯი, რომ საქართველომ თავისი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის გადახედვა დაიწყო?!  როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, საქართველოს მთავრობა გაცხადებულ საგარეო კურსსა და პრიორიტეტებზე უარს არ ამბობს და არჩევანი ისევ ევროპაა.

„ჩვენი სტრატეგია რჩება უცვლელი. ელჩის დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცვლით სტრატეგიას. ევროპაზე უკეთესი არჩევანი ჩვენ არ გვაქვს. ეს არის ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე, ნატო, უსაფრთხოების მხრივ, და ა.შ. ჩვენ ასევე უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. მესმის, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და ორივე განვახორციელოთ: რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები და ნატოსკენ სწრაფვა არ შევანელოთ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ასეთი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღება იმაზე მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხს. ასე რომ, პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ბურთი, როგორც იტყვიან, რუსეთის მხარესაა და დაველოდოთ, რა რეაქცია იქნება იქიდან. დღესდღეობით ვითარება მართლაც ჩიხშია იმის გამო, რომ მოჯადოებული წრეა შექმნილი  მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული სამართლებრივი წრიდან, სწორედ ამის თაობაზეა საჭირო საუბარი რუსეთის მხარესთან“ - ამბობს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ამჟამად - პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

ოპოზიცია  კი ეჭვობს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძის მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება და თანამდებობა გადამწყვეტი იყოს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ბუნდოვანია, თუ როგორ შეძლებს ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, თუკი საგარეო კურსი იგივე დარჩება.

„მთავარია შინაარსი, არსი საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და როგორ ესმის ის ივანიშვილის მთავრობას. ეს ბადებს კითხვის ნიშნებს: რანაირად არის შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რომლის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა წინა ხელისუფლება, თუკი საქართველო კვლავ გააგრძელებს თავისი სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების ძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. თუ არ გააგრძელებს, მიმაჩნია, რომ ეს იქნება ქვეყნის ერთადერთი სწორი არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. თუ გააგრძელებს, მაშინ საკითხავია, რანაირად მოახერხებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას?“ - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით დარჩიაშვილი.

არსებული ვითარებისა და დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური საგარეო კურსის შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სირთულეზე და ამ ურთიერთობების აღდგენაში დამალულ საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტებიც. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძეც მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იმდენად რთული და ჩახლართულია, რომ თვით ისეთ გამოცდილ დიპლომატსაც კი, როგორიც ზურაბ აბაშიძეა, გაუჭირდება არსებული მოცემულობის შეცვლა.

 „როგორი პოლიტიკა უნდა გავატაროთ? რა არის  პირველ და რა - მეორე რიგში დასაყენებელი საკითხი? - ეს ყველაფერი უნდა იყოს დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, თორემ რუსეთის ფედერაცია ღიად და სიხარულით წამოვა საზღვრის გახსნაზეც, ბაზრის გახსნაზეც და კულტურულ ურთიერთობებზეც, მაგრამ სწორედ ამაზე გაიყინება და იტყვის, რაღაც-რაღაც ურთიერთობები ხალხთან დავალაგეთ და ახლა აღიარეთ ახალი რეალობაო. იმისათვის, რომ ყოველივე ამას შემხვედრი ნაბიჯი დავახვედროთ, საჭიროა ფართო პროგრამის შემუშავება, ნაბიჯების წინასწარ მოფიქრება, რათა შუა გზაში არ მოგვიწიოს გაჩერება და რაღაც სიურპრიზის შემთხვევაში არ მოგვიწიოს სწრაფად არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება და ახალი სტრატეგიისა თუ ტაქტიკის შემუშავება,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჯერჯერობით, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ზურაბ აბაშიძის პოლიტიკურ ფიგურას  მოსკოვში კარგად იცნობენ.

„ახლა მთავარია, დაველოდოთ, ჩვენს ინიციატივას რუსეთის მხრიდან როგორი საპასუხო რეაქცია მოჰყვება. ჩვენი გადაწყვეტილება რუსეთში შესაბამისი დიპლომატიური არხით გაიგზავნება. ჩვენი სურვილია, მათი მხრიდან იყოს დადებითი რეაქცია და, თუ ეს მართლაც ასე იქნება, ამის შემდეგ დავეკონტაქტებით, ჩამოვყალიბდებით ფორმატზე, თუ როგორ დავიწყოთ მუშაობა, შევხვდებით თუ არა, რაზე ვისუბრებთ და როდის და ა.შ.“ - განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში  სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია