საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„კარჩაკეტილი მილიარდელის გასაოცარი გამარჯვება“
2012/10/08 13:51:56

როგორ აფასებს უცხოური პრესა 1 ოქტომბრის არჩევნებს

 

„ივანიშვილის მოულოდნელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში  საქართველოსათვის ახალი ერას დასაწყისი და ქართული სუსტი დემოკრატიისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.“ - წერს ესპანური გაზეთი El Pais. ქართული დემოკრატიის და ქართველი ხალხის გამარჯვება - ასე აფასებს ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას და სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლის აღიარებას უცხოური მედია.  

„ის ფაქტი, რომ საქართველომ შეძლო, აერჩია ოპოზიცია და ხელისუფლება მისთვის გადაეცა - ახალი ეტაპია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ისტორიაში. ეს მოვლენა ღირსეულად უნდა შეფასდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა სულ ცოტა ხნის წინ ბელორუსიაში ლუკაშენკოს ოპონენტებმა ვერც ერთი მანდატი ვერ მიიღეს“ - წერს ესპანური გაზეთი  El Pais.

„ქართული ოცნების“ ტრიუმფი და მიხეილ სააკაშვილის მიერ დამარცხების აღიარება - წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია ქართული დემოკრატიისათვის. ის, რაც მოხდა, ყველას სასიკეთოდ წაადგება, უპირველეს ყოვლისა კი - ქართველ ხალხს,“ - ნათქვამია ინგლისურენოვან გამოცემაში The international Herald Tribune. სტატიის ავტორების აზრით, ივანიშვილის გამარჯვება სააკაშვილისთვისაც საუკეთესო გამოსავალია ამ მომენტისათვის - ოპოზიციაში ის შესანიშნავად გრძნობს თავს.

გერმანული მედია-გამოცემა Die Welt კი წერს, რომ მულტიმილიარდელი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი ხდება, ხოლო სააკაშვილის პარტია ოპოზიციაში მიდის და ამით აქარწყლებს იმ მოსაზრებას, რომ სააკაშვილს სურს უსასრულოდ დარჩეს ხელისუფლებაში.

„თუმცა, უახლოესი ერთი წელი არც თუ ისე ადვილი გასავლელი იქნება. დარჩენილ პერიოდში მოქმედ პრეზიდენტს შეუძლია, პრემიერის კანდიდატურა შესთავაზოს პარლამენტს, რადგან ის საკონსტიტუციო შესწორებები, რომლის შედეგადაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება, ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა,“ - ნათქვამია სტატიაში. სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ მებრძოლი უნარ-ჩვევები ივანიშვილმა გამარჯვებიდან მალევე გამოავლინა  და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყო საუბარი, მიხეილ სააკაშვილს კი გადადგომა შესთავაზა.

„კარჩაკეტილი მილიარდელის გასაოცარი გამარჯვება პროდასავლელი პრეზიდენტის პარტიაზე საქართველოში, მთელ რიგ კითხვებს აჩენს. თუმცა მანამ, სანამ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, თავად არჩევნები აღფრთოვანებას იმსახურებს. უზარმაზარი მიღწევა გახლავთ ის, რომ ორშაბათს ამ პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით გამორჩეულად თავისუფალი და სამართლიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სულ უფრო და უფრო დესპოტურ გზებს მიმართავდა, და „ვარდების რევოლუციიდან“ ცხრა წლის შემდეგ ამ არჩევნების შედეგები ორივე მხარემ აღიარა,“ - წერს სარედაქციო წერილში ამერიკული გამოცემა The New York Times.

როგორც სტატიაში წერია, მიუხედავად ამისა, შემდეგ ნაბიჯებს უამრავი საფრთხე ახლავს. ქვეყანა გარდამავალ პოლიტიკურ ფაზაშია და ამ დროს გამარჯვებულმა და დამარცხებულმა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ის ერთობლივად უნდა მართონ; ბატონი სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებული                                          „ქართული ოცნების“ კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობა გახდა და, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრად ივანიშვილს დაამტკიცებს. შემდეგ შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, რომლის თანახმად, ძალაუფლების დიდი ნაწილი პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.

მანამდე, მეტოქეებმა როგორმე უნდა მოიშუშონ მანკიერი წინასაარჩევნო კამპანიის იარები იმ კულტურაში, სადაც კომპრომისს ადგილი არ აქვს. მაშინაც კი, როდესაც დიდსულოვნად აღიარა დამარცხება, სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გვჯერა, რომ მათი შეხედულებები უკიდურესად მცდარია“. ბატონმა ივანიშვილმა კი სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით მოთხოვნა უარყო.

„ექსცენტრულმა მილიარდელმა და ეგზოტიკური ცხოველების კოლექციონერმა სულ ცოტა ხნის წინ არჩევნებში გასაოცრად მოიგო. მაგრამ არის ის იმდენად შეშლილი, რომ მართლაც მართოს ქვეყანა? - წერს ინგლისურენოვან გამოცემაში „Foreign Policy“ შონ უოლკერი სტატიაში „თბილისის ახალი ტიტანი.“ სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებსაც გამოთქვამს.

„ბევრი არაფერი ვიცით ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომლის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში. მაგრამ მისი გამარჯვების შემდეგ გამართული პრესკონფერენციით ერთი რამ ცხადი გახდა: ის ორატორი არ არის,“ - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს 2 ოქტომბრის „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩახუთულ ოთახში მედიასთან ხანგრძლივი შეხვედრის დროს ივანიშვილი აბნეულად ლაპარაკობდა, ერთსა და იმავეს იმეორებდა, თითქოს იქვე აყალიბებდა პოლიტიკას და ერთ-ერთი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტს ბრალიც კი დასდო, რომ მისი ოპონენტის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო მოსყიდული.“

სტატიის ავტორი დასასრულს დასძენს, რომ ივანიშვილისთვის გამოცდა იქნება, შეინარჩუნოს ლიბერალებისა და ულტრანაციონალისტებისგან შემდგარი გამარჯვებული კოალიციის ერთობა იმ პირობებში, როდესაც მათ აღარ მოუწევთ საერთო მტერთან ბრძოლა. რამდენ ხანში ვიხილავთ პირველად ასეთ სათაურს „ქართული ოცნება კოშმარად იქცა?“ არც ისე გვიან, თუკი ივანიშვილი სწრაფად არ გამოიმუშავებს პოლიტიკოსისთვის საჭირო უნარებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია