დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად ინახავს მაფია დანაზოგს
2012/08/28 00:43:08

მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა დანაშაულებრივ ჯგუფებს კიდევ უფრო მეტი ფული „აშოვნინა.“ ცოტა ხნის წინ მომხდარი სკანდალების შედეგად აღმოჩნდა, რომ  რამდენიმე უმსხვილესი  ბანკი დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან  -  კონტრაბანდისტებთან, იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეების იატაკქვეშა სამყაროსთან.

ბანკირებსა და „განგსტერებს“ შორის მჭიდრო კავშირის არსებობა ახალი ამბავი არ არის, თუმცა  აღსანიშნავია, რომ ამ კავშირმა ფინანსური სამყაროს უმაღლეს ეშელონებში შეაღწია - თვლის ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ჟურნალისტი რობერტო სავიანო.

გასულ თვეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ ორგანიზებულმა გამოძიებამ  გამოავლინა, რომ ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი HSBC ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა მექსიკელი ნარკოდილერების, ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებული არაბი ფინანსისტების და ირანელი ბანკირების ფინანსურ გადარიცხვებს, რომლებიც ცდილობდნენ გვერდი აევლოთ აშშ-ს სანქციებისათვის.

„ბევრ შემთხვევაში, როდესაც კრიზისი პიკს აღწევდა, ნარკოტიკების გაყიდვით მიღებული ფული იყო ერთადერთი ლიკვიდური საინვესტიციო კაპიტალი, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ რამოდენიმე ბანკს“ - ამბობს   იტალიელი ეკონომისტი ანტონიო-მარია კოსტა.

70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში ორგანიზებული დამნაშავეთა სამყარომ, რომელსაც მანამდე საქმე ჰქონდა მხოლოდ ნაღდ ფულთან, შეაღწია საბანკო სისტემაში. ამის გამო ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოების მთავრობებმა გაატარეს რიგი ღონისძიებები, რომლებმაც შეაფერხეს ფულის გათეთრების პროცესი.

თუმცა, როგორც ამერიკელი ჟურნალისტი ამტკიცებს,  შემდეგ ფულის გათეთრების  პროცესი კვლავ გაგრძელდა,  მეტწილად საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, რომელსაც რუსეთში ფინანსური კრიზისი მოჰყვა.  სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა  („კგბ“) ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო კომუნისტური კაპიტალის საზღვარგარეთ გატანა რუსული მაფიის მეშვეობით. რუსული მაფიის მეთაურებმა, ასევე კარგად გამოიყენეს ის შესაძლებლობა, რასაც პრივატიზაციის პროცესი აძლევდა მათ, რათა დაუფლებოდნენ სახელმწიფო ქონებას.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში  ფულის გათეთრების პროცესმა ამერიკიდან ევროპაში გადმოინაცვლა. სავალო კრიზისმა ევროპაში, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება, დამნაშავეთა სამყარო კიდევ უფრო გააქტიურა. ამის მაგალითია საბერძნეთსა და ესპანეთში განვითარებული მოვლენები. საბერძნეთში კრიზისის გამო ჩვეულებრივი კრედიტები ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა და ბერძნების უმრავლესობამ უკვე დაიწყო მევახშეებისაგან ფულის სესხად აღება. სალონიკში პოლიციამ აღმოაჩინა კრიმინალური სტრუქტურა, რომელიც სესხს იძლეოდა კვირაში 5%-ად და 15%-დაც კი, ხოლო  გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს სჯიდა.

„ამ წუთისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთი „კოლონიზირებულია“ როგორც  ადგილობრივი კრიმინალების, ისე იტალიური, რუსული, კოლუმბიური და მექსიკური დანაშაულებრივი ორგანიზაციების მიერ“ - ამტკიცებს The New York Times-ის  სტატიის ავტორი.

თანამედროვე მაფიას გლობალური სტრუქტურა აქვს. ის მოქმედებს ყველგან,  საუბრობს ბევრ ენაზე, აყალიბებს ტრანსკონტინენტალურ ალიანსებს და ახდენს ისეთივე ინვესტიციებს, როგორც ნებისმიერი ტრანსნაციონალური კორპორაცია. როგორც The New York Times  ამტკიცებს, საჭიროა მწყობრიდან გამოვიყვანოთ ორგანიზებული დანაშაულის ეკონომიკური ძრავა, რომელიც ხშირად ხელშეუხებელი რჩება, რადგან ლიკვიდური კაპიტალის მოძრაობის კვალზე მიყოლა საკმაოდ ძნელია. გარდა ამისა, კრიზისის დროს ბევრი ბანკი, მათ შორის წამყვანი მსოფლიო ფინანსური სტრუქტურები, ვერ უძლებენ ცდუნებას და აქტიურად იყენებენ ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყაროს კაპიტალს.

რამოდენიმე ფაქტი:  2006 წელს ესპანეთის ცენტრალური ბანკი იკვლევდა  500 ევროიანი კუპიურების დიდი რაოდენობით მიმოქცევის ფაქტს. როგორც აღმოჩნდა, კრიმინალური ორგანიზაციები ასეთ ბანკნოტებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან  არ სჭირდება დიდი ადგილი გადატანისას. 2010 წელს ბრიტანულმა ვალუტის გამცვლელმა პუნქტებმა უარი თქვეს 500 ევროიანი კუპიურების გაცვლაზე მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ამ კუპიურების ტრანზაქციების 90% დაკავშირებული იყო დანაშაულებრივ საქმიანობასთან.

იტალიაში კი დღემდე მაფიის ხელში ყოველწლიურად გადის 65 მილიარდი ევრო. დანაშაულებრივი დაჯგუფებები ლეგალური ეკონომიკიდან დაახლოებით 100 მილიარდ ევროს „ქაჩავენ,“ რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ის ტოლია.

 

მასალა მომზადებულია The New York Times -ის სტატიის მიხედვით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2065
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია