საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
20 ქუთაისელი ახალგაზრდა, პიტერ ლანდერსის დახმარებით, ნიუპორტში მიემგზავრება
2012/06/04 12:40:42

ქუთაისისა და ნიუპორტის ტრადიციულ მეგობრობაზე ბევრჯერ დაწერილა. ამჯერად იმ სამომავლო პროექტზე ვისაუბრებთ, რომელსაც ნიუპორტიდან ჩამოსული პიტერ ლანდერსი ახორციელებს ევროკავშირის მხარდაჭერით. იგი ჟურნალისტებს ნიუპორტ-ქუთაისის დიდი მეგობრობის საფუძველის ჩამყრელის, პროფესორ მადონა მეგრელიშვილის მეშვეობით, ინგლისურ ენათა ცენტრში შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, მე ვარ ნიუპორტიდან და წარმოვადგენ „ვაიემსის“ პროგრამას დიდ ბრიტანეთში. - გვიამბო საპატიო სტუმარმა, - როგორც იცით, ქუთაისი და ნიუპორტი დაძმობილებული ქალაქებია. ჩვენ მოვიპოვეთ ევროკავშირისაგან დაფინანსება. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ნიუპორტელი და ქუთაისელი ახალგაზრდების დამეგობრებას. ჩვენი გეგმის მიხედვით, ივლისის ბოლოს 20 ახალგაზრდას სამ მასწავლებელთან, ანუ ლიდერთან ერთად, წავიყვანთ ნიუპორტში. ევროკავშირთან ერთად მხარდაჭერას გვიწევს მეორე ორგანიზაცია - „ახალგაზრდული მოქმედება“. ამ ორის კვირის მანძილზე ქუთაისელები შეხვდებიან თავიანთ თანატოლებს და იმუშავებენ სხვადასხვა პროექტზე. ორივე ქვეყნის ახალგაზრდები უკეთესად გაიგებენ მათი პრობლემების შესახებ, გაეცნობიან ერთმანეთის კულტურას, ჩაერთვებიან არაოფიციალურ განათლებაში, ანუ დასხდებიან და ერთად, ვიდეოფირის მეშვეობით, ნახავენ თავიანთი ქვეყნების ისტორიას.“

ბატონი პიტერ ლანდერსი აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტი სამომავლოდაც განხორციელდება და იგი სულ სხვა ხასიათის იქნება. იმ პროექტის ფარგლებში, ქუთაისში ჩამოვა 20 ნიუპორტელი ახალგაზრდა. ისინი აქ დარჩებიან სამი, ექვსი ან ცხრა თვე და სხვადასხვა დაწესებულებაში იმუშავებენ. რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდანაც გაემგზავრება ნიუპორტში 20 ახალგაზრდა.

„პირველი ეტაპი გაცნობითი ხასიათისაა და შემდეგ კი უფრო მასშტაბური პროგრამები გვექნება, - გვიამბობს ბატონი ლანდერსი, - მე აქ სტუმრად ვიყავი ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. ამ სკოლასა და ნიუპორტის ერთ-ერთ სკოლას შორის დამყარდება კავშირი ინტერნეტით, ვინაიდან ბავშვები ინგლისურად კარგად საუბრობენ. ცხადია, ეს ინტერნეტში ჩართვა ინგლისურად წარიმართება.“

ნიუპორტელი სტუმარი გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას იმ წლებს იხსენებს, როცა საქართველოში პირველად ჩამოვიდა:

„ეს 1999 წელი იყო, როცა საქართველოში მძვინვარებდა სიბნელე, სიცივე, საშინელი გაჭირვება. შემდეგ 2009 წელს ვსტუმრობდი ქვეყანას და მივხვდი, რომ დიდი ცვლილებაა მომხდარი ამ დროის განმავლობაში. ახლანდელი სტუმრობისას კი ქუთაისის დიდმა შადრევანმა გამაოცა: ძალიან ლამაზია, ქალაქის ცენტრს ძალიან უხდება. ჩანს, რომ ქალაქი გამოცოცხლებულია და მიდის წინ. ამ მხრივ ქუთაისი დგამს დიდ ნაბიჯს და ნელ-ნელა ემსგავსება დასავლეთის ქვეყნების ქალაქებს.“

ჩვენს შეკითხვაზე - თუ რა პარალელს გაავლებდა ნიუპორტსა და ქუთაისს შორის, პიტერმა ასე გვიპასუხა:

„ამ ორ ქალაქს შორის პარალელი არის უმუშევრობა. ქუთაისის მსგავსად, ნიუპორტსაც აქვს ეს დიდი პრობლემა მოუგვარებელი. ეს საზოგადოებაში თვალნათლივ შეიმჩნევა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქაური ხალხი ინარჩუნებს სტუმართმოყვარეობის იმ დიდ ტრადიციას, რაც ოდითგანვე მოყვებათ. განსაკუთრებით მიყვარს ქართული საჭმელებიდან - მწვადი და ხაჭაპური, ასევე - საწებელი, ტყემალი.“

როგორც პიტერ ლანდერსი იმედოვნებს, განხორციელებული პროექტები ქუთაისს და ნიუპორტს კიდევ უფრო დააახლოებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1544
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია