საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვის სჯერა პუტინის ცრემლების?
2012/03/12 12:17:29

დღეს ორად გაყოფილ რუსეთში არაბული გაზაფხულის მოლოდინში არიან. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებულები“ გამარჯვებას ზეიმობენ, დამარცხებულები კი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს უფრო ცეცხლოვანს ხდიან. 

 

„რასსია ბეზ პუტინა!“ - მსგავსი ლოზუნგებითა და ტრანსპარანტებით მოსკოვის ქუჩებში ათასობით მოქალაქე  გამოდის და საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვს.

როგორც ჩანს, პუტინის მრავალწლიან მმართველობას ჩრდილო სამეზობლოში ძირი მოულპა და ხალხიც ხმას იმაღლებს. არჩევნების დღეს, 4 მარტს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საარჩევნო უბნები დახურული არ იყო, თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას, დიქტატორად მონათლულმა და, ამერიკის სენატორ ჯონ მაკკეინისთვის „ძვირფასმა ვლადმა“, ცრემლები ვერ შეიკავა. მაგრამ საინტერესოა, ვინ დაიჯერა ამ არც თუ ისე გულწრფელი ცრემლების! გამარჯვების ეიფორიაში მყოფმა, ჩვენი ქვეყნისთვისაც მოიცალა. მან აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხზე უკან დახევა გამორიცხა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დროს განუცხადა. კითხვაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, შესაძლებელია თუ არა, შეიცვალოს რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მისი პასუხი ასეთი იყო: „ეს გამორიცხულია, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ.“

პუტინი რომ უკან დახევას არ აპირებს, ეს დიდი ხანია, ვიცით, მაგრამ მისი ქართველი კოლეგაც სულ სხვა მოსაზრებებს გამოთქვამს. „ახლა 2012 წელია და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ 2012 წელს საბჭოთა კავშირის გვამების გაცოცხლების მცდელობები კრახისთვის არის განწირული!“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირში გარედან არავინ შეჭრილა და ის ამ გზით არ განადგურებულა. „საბჭოთა კავშირი შიგნიდან ჩამოიშალა, რადგან ხალხმა მისი გაძლება ვეღარ შეძლო; რადგან ის ცდილობდა, ისტორიული კურსის სვლა შეეჩერებინა. აზერბაიჯანი და საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა დატყვევებული ქვეყანა, კვლავ გათავისუფლდა. ეს იყო ტურბულენტური და ქაოტური მომენტები და ჩვენ, ორივემ, საკმარისზე მეტი ომი, ტრაგედია, იმედგაცრუება და დრამა გამოვიარეთ. მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე  თავისუფლად, მყარად ვდგავართ ფეხზე, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ამჯერად უკან დასაბრუნებელი გზა არ იქნება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

აშკარაა, რომ ამ ბოლო პერიოდში პუტინი და სააკაშვილი საეჭვო ფრაზებს ესვრიან ერთმანეთს. ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებს: „ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათი განცხადებები გარე მოხმარებისთვის არის გაკეთებული. საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორები მუდმივად უჩიჩინებენ, რომ მან რუსეთთან საერთო ენა უნდა გამონახოს, აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ერთი შეხედვით, ლოგიკური იყო ამ კონტექსტში,“ - აცხადებს არეშიძე.

ცხადია, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში საგაზაფხულო გამოსვლები საზაფხულო „არდადეგებში“ გადაიზრდება, პუტინი კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია