დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მეზობლების“ საშინაო დავალება
2012/01/30 12:17:54

კრემლი არჩევნების სამზადისშია. რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხაილ პროხოროვის მთავარი ამოცანა იმ ამომრჩეველთა ხმების მოპოვება, რომელთაც არ სურთ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის ხილვა. ამის შესახებ პროხოროვმა სოციალურ ქსელ - „ტვიტერში“, თავის გვერდზე დაწერა. „ჩემი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მთავარი ანტიპუტინი გავხდე,“ - ამბობს პრეზიდენტობის სურვილით შეპყრობილი პროხოროვი.

რუსი და უცხოელი ექსპერტები კი აცხადებენ, რომ, რუსეთში სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი არათუ გაიმარჯვებს, არამედ, შესაძლოა, მეორე ტურშიც ვერ გადავიდეს.

ამავდროულად, რუსეთში გაჩნდა პრეტენზიები ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიმართ. პუტინის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მედვედევი პრემიერის სასარგებლოდ არასაკმარის აგიტაციას ეწევა. „მეჩვენება, რომ ის ჩუმადაა. ღირსეული იქნებოდა, რომ აქტიურად ჩართული-ყო იმ ადამიანის კამპანიაში, რომელიც თავად წამოაყენა პრეზიდენტობის კანდიდატად. ვერ ვხედავ მის აქტიურ როლს,“ - განაცხადა კინორეჟისორმა სტანისლავ გოვორუხინმა, რომელიც პუტინის აქტიური მხარდამჭერია.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2012 წლის 4 მარტს არის დაგეგმილი. როგორც ჩანს, რუსული არჩევნები ქართულ არჩევანს ცოტათი უსწრებს მოვლენებით.

ორივე სახელმწიფოს არჩევნებამდე კი დიმიტრი მედვედევი მოსკოვის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ასეთ განცხადებას აკეთებს:

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოსთან, მაგრამ  არის ერთი ადამიანი, რომელსაც  პირადად მე არ შევხვდები და ხელს არ ჩამოვართმევ. რა გავაკეთეთ ბოლო დროს? დავიწყეთ ავიამიმოსვლა. თუ ქართველ პოლიტიკოსებს დიალოგის სურვილი ექნებათ, კრემლი ყოველთვის თანახმა იქნება ამისთვის.“

აღსანიშნავია, რომ პუტინს და მედვედევს საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარება მას შემდეგ გაახსენდა, რაც ობამა-სააკაშვილის შეხვედრა დაიგეგმა თეთრ სახლში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუკი საუბარი იქნება საქართველოს შესახებ, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალისაგან შედგება.

„რუსეთმა საკუთარი ნაბიჯებით, საკუთარი პოლიტიკითა და პირველ რიგში, ტერიტორიების ოკუპირებით, საკუთარი თავი შეიყვანა იმ ჩიხში, საიდანაც გამოსავლის მოძებნა ძალიან რთულია და როგორიც არ უნდა იყოს დღეს მათი ხელისუფლების დემაგოგიური განცხადებები, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო არის მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. თუ ასეთ საქართველოსთან უნდათ დიალოგი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

მომავალ რუსულ და ქართულ არჩევნებამდე ჩვენს  ოპოზიციას ჯერ კიდევ არ გაურკვევია ურთიერთობები ჩრდილო მეზობელთან.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ოპოზიციას მოუწოდებს, გასცენ პასუხი კითხვას- არიან თუ არა მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე მოაგვარონ. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების განცხადებები განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ შეძლებენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და რომ პუტინი დემოკრატი ლიდერია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ ესმოდეს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელობა.

ამრიგად, არსებობს ორი სახელმწიფო, რომლებიც ერთმანეთს შეცდომებს ვეღარ პატიობს. ან კიდევ საკითხავია, აგვისტოს ომი როგორი საპატიებელია. თუმცა შეურიგებელი მეზობლები არ არსებობს, მაგრამ როცა საუბარი მედვედევზე, პუტინსა და სააკაშვილზეა, შერიგებებზე ნუღარ ვისაუბრებთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია