დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მომავალ სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას რეალურად მივიჩნევ"
2011/11/10 13:35:26

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო ეწვია. ვიზიტის პროგრამის მიხედვით, თბილისში, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უმასპინძლებს. სხდომის შემდეგ დაგეგმილია ანდერს ფოგ რასმუსენის პრესკონფერენცია. ნატოს გენერალური მდივანი და ნატოს ელჩები 10 ნოემბერს შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს, იმავე დღეს ნატოს ელჩები შეხვდებიან ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. ასევე ბათუმში დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნისა და ნატოს ელჩების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გენერალური მდივანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდება სტუდენტებს და მათ სიტყვითაც მიმართავს. რა არის მოსალოდნელი ამ ვიზიტისგან? - გვესაუბრებაექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე:


- ეს ვიზიტი, ძირითადად, ემსახურება ნატოს მომავალი სამიტის მომზადებას, რომელიც მომავალ წელლს, მაისში ჩიკაგოში გაიმართება. სავარაუდოდ, ამ სამიტზე ალიანსს აუცილებლად მოუწევს საქართველოს საკითხზე თავისი პოზიციის უფრო მკაფიოდ და კონკრეტულად დაფიქსირება. საქმე ის არის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ყველა მის მისიაში აქტიურად მონაწილეობს. ეს აიძულებს ნატოს წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში უფრო სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას. მართალია, არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა საქართველოს ნატოში გაწევრების გზაზე, კერძოდ, ვითარება ქვეყანაში, დემოკრატიის ძალზე დაბალი ხარისხი და უსაფრთხოების პრობლემები და ასევე რუსეთისა და საზოგადოდ, რეგიონული ფაქტორი. ჩვენ გარშემო საკმაოდ რთული ვითარებაა, რის გათვალისწინებაც უწევთ დასავლეთში. ნატოს ინტერესები გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვნად უკავშირდება კავკასიასა და საქართველოს, შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, აქ იყოს სტაბილური ვითარება და ამის გარანტიები სჭირდებათ. ვფიქრობ, ამ ვიზიტისას ამაზე აუცილებლად იქნება ლაპარაკი. გარდა სამხედრო მიმართულებისა, ნატო ასევე არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხი და ასევე ისიც, რომ ამ ქვეყანაში არ გაძლიერდეს ანტიდასავლური და  ნატოს საწინააღმდეგო პოზიციები, ყოველივე ამის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სამიტზე აუცილებლად დადგება საქართველოს საკითხი. ვფიქრობ, ალიანსის წევრი ქვეყნები ვეღარ შემოიფარგლებიან იმ ლაპარაკით, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა და მოუწევთ უფრო კონკრეტული განცხადებების გაკეთება?

- რას გულისხმობთ, რა კონკრეტული წინადადებაა მოსალოდნელი ნატოსგან, სავარაუდოდ, ეს არ იქნება ალიანსის წევრობა?
- რა თქმა უნდა, ალიანსის წევრობამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი. დღეს, როდესაც ქვეყანაში გამოჩნდა რეალური ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შანსი, ძალისა, რომელიც მოახერხებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განწყობის მობილიზებას საარჩევნოდ და რეალურ კონკურენციას გაუწევს სააკაშვილის ხელისუფლებას, ვფიქრობ, დასავლეთში ელიან, რომ მნიშვნელოვნად და პოზიტიურად შეიძლება შეიცვალოს ბევრი რამ, თუ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ კვლავაც არადემოკრატიული და მიუღებელი ილეთებით არ სცადა პროცესისთვის ხელის შეშლა. ვფიქრობ, ხელისუფლებას აუცილებლად მიუთითებენ ამას და მოსთხოვენ, არ შეუშალოს ხელი დემოკრატიულ პროცესს და მისცეს ახალ პოლიტიკურ ძალას ჩამოყალიბებისა და მანევრირების საშუალება. თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდე, მომავალ სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას რეალურად მივიჩნევ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აქ ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის კონკურენტული საარჩევნო გარემო შეიქმნება. 

თქვენ ელით, რომ რასმუსენი ამ საკითხს დასვამს ხელისუფლების წინაშე?
- არათუ ველი, დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. და არა მხოლოდ რასმუსენი, აქ არაერთი დელეგაცია ჩამოვა, რომლებიც სწორედ ამას მოითხოვენ ხელისუფლებისგან. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა და მისი განცხადებები აშკარაა, რომ დასავლეთს უჩენს აქ დემოკრატიული პროცესების გააქტიურების მოლოდინს, რასაც მოითხოვს ნატო საქართველოსგან და რაც საქართველოს ნატოში გაწევრების ერთ-ერთი პირობაა.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის) 

http://www.kvirispalitra.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია