დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იაპონელთა ეროვნული ხასიათისათვის
2011/04/04 12:50:07

იაპონია - „ამომავალი მზის ქვეყანა“ - დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მისი მდიდარი  და თვითმყოფადი ისტორია, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია, სტიქიური კატაკლიზმები და მისგან გამომდინარე შედეგები საზოგადოებრიობის შიშნარევ ინტერესს იწვევს. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი მსოფლიოს სწრაფვა იაპონელთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვისაკენ. ამ სოლიდარობის მასტიმულირებელი კი შემდეგი ნიშანთვისებებია: იაპონელთა თანამედროვე ცხოვრების წესი, ისტორიულად ჩამოყალიბებული ჩვეულებები, მათი სულიერი მოთხოვნილებების სხვადასხვა ასპექტები, ეროვნულ-ფსიქოლოგიური სპეციფიკა და ამ ქვეყნის საერთაშორისო წარმატებები სულიერი თუ მატერიალური ყოფის სფეროში.

 

 

იაპონიის ბუნება წარსულშიც არც თუ იშვიათად ავლენდა თავის გამანადგურებელ ძალას: ვულკანების ამოფრქვევა, მიწისძვრები, წყალდიდობანი, ზვავები და გრიგალები განუყრელად თან სდევდა იაპონელთა ცხოვრებას. ასეთი ბუნებისმიერი უბედურებები კი მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს პიროვნებაში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა გამბედაობა, ამტანობა, მოთმინება, თავშეკავება, საზრიანობა, რაც თანდათან საუკუნეთა მანძილზე იაპონელთა ნაციონალურ ხასიათად გაერთიანდა.

ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ თანამედროვე იაპონელების ეროვნული ფსიქოლოგიის თავისებურებების ფართო და მდიდარ სფეროზე. ამასთან მიმართებით, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის ფაქტი, რომ იაპონიის უძველესი მოსახლეობა აინები იყვნენ. კუნძულ ჰოკაიდოზე აინებს შეერივნენ აზიის აღმოსავლეთი ნაპირებიდან გადმოსული მიგრანტები. კიუსიუსა და სიკოკუზე, ამასთანავე ჰონსიუს სამხრეთით აინური მოსახლეობა აუსტრონეზიურ ტომებს შეერია და ასიმილაცია განიცადა.

ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებში იაპონიის კუნძულებზე, კორეის სრუტის გავლით, კორეის ნახევარკუძულიდან იჭრებიან პროტოიაპონური ტომები. მოსულთა კულტურული განვითარების პროცესი და მათი ზემოქმედება ადგილობრივ აუსტრონეზიურ - აინურ მოსახლეობაზე) V საუკუნემდე მიმდინარეობდა.

VI-VII საუკუნეებში იაპონიის მოსახლეობამ შეითვისა კორეული და ჩინური კულტურის ელემენტები. VII საუკუნეში დასრულდა კუნძულ კიუსიუს სამხრეთის აუსტრონეზიური მოსახლეობის ასიმილაცია. ერთდროულად დაიწყო კუნძულ ჰონსიუს ტყიანი ჩრდილოეთის დასახლების პროცესიც. ამ კუნძულის აბორიგენი აინური მოსახლეობის ნაწილი მოსულებს შეერია, ხოლო ნაწილმა ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლა.

დღეს იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ერთგვაროვანი ქვეყანაა ეთნიკური შემადგენლობის მხრივ. ერის ძირითად ნაწილს (მოსახლეობის 99%) იაპონელები შეადგენენ. აინები მხოლოდ ჰოკაიდოზე შემორჩნენ და მათი რიცხვი ოცი ათასს არ აღემატება. იაპონიაში ცხოვრობს ნახევარ მილიონზე მეტი კორეელი და ორმოცი ათასზე ცოტათი მეტი ჩინელი. ევროპული და ამერიკული წარმოშობის პირები ცოტანი არიან და თითქმის ყველა იქ დროებით მაცხოვრებლად თვლის თავს.

სინტოისტურ რწმენათა სისტემის თანახმად, იაპონელი ერი დასაბამს იღებს მზის ქალღმერთ ამატერასუდან. მისი პირველი შთამომავალი იყო იმპერატორი ძიმუ-ტენო. იგი „იამატოს სამეფოს“ ტახტზე ჩვ.წ. 660 წელს ავიდა და საფუძველი ჩაუყარა იაპონიის იმპერატორთა უწყვეტ დინასტიას.

იმპერატორის, როგორც სიმბოლოს როლი ყოველთვის იყო იაპონელი ხალხის ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეს თვითშეგნება ძალიან მყარი აღმოჩნდა ყოველივე ნასესხების წინაშე. მისი წაშლა ვერ შეძლო ვერც კონფუციზმმა, ვერც ბუდიზმმა. სარკე, მახვილი და იასპი უძველესი დროიდან დღევანდლამდე საიმპერატორო კარის ემბლემას წარმოადგენს.

იაპონელის ხასიათში და მსოფლმხედველობაშიც ფატალიზმი აშკარად იკვეთება. ამ უკანასკნელს იაპონელის შეგნებაში ღრმა ფესვები აქვს. საგანგებო შემთხვევების ან სტიქიურ უბედურებათა დროს იაპონელი ირჩევს პოზიციას - ტეისისეი, რაც ნიშნავს მოთმინებას. ლიტერატურული თხზულებანი და სიმღერები, სადაც ნახსენებია სიტყვა „ბედისწერა“, „იღბალი“, „წინასწარმეტყველება“ დიდად დაფასებულია თანამედროვე იაპონელთაგან. მრავალ მოვლენაში იაპონელები ხედავენ რომელიღაც ფარული ძალის ქმედებას. თუმცა, დღეს თანამედროვე იაპონელები რაციონალურად უდგებიან სინამდვილეს, იმ მხარეებს, რაც მათი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან არის დაკავშირებული. ასეთი რაციონალური მიდგომის კრიტერიუმი არის შეუპოვარი ბრძოლის მაგალითები ბირთვული საშიშროების წინააღმდეგ.

 

ნუგზარ გულორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია