დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ძველი საფრთხეები ისევ აქტუალურია
2011/02/19 16:42:31

საქართველოს პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა მიმდინარეობს. ამჯერად მასში მონაწილეობენ  საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ სხდომაზე ისაუბრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ.

„2005 წლის შემდეგ საქართველოს გარემო რადიკალურად შიცვალა. ბევრი საფრთხე, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული კონცეფციაში, დღეს ძალიან აქტუალურად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. დღევანდელი საქართველოს უსაფრთხოების გარემო არის საკმაოდ კომპლექსური. აქედან გამომდინარე, კომპლექსური საფრთხეების გასანეიტრალებლად და მათზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმების შესამუშავებლად აუცილებელი არის კონცეპტუალური საფეხურების დამუშავება, სადაც ასახული იქნება ის პოლიტიკური პრიორიტეტები, რაც სწორედ ამ კომპლექსურ უსაფრთხოების გარემოსთან ადეკვატური რეაგირების საშუალებას მოგვცემს,“– განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო მეორედ აქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას. იგი არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას.

საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბით განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოს უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა. მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობისა, ხელი შეუწყოს სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო მსოფლიოს ჩამოყალიბებას, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ნათელი გახადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალის გამოყენება და ღია სამხედრო აგრესია პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზად კვლავ რჩება.

2008 წლის შედეგად საქართველოს 20% არის ოკუპირებული. ბათუ ქუთელიას განცხადებით, უსაფრთხოების კონცეფცია ამ საკითხსაც ასახავს და იმ პოლიტიკურ პრიორიტეტებსაც, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საფრთხის ნეიტრალიზება.

საქართველოს 2010 წლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიზანია, უსაფრთხოების გარემოს თავისებურებების გათვალისწინებით, განსაზღვროს სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ის პრიორიტეტები, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინტერესების რეალიზებას და ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მეშვეობით, საქართველოს ხელისუფლება თავის ხალხსა და მსოფლიოს უჩვენებს იმ მიმართულებებს, რომელსაც იგი მიჰყვება თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი,  სტაბილური საზოგადოებისა და სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე.

,,საქართველო სრულფასოვანი წევრია იმ ერების თანამეგობრობისა, რომელთაც აქვთ დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობა და პატივს სცემენ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას,“ – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

სხდომაზე წარმოდგენილ პროექტში თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და შესწორებებიც შეიტანეს გიორგი თარგამაძემ, პაატა დავითაიამ, გურამ ჩახვაძემ, შოთა მალაშხიამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

,,საფრთხეები სწორად არის გაწერილი, საქართველოს ეროვნული ინტერესები დაცულია, მაგრამ სასურველი იქნება, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას დაემატოს ახალი პუნქტი, სახელმწიფო საზღვრების უსაფრთხოებისა და გაძლიერებისათვის,“ – აღნიშნა პაატა დავითაიამ .    

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია