დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეგვიპტე თავისუფლების მოლოდინში
2011/02/07 13:45:06

ეგვიპტეში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება. დემონსტრანტებმა ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს  გადადგომისათვის ვადა  4 თებერვლამდე მისცეს. პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ის   მზად არის, დაუყოვნებლივ  გადადგეს, თუმცა შიშობს,  ქვეყანა  ქაოსში ჩაეფლობა და ამიტომ ის ოპოზიციის ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებს.  ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ლიდერების განცხადებით,  ეგვიპტეში ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს და ამასთანავე, დაუყოვნებლივ.

 

„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ეგვიპტეში, ვითარების გაუარესებას. ხელისუფლების გადაცემის პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს“, - ნათქვამია საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. ეგვიპტის მმართველს ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლისაკენ მოუწოდებს პრეზიდენტი ბარაქ ობამაც. საპროტესტო აქციები უკვე ათი დღეა მიმიდინარეობს. ოპოზიცია პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას ითხოვს, რომელიც ქვეყანას უკვე 30 წელია მართავს. პრეზიდენტმა სახალხო პროტესტის გამო მთავრობა შეცვალა და ახალი პემიერ-მინისტრი დანიშნა, რომელსაც მთავრობის ფორმირება დაავალა. ოპოზიციას კი ეს დათმობა არ აკმაყოფილებს და ხელისუფლებიდან თავად ჰოსნი მუბარაქის  წასვლას ითხოვს.

ეგვიპტის მოვლენებმა კვლავ გააცოცხლეს „დემოკრატიული რევოლუციების“ თემა. მსოფლიოში ცნობილი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი მოუწოდებს აშშ-ს პრეზიდენტს, რომ მხარი დაუჭიროს ეგვიპტეში დემოკრატიულ პროცესებს. „როგორც წესი, რევოლუციები იწყებიან ენთუზიაზმით და მთავრდებიან ცრემლებით. ახლო აღმოსავლეთის შემთხვევაში, ცრემლების თავიდან აცილება შეიძლება, თუკი პრეზიდენტი ობამა მყარად დაიცავს იმ ფასეულობებს, რომლებმაც ის პრეზიდენტი გახადეს“, - წერს გაზეთ The Wash+ngton Post-ში ჯორჯ სოროსი.

პრეზიდენტის ტელევიზიით გამოსვლამ ეგვიპტელ დემონსტრანტებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. როგორც ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, მას ძალაუფლება უკვე აღარ აინტერესებს და მხოლოდ იმის გამო არ თმობს, რომ ისლამური მოძრაობა „ძმები მუსულმანები“ ისარგებლებენ მისი გადადგომით შექმნილი პოლიტიკური ვაკუუმით და ხელისუფლებაში მოვლენ. ამავე დროს, პრეზიდენტმა უარყო 2 თებერვალს ტაჰრირის მოედანზე მომხდარ არეულობასთან კავშირი და მას პროვოკაცია უწოდა, ხოლო ამ პროვოკაციაში დამნაშავედ „ძმები მუსულმანები“ გამოაცხადა. „მე არსად წასვლას არ ვაპირებ და ამ მიწაზე მოვკვდები. უბრალოდ გული მტკივა, როდესაც ვხედავ რომ ეგვიპტელები ეგვიპტელებს ებრძვიან“, - განაცხადა ჰოსნი მუბარაქმა სატელევიზიო კომენტარის დროს. მისი თქმით, მას არასდროს ჰქონია განზრახვა, ხელისუფლება მემკვიდრეობით თავისი ვაჟისათვის გადაეცა.

2 თებერვალს მომხდარი არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა სხეულის დაზიანება მიიღო. დემონსტრანტები ერთმანეთს ქვებს, დანებს და რკინის საგნებს ესროდნენ. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათზე თავდასხმა პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეებმა განახორციელეს. გარდა ამისა, ეგვიპტის ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ ხელი შეუშალონ მედიის წარმომადგენლებს საპროტესტო მოძრაობის გაშუქებაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაიროს პოლიციამ ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო ბელგიელი ჟურნალისტი სერჟ დიუმონი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული. მას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მოჰამედ ელ ბარადეის მხარდაჭერას აბრალებენ და დაზვერვის სამსახურისათვის გადაცემით ემუქრებიან. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (+FJ) განცხადებით, სერჟ დუმონი ეგვიპტის პოლიციისა და უშიშროების ძალების სასტიკი ძალადობის უკანასკნელი მსხვერპლია მას შემდეგ,  რაც გასულ კვირაში ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის,  ალ ჯაზირასა და „France 2"-ს ჟურნალისტებს.

ხელისუფლების  მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შემდგომი შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით სამხედრო პატრული გამოვიდა და პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ტაჰრირის ცენტრალურ მოედანს სამხედრო ნაწილებმა ალყა შემოარტყეს. 

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მუბარაქმა საჯაროდ განაცხადა უარი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ცხადია, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ის მაინც ეცდება ხელისუფლება იმ ჯგუფს გადააბაროს, რომელიც მისი მემკვიდრეობის გამგრძელებელი იქნება. მუბარაქის ვაჟმა უკვე საჯაროდ განაცხადა,რომ ის არ აპირებს მამისაგან ხელისუფლების მემკვიდრეობის მიღებას, თუმცა მამა-შვილის განცხადებებმა ოპოზიცია ვერ „დაამშვიდა.“ ისინი პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  საპროტესტო აქციების გამართვას არა ტაჰრირის ცენტრალურ მოედანზე, არამედ პრეზიდენტის სასახლესთან აპირებენ. ასე, რომ ეგვიპტელი ხალხის პროტესტი გრძელდება და ჯერ კიდევ გარკვეული არ არის, შეძლებს ჰოსნი მუბარაქი ხელისუფლების შენარჩუნებას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თუ „დემოკრატიული რევოლუციის“ ტალღა ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტიდან დაიწყება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია