დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინგლისის ელჩი ქუთაისს ეწვია
2010/12/06 14:05:35

3 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ქუთაისი-ნიუპორტის ასოციაციის დამფუძნებელი, უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ქალბატონი მადონა მეგრელიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს, ქალბატონ ჯუდით გოფს მასპინძლობდა.

 

შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას შეეხო. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ აღნიშნა: „სასურველი და ძალიან საჭიროა ჩვენი უნივერსიტეტისათვის, თუ ინგლისელი სპეციალისტები აქაურ სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს ჩაუტარებენ ლექცია-ტრენინგებს. განსაკუთრებით საინტერესო იქნება, მათ გაუზიარონ უნივერსიტეტის ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება. ჩვენს უნივერსიტეტში უცხო ენების სწავლის უდიდესი ტრადიციაა, ამაში განსაკუთრებული წვლილი ქალბატონ მადონა მეგრელიშვილს მიუძღვის, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელშეკრულებები აქვს დადებული საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და მათ შორის - დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან. ეს ხელშეკრულებები ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებსაც.

სტუმრებს უნივერსიტეტის ძველი კორპუსი დაათვალიერებინეს და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

დიდი ბრიტანეთის ელჩი ეწვია ენათა ცენტრსაც და გაეცნო იმ საქმიანობას, რასაც ცენტრის სპეციალისტები ეწევიან ქუთაისის ახალგაზრდობის დასახმარებლად, რათა ისინი უკეთ დაეუფლონ ინგლისურ ენას, კულტურასა და ტრადიციებს.

„მოხარული ვარ, რომ ქუთაისში ვიმყოფები და საშუალება მაქვს, გავიცნო თქვენი რეგიონის ისტორია და დღევანდელობა. გმადლობთ გულთბილი მასპინძლობისათვის,“ - განაცხადა ქალბატონმა ჯუდით გოფმა.

დიდი ბრიტანეთის ელჩი ასევე შეხვდა იმერეთის მხარის რწმუნებულს ლაშა მაქაცარიას და ქალაქის მერს გია თევდორაძეს, შეხვედრაზე ნიუპორტისა და ქუთაისის როგორც დამეგობრებული ქალაქების ხანგრძლივი ისტორია გაიხსენეს, ასევე ქალაქის კულტურულ წარსულსა და დღევანდელ მიღწევებზე ისაუბრეს. შემდეგ კი ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ქალბატონი ჯუდით გოფის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია ის, რომ 2008 წლიდან მუშაობდა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ჯგუფის უფროსის მოადგილედ. მისი უშუალო მოვალეობა იყო იარაღის კონტროლის, ატომური განიარაღების და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა, მონაწილეობდა ატომური განიარაღების შესახებ 2010 წელს ჩატარებულ კონფერენციაში.

იმერეთის გარდა, ჯუდით გოფი ეწვევა სამცხე-ჯავახეთს და სამეგრელოს. ეს მისი პირველი რეგიონული ვიზიტია.

 

ლანა ღიბრაძე, ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია