დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყვე ქართველების დასახსნელად ფულის შეგროვება დაიწყო!
2010/12/06 14:01:50

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოლაპარაკებას მართავს ტელემარათონის თაობაზე, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად სომალიში დატყვევებული მეზღვაურების განთავისუფლებას მოხმარდება. სხვა და სხვა საქველმოქმედო ღონისძიებებით პროფკავშირები მილიონი ლარის შეგროვებას გეგმავს. „საქართველოს ბანკში“ უკვე გაიხსნა ანგარიში, სადაც მსურველებს მეზღვაურების დასახმარებლად ფულის გადარიცხვა შეეძლებათ. ასევე ამოქმედდა, სატელეფონო ნომერი 700 694, რომელზეც სამივე ქართული მობილური ოპერატორების მომხმარებელს ერთი დარეკვით ერთი ლარის გადარიცხვა შეუძლიათ.

ბოლო ინფორმაციით, მეკობრეები მზად არიან მილიონ დოლარად გაათავისუფლონ ეკიპაჟი. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა:

„თანხის შეგროვების პროცესი ახლა დაიწყო. ორგანიზაციები რიცხავენ, წერილები დაგზავნილია, მზადყოფნას გამოთქვამენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეხმარებიან. 9 დეკემბერს ვგეგმავთ ტელემარათონს, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაგვთანხმდა, სადაც მოსახლეობას სმს-ების და დარეკვის საშუალებით შეეძლება მეზღვაურების დახმარება. უკვე გააქტიურებულია ნომრები და „მაგთის“.  „ბილაინისა“  და „ჯეოსელის“ აბონენტებს შეუძლიათ 700 694-ზე დარეკვა და თანხის გადმორიცხვა. კიდევ იგეგმება ღონისძიებები, როგორც ბათუმში, ისე აქ, ქუჩებში და პარლამენტთან. ჩემი ინფორმაციით, მეკობრეები ითხოვენ ერთ მილიონ დოლარს, აქედან 150 ათასის გადახდაზეა თანახმა გემთმფლობელი. პრინციპში, სულ მისი გადასახდელია და მას უნდა მოეგვარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანია ამას არ აკეთებს და ბედის ანაბარად ჩვენს მოქალაქეებს იქ ვერ დავტოვებთ.“

8 დეკემბერს უკვე ოთხი თვე შესრულდება, რაც ადენის სრუტეში  ბერძნული გემის „ოლიბ ჯის“ თვრამეტკაციანი ეკიპაჟი მეკობრეებს ტყვედ ჩაუვარდა. ამათგან, თხუთმეტი საქართველოს, ხოლო სამი მეზობელი თურქეთის მოქალაქეა. თვეზე მეტია, რაც გემთმფლობელი ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“ მოლაპარაკებიდან გავიდა. კომპანიამ მეკობრეებს ადვოკატის საშუალებით გააგებინა, რომ მათი მიერ მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდის. საპასუხოდ, მეკობრეებმა მეზღვაურებს ულტიმატუმი წაუყენეს და დახვრეტით დაემუქრნენ, თუმცა, საბედნიეროდ, ეს საშინელი განზრახვა სისრულეში არ მოუყვანიათ. დატყვევებულები გემზე სრულიად არაადამიანურ პირობებში ჰყავთ. მეზღვაურ გიორგი სირაძის დედა ამბობს:

„ჩემი შვილი შემეხმიანა ზუსტად ერთი კვირის წინ. მითხრა, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართო. დღის განმავლობაში გვაწოდებენ ერთ ჭიქა წყალს და მოხარშულ ბრინჯსო. ზოგჯერ ისე ხდება, ვუყურებ და ის ბრინჯიც არ მიწევსო. გემი მთლიანად დაბინძურებულია, ორთვენახევარია, ვწევართ იატაკზეო. ჩვენ უკვე იმედი გადაწურული გვაქვს, იმიტომ ვაწყობთ აქციებს, რომ ვფიქრობთ ჩვენი შვილების და მეუღლეების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. და სანამ სიტუაცია კიდევ არ გაფუჭდება და მეზღვაურები უფრო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან, ვცდილობთ, რამე ვიღონოთ, რომ მთავრობა დაგვეხმაროს.“

უკვე ერთი კვირაა, დატყვევებულები კავშირზე აღარ გამოსულან და უცნობია, ამ დროის განმავლობაში გემზე სიტუაცია  რამდენად გაუარესდა. „ილიბ ჯი“ ისევ სომალის სეპარატისტული ანკლავის პუნტლენდის სანაპიროს სიღრმეში დგას. გემს ოცდაათამდე კარგად შეიარაღებული მეკობრე დარაჯობს, დატყვევებული ქართველები და თურქები მათ ერთ კაიუტაში, ჯაჭვით ჰყავთ დაბმული. საკრუინგო კოპმანია „გრინვიჩის“ დირექტორმა სერგო დევაძემ, რომლის შვილიც გემზე იმყოფება, გუშინ კერძოდ გვითხრა:

„ერთი კვირის უკან დაგვირეკეს გემიდან, ითხოვდნენ ისევ დახმარებას. მას შემდეგ, არავითარი კავშირი არ ყოფილა. ადრე, მაგალითად, ორ-სამ დღეში რეკავდნენ, ახლა, რადგან არ რეკავენ, არ ვიცი, რა ხდება და გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ უკვე მეც.“

არაოფიციალურად ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს მეკობრეებისთვის გარკვეული თანხის გადახდის შესაძლებლობას, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღიარებენ, რომ არ ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას გემზე შექმნილი სიტუაციის და მიმდინარე მოლაპარაკების ირგვლივ. საგარეო უწყება ამის მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ ქართველი დიპლომატები მეკობრეებთან უშუალოდ არ ურთიერთობენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს:

„ჩვენ არ გვაქვს სრული და ობიექტური მდგომარეობა, თუ რეალურად რა მდგომარეობაა გემზე. იცით, რომ ეს არის სრულიად უკონტროლო ზონა. ჩვენ ვცდილობთ, საერთაშორისო კონტაქტების გამოყენებასაც, თუმცა მათაც ამ ტერიტორიებზე წვდომა არ აქვთ. ინფორმაციის მოპოვება ძალიან ძნელია. ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებზე შეგვიძლია ვისაუბროთ.“

ჯერჯერობით, სრულიად გაურკვეველია კიდევ ერთი ბათუმელი მეზღვაურის ოლეგ ნოდიას ბედი, რომელიც ორი კვირის უკან დატყვევებულ ტუნისის გემის „ჰანიბალ ორის“ ეკიპაჟში ერთადერთი ქართველია. დღემდე, ყველაზე დიდხანს სომალელი მეკობრეების ტყვეობაში ბერძნული გემის „ჯენლილის“ ექვსი ფოთელი მეზღვაური იმყოფებოდა. ფოთელები ტყვედ 2002 წლის ივლისში ჩავარდნენ და სომალურ კოშმარს,  225 დღის შემდეგ, 2003 წლის  9 თებერვალს უპრეცედენტო გაქცევით დააღწიეს თავი. 2008 წლის დეკემბერში კი ბერძნული გემის „ექშენის“ მთავარმა მექანიკოსმა ენვერ ვარშანიძემ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თავი მოიკლა.

 

ზაზა წულაძე,

ვაშინგტონი

 

 

15 ქართველი მეზღვაური დღეს სომალელი

მეკობრეების ტყვეობაში,

დახვრეტის მოლოდინშია!

 

შენ შეგი”ლია მათი სიცოცხლე გადაარჩინო!

 

შექმნილია სოლიდარობის ფონდი ქართველი

მეზღვაურების გამოსასყიდის შესაგროვებლად.

 

გაიღე, რამდენიც შეგი”ლია!

 

გააუქმე შენი ”მების სასიკვდილო განაჩენი!

 

სს „საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი: 220 101 502

ანგარიშის ნომერი: 000 695 976

დანიშნულება:

დატყვევებულ მეზღვაურთა

დახმარების თანხა.

 

დარეკე მობილურიდან - 700 694

ზარის ღირებულება - 1 ლარი

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია