დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დიდი შესვენება...“ და სამი გამარჯვებული ქართველი პედაგოგი
2010/11/29 13:51:11

2010 წლის ივნისში ჩვენი ქვეყნის სამი წარმომადგენელი: დარეჯან ნემსაძე (ქუთაისის ?40 საჯარო სკოლა); რაისა უტკინა (წყალტუბოს №4 რუსული საჯარო სკოლა) და მაია ახალკაცი (თბილისის №9 საჯარო სკოლა) რუსეთში ჩატარებული, ალექსანდრე პუშკინის სახელობის კონკურსის ლაურეატი გახდა. ეს კონკურსი უკვე მეათე წელია ტარდება და მასში მონაწილეობენ პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების, ხოლო 2010 წლიდან უკვე - გერმანიის, ბულგარეთისა და ისრაელის საჯარო სკოლების რუსული ენის მასწავლებლები.

 

საკონკურსო თემა ყოველწლიურად იცვლება, ამჟამად ესსე უნდა წარედგინათ თემაზე: „დიდი შესვენება. რა მხარდაჭერასა და საყრდენს პოულობს რუსული ენა თქვენს ქვეყანაში?“ კონკურსში 18 ქვეყნის 416 მასწავლებელი მონაწილეობდა.  მათ შორის ლაურეატის ტიტული მხოლოდ 50-ს ხვდა წილად და მათ შორის - სამ ქართველ პედაგოგს, რომელთაც თურმე განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდნენ კონკურსის ორგანიზატორები (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; იური დოლგორუკის სახელობის ფონდი და „Российская газета“). ლაურეატები „მოსკოვის დღეების“ ფარგლებში რუსეთში მიიწვიეს (3-7 სექტემბერს), მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები კონკურსის ორგანიზატორებმა აანაზღაურეს. ლაურეატებს გადაეცათ დიპლომები,  სამახსოვრო წიგნები  „მოსკოვის ყველაზე ლამაზი ადგილები“ და ფულადი პრემია 6000 რუბლის ოდენობით.

დარეჯან ნემსაძე (ქუთაისის ?40 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი) ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსი ჟურნალისტები დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ქართველი ლაურეატების მიმართ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს კონკურსის ორგანიზატორებმა შესთავაზეს კულტურული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მოსკოვის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებასა და ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე დასწრებას. ქართველ მასწავლებლებს რუსეთის საკონსულომ მოსკოვში გასატარებელი კიდევ 5 დღე აჩუქა.

საინტერესოა თავად საკონკურსო თემა... დარეჯან ნემსაძე ამბობს, რომ რუსული ენის სწავლების დონე და ხარისხი ჩვენს საჯარო სკოლებში გაუარესდა, საგრძნობლად შემცირდა საათების რაოდენობა. სწორედ ამ პრობლემაზე წერდა ის თავის ესსეში. „როდესაც ადამიანი აკეთებს საყვარელ საქმეს, ეს მას ბევრი პრობლემის დაძლევაში ეხმარება. მე ჩემი პირადი ცხოვრების ერთი ეპიზოდი გამოვიყენე ამ ნაშრომში. როდესაც საკმაოდ ახალგაზრდას, მეუღლე გარდამეცვალა, რუსულმა ენამ, ჩემმა საქმემ და მოსწავლეებმა დიდი დახმარება გამიწიეს, საქმეში ჩაფლულს, ხშირად აღარც მახსენდებოდა პირადი ტრაგედია. დაუშვებელია, პოლიტიკურ ბატალიებს შევწიროთ ლიტერატურა და კულტურა. ტოლსტოი და დოსტოევსკი ხომ ჩემიცაა, თქვენიც და მთელი კაცობრიობის, ისე, როგორც რუსთაველია თითოეული რუსისა თუ გერმანელის. ვცდილობ, რომ პატარა ბავშვივით მოვეფერო და გავუფრთხილდე რუსულ ენას, ვასწავლო ბავშვებს რუსული ლიტერატურის შედევრები, რათა მათ ორიგინალში წაკითხვა შეძლონ, ნათარგმნი ხომ თავის ხიბლს კარგავს.“

 

***

ქართველი ლაურეატების შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა. ამ ფაქტს არც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოჰყოლია გამოხმაურება, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსისა და მასში გამარჯვებული მასწავლებლების შესახებ განათლების სამინისტროს, ეჭვგარეშეა, ექნებოდა ინფორმაცია.

როცა მტრულად განწყობილ ქვეყანაში 50 ლაურეატს შორის სამი ქართველი მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ეს ფაქტი მართლაც, საგულისხმოა.

 

ნინო ბაქრაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია