დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯაშუშებზე თამაშები“ და ხელისუფლების პიარ-ტექნოლოგიები
2010/11/15 13:52:30

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი და ჯაშუშურ საქმიანობაში ამხილა. ქართულმა კონტრდაზვერვამ რუსეთის საგარეო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი გამოავლინა, რომელიც ოცი კაცისაგან შედგებოდა, მათ შორის რამდენიმე რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. მკითხველისათვის, ალბათ, ცნობილია, რომ ჯაშუშების დაკავება კონტრდაზვერვის სამსახურის ერთადერთი ფუნქციაა ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, კონტრდაზვერვული რუტინაა... ამ რუტინის „გაპიარება“ რამდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს კი ნამდვილად საეჭვოა. როგორც წესი, „ჯაშუშური თამაშები“ საგულდაგულოდ იმალება და, როდესაც მისი გახმოვანება ხდება, ეს რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს. 

მიხეილ სააკაშვილის პიარსტრატეგია, შეიძლება ითქვას, ერთ მთავარ პოსტულატზეა აგებული - ჩვენ რუსეთს ნიღაბი კიდევ ერთხელ ჩამოვხსენით. ამჯერადაც, ჯაშუშების დაჭერით ჩვენ მთელს მსოფლიოს (ან, უკიდურეს შემთხვევაში, ევროპას და ამერიკას) რუსეთის ნამდვილი სახე ვაჩვენეთ. საზოგადოებას მოეხსენება და ალბათ, ქართულმა ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებსა და აშშ-საც საკუთარი კონტრდაზვერვა ჰყავთ და ქართული კონტრდაზვერვის იმედზე არ არიან... ჯაშუშებს დასავლეთშიც იჭერენ. შესაბამისად, „ჯაშუშური თამაშების“ საინფორმაციო საშუალებებით „გაპიარებას“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანი უნდა ჰქონდეს, ვიდრე შენი მოწინააღმდეგისათვის ნიღბის ჩამოხსა, მით უმეტეს, როცა შენი მოწინააღმდეგე რუსეთია.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტიკური ექსპერტი:  ჯაშუშური ქსელი საქართველოში რომ არსებობს და იარსებებს, ეს ცხადია. ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს. სხვა საქმეა, ეს ხალხი არის ამ ჯაშუშური ქსელის წევრი თუ არა, ამას დამტკიცება სჭირდება. ის არგუმენტები, რომლებიც ამ ბოლო დროს შესაბამისმა სტრუქტურებმა წარმოადგინეს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ნაწილობრივ არის დამადასტურებელი ჯაშუშობის ფაქტისა. კერძოდ, დაკავებულთა გადამწყვეტი უმრავლესობა  წარმოშობით იყო აჭარიდან. მე რისი თქმა მინდა - ყველგან, სადაც არსებობდა რუსული ბაზა, ბაზის მოქმედების არეალში, როდესაც ბაზა გადიოდა ამა თუ იმ ტერიტორიიდან, აუცილებლად ტოვებდა გარკვეულ რგოლებს, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ რჩებოდნენ და მასზე მუშაობდნენ შემდგომშიც. ასე ხდებოდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში და სხვაგან, სადაც იყო რუსული ბაზა, ამიტომ მე არ მიკვირს, რომ აჭარაშიც ასეთი სქემა ყოფილიყო. გარკვეულწილად არგუმენტები არსებობს, არის აღიარებითი ჩვენებებიც, თუმცა მარტო ეს რომ იყოს, მთლად დამაჯერებელი არ იქნებოდა რადგან აღიარებითი ჩვენების მიღწევა შესაძლებელია. საბოლოო ჯამში მე არ შემიძლია უარყოფითად შევაფასო ეს ფაქტი და ვთქვა, რომ ეს არის შეთითხნილი და ყურით მოთრეული, როგორც ზოგიერთი ამბობს. მე ვფიქრობ, ასეთი სქემა არსებობს და მეორეც, არის გარკვეული არგუმენტებიც, ჩემნაირი პიროვნება, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს ყველაფერს, დაარწმუნონ.“

უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც კონტრდაზვერვის მიერ ჯაშუშების დაკავების ფაქტი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი ხდება და მედიის ერთ-ერთი მთავარ თემად იქცევა, უმეტეს შემთხვევაში, ეს რაღაც პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ხშირად მსგავსი ფაქტები პროპაგანდის საგანი ხდებოდა (თუმცა უფრო ხშირად ჯაშუშების დაკავების შესახებ ინფორმაცია  მაინც დამალული იყო გრიფით „საიდუმლოს“ ქვეშ). შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ პროპაგანდას რაღაც პოლიტიკური ან დიპლომატიური შედეგი მოჰყვება ხოლმე. რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება მიიღოს, ამჯერად, საქართველომ ამ სკანდალისგან?

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: „ჯაშუშებს ბევრ ქვეყანაში იჭერენ და  ხან ცვლიან, ხან უკან აბრუნებენ და ა.შ. თუმცა ამის შესახებ საზოგადოება, უმეტეს შემთხვევაში, ვერაფერს იგებს. როგორც კი სკანდალი ჩნდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ გახმაურება ვიღაცას სჭირდება. რახან ქართულმა მხარემ ისე გაახმოვანა, რომ ფილმიც გადაღებული აღმოჩნდა უკვე, ესე იგი გახმაურება წინასწარ დაგეგმილი იყო, ხოლო ეს გახმაურება რას ემსახურება - ძნელი სათქმელია. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო გაღიზიანება; მეორე - დასავლეთისათვის იმის ჩვენება, რომ რუსეთი ისევ აგრესიულ პოლიტიკას  აწარმოებს; მესამე - საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ასეთი ოპერაციის უნარი გვაქვს; თუმცა  შეიძლება იყოს მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მიზეზი, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. შეიძლება უფრო ღრმა მოტივებიც იყოს, რომელზეც მსჯელობა ამ ეტაპზე ძლიან ძნელია, რადგან ერთის მხრივ ითქვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომ ის თანახმაა უპირობო დიალოგზე რუსეთთან, ხოლო შემდეგ ხმაურდება ასეთი სკანდალი. აი, ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონტრდაზვერვის „რუტინული“ სამსახურის პიარი საინფორმაციო საშუალებებით იშვიათად ხდება და ასეთ შემთხვევაშიც, აუცილებელია რომ გახმოვანებულმა ინფორმაციამ კონტრდაზვერვის მუშაობას და თანამშრომლებს ზიანი არ მიაყენოს. ანუ, გამოდის, რომ „ჯაშუშური თამაშების“ პიარსაც თავისი სპეციფიკა აქვს. რამდენად პროფესიონალურად გააკეთა ეს პიარი ხელისუფლებამ?

მამუკა არეშიძე: „საერთოდ, ტექნიკური თვალსაზრისით, მიზანშეუწონელია ზოგიერთი რამის ჩვენება, მე, მაგალითად, ვთვლი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი რამდენიმე სერიოზული თანამშრომელი გაშიფრა. ამის გაკეთება არ ღირს ხოლმე საერთოდ. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგს, მე ვთვლი, იმაში განსაკუთრებული არაფერია, რომ სპეციალურად  დაამთხვიეს სამხედრო დაზვერვის დღეს, არც იმაში, რომ ეს იყო სამიტის წინ. ის, რომ ახლა ეს ხელს არ შეუშლის სამიტზე დიმიტრი მედვედევს, ფაქტია. ასეთი რამ სულ ხდება რუსეთის ისტორიაში და ამის გამო მისი პოლიტიკა სტაგნაციაში არ ჩავარდნილა, მაგრამ დისკომფორტს ნამდვილად შეუქმნის,  გარდა ამისა მსოფლიოსაც გარკვეულწილად გამოაფხიზლებს.“

ჩვენ გვახსოვს კიდევ ერთი ჯაშუშური სკანდალი რამდენიმე წლის წინ, როდესაც 2006 წელს  რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ე.წ. გრუ-ს) ოფიცრების დაკავებას საკმაოდ სერიოზული და მწვავე შედეგი მოჰყვა ორი ქვეყნის ურთიერთობებში. მაშინაც, კონტრდაზვერვის ჩვეულებრივი საქმიანობა საქართველოს ხელისუფლებამ „გააპიარა“, რა პოლიტიკური მოგება მივიღეთ იმ 2006 წლის „ჯაშუშური თამაშებით“ და როგორი იქნება ამ 2010 წლის „ჯაშუშური თამაშების“ შედეგი?!

რამაზ საყვარელიძე: „შეიძლება ითქვას, რომ იმ ჯაშუშური სკანდალის საბოლოო პოლიტიკური შედეგი იყო 2008 წლის ომი - დაძაბულობა გაიზარდა, გაიზარდა და დასრულდა 2008 წლის აგვისტოთი... ანალოგიურად, რა გამოდის, რომ ისევ ომისკენ ვდგამთ ნაბიჯს?! მეორეც, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთმა პერევიდან ჯარების გაყვანით ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ პოლიტიკური კლიმატი ოდნავ პლიუსისკენ წასულიყო. ასეთი სკანდალი ნიშნავს, რომ იმ ნაბიჯს შენ არ უპასუხე და პირიქით, ამან, შეიძლება, ძალიან ბევრი გაუგებრობა გამოიწვიოს.“  


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია