დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფეხით მოსავლელი ქალაქი
2010/10/18 13:31:32

სტამბული. არ ვიცი, ვის რა ასოციაცია უჩნდება მისი ხსენებისას. ზოგს (ერთ დროს) იქეთკენ დაძრული ქართველ ქალთა ნაკადი ახსენდება, ალბათ, ზოგიერთს დღეს უკვე, იქდან აქეთ მომავალი, სხვადასხვა საქონლით დატვირთული ქარავანი. მაგრამ ვერავინ, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს იგი, ვერსად გაურბის მის მაგიას და აღმოსავლური ზღაპრის მსგავს იდუმალებას. ეს არის ქალაქი სადაც ყოველთვის გინდება დაბრუნება. 

მშრალი ინფორმაცია გვატყობინებს: სტამბული - ევროპისა და აზიის გადაკვეთაზე, მარმარილოს ზღვის აუზზე გაშენებული თურქეთის (და მსოფლიოს ერთ-ერთი) უდიდესი ქალაქი, რომელსაც შუაში კვეთს შავი და მარმარილოს ზღვების შემაერთებელი ბოსფორის სრუტე. გეოგრაფიული მონაცემები გვეუბნება -  მთა-გორიანი პლატო, რომელიც დასერილია შავ და მარმარილოს ზღვებში ჩამავალი მდინარეებით.

უძველესი წყაროები კი გვახსენებენ მის  ისტორიას, რომელიც ჩვენს ერამდე 659 წელს იყრის საძირკველს, შემდეგ 324 წელს კონსტანტინე დიდის მიერ დაწყებული უდიდესი მშენებლობით გრძელდება და 300 წელს, რომის იმპერიის დედაქალაქად მისი გამოცხადებით მთავრდება. მაგრამ მაშინ იგი კონსტანტინოპოლი იყო და ეს გაგრძელდა მანამ, სანამ არ დაეცა თურქების მიერ დაპყრობილი ბიზანტიის იმპერია, ხოლო სულთანმა მეჰმედ მეორემ ქალაქი ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად არ გამოაცხადა.

დღეს სტამბული მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი, უმსხვილესი სამრეწველო-სავაჭრო და კულტურული ცენტრია.

 

...თუმცა ჩვენი მისია სულაც არ უკავშირდებოდა სტამბულის ამ ოფიციალურ რეგალიებს. ჩვენი იქ ჩასვლა იყო ვიზიტი კონსტანტინოპოლში. ჩვენ აზიურ ჩუქურთმებში ჩაკარგული  მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა გვეპოვა. ოქროს ორნამენტის ქვეშ ქერუბიმების სახე უნდა მოგვეძებნა და ის ქალაქი გვენახა, რომელიც საუკუნეების წინ ოქროს მტვერმა გადაფარა. ის ბერძნული საგალობელი მოგვესმინა, რომელიც დღეს მოლას გაბმული „მუსიკის“ ქვეშ  აღარ ისმის. ეს იყო ჩვენი თხუთმეტკაციანი ჯგუფის იქ ჩასვლის და ჩვენი წინამძღვრის დეკანოზ ზინობ ჟვანიას კვლევის მიზანი.

...მისიიდან გამომდინარე, თურქეთის უზარმაზარი ტერიტორია (779452 კვ.კმ) სტამბულამდე საგალობლების და მოლოდინით სავსე ემოციების  ფონზე დავფარეთ. პროტესტი არავის გამოუთქვამს, თუ არ ჩავთვლით თურქეთის საზღვარზე, თურქი მებაჟეების მიერ მუდმივად ინტერესით  სავსე, ოდნავ შეცბუნებულ მზერას, მართლმადიდებელი მოძღვრის დანახვისას რომ უჩნდებათ.

18 საათში ადგილზე ვიყავით.

სტამბული დაგვხვდა ისეთი, როგორიც ყოველთვის, თუმცა ოდნავ წვიმიანი და მოჟამული, მაინც გულგახსნილი, სტუმართმოყვარე. გაჯერებული  რახათ-ლუქუმისა და ბაქლავის არომატით. პატარ-პატარა „ქარვასლებიდან“ გამოვარდნილი აზიური, იდუმალი ნელსაცხებლის სურნელით. გაჩახჩახებული, განათებული, სუფთა და დამათრობელი, როგორც შარბათი. რომლის ქუჩები არ გიშვებენ. არ გიჩენენ სურვილს, რომ ტრანსპორტში შეხვიდე. პირიქით, გინდა, რომ ფეხით მოიარო ამ ლაბირინთის  თითოეული კუთხე-კუნჭული.

ამიტომ, ჩვენი ექსკურსი ფეხით დავიწყეთ: აქსარაი - ლალელი - ბიაზიტი  - სულთან ახმეტის მოედანი...

 

***

პირველი ვიზიტი აია-სოფიაში გვქონდა, რადგან შეუძლებელია, ამ ქალაქს ეწვიო და არ ნახო ბიზანტიის იმპერიის უძლეველობის ეს დაძლეული სიმბოლო. გრანდიოზული მართლმადიდებლური ტაძარი, რომლის მშენებლობაც 360 წელს დასრულდა და რომელიც  916 წლის განმავლობაში ეკლესია იყო. თურქთა დაპყრობის შემდეგ კი 418 წელიწადი - მეჩეთი. უდიდესი ეკლესიის Megale Ekklesia სახელით ცნობილი. მისი სახელწოდება აია სოფია, ანუ წმიდა სოფია ითარგმნება, როგორც - უფლის სიბრძნე.  2006 წელს ტაძარმა დაიბრუნა მეჩეთის ფუნქცია, მაგრამ ძირითადად იგი მაინც მუზეუმია, სადაც ათეულათასობით ტურისტი ირევა. საოცარი სანახავია იქ შემორჩენილი მოზაიკური ფრესკები მაცხოვრის, ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის... ამ დიდებული და წმიდა ხატების გვერდით იმპერატორების კონსტანტინე მონომახის, იოანე 11 კომნენოსის, დედოფლების ზოიასა და ირინას სახეებიცაა შემონახული. დღეს მათ მილიონობით ფოტოობიექტივი აფიქსირებს და ფოტოაპარატების მუდმივ და გამაყრუებელ ჩხაკუნში წამით გავიწყდება, რომ უდიდეს ქრისტიანულ ტაძარში დგახარ. მხოლოდ მაშინ ერკვევი, როდესაც ზემოთ აიხედავ და ტაძრის უზარმაზარი მასშტაბის მქონე თაღებიდან მუსულმანების მიერ ვარკვლავებით სახედაფარული ქერუბიმ-სერაფიმები გიცქერენ. ეს გრანდიოზული სვეტები და, მარმარილოს იატაკი, რომელსაც ოდესღაც ტაძარში ეტლებით მოსეირნე იმპერატორები სერავდნენ, დღეს უკვე მუსულმანური სამყაროს ნაწილია და თურქეთის თითქმის ყველა მეჩეთი, არქიტექტურულად, მისი პატარა ასლია.

 

***

აია სოფიას ფანარი მოჰყვა. უნკაპანიდან დაუსრულებელი გზა სანაპიროზე და. მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია, იქვე წმიდა გიორგის საკათედრო ტაძარი. წირვა ბერძნული, ერთხმიანი საგალობლების ფონზე. მსოფლიო პატრიარქის უტკბილესი, მჟღერი და მუსიკალური ხმა, პირდაპირ გულში გწვდება. ჩვენი იქ ყოფნა არც მის მახვილ თვალს დარჩა შეუმჩნეველი და მოძღვარი  თავისთან მიიწვია, მოგვიანებით, წირვის დამთავრების შემდეგ კი მისმა თანმხლებმა პირებმა მამა ზინობი მსოფლიო პატრიარქთან აუდიენციაზე შეიპატიჟეს. როდესაც მისი იქ ჩასვლის მიზეზი და კონსტანტინოპოლის ეპარქიიის ისტორიით დაინტერესების შესახებ შეიტყო, წიგნებით და სამახსოვრო საჩუქრებით ხელდამშვენებული გამოისტუმრა. მასთან ერთად თითოეული ჩვენგანი გახდა მისგან მომავალი სითბოს და სიყვარულის თანაზიარი, როდესაც ლიტურღიის დამთავრების შემდეგ სათითაოდ ყველას დაგვირიგა ხატი და სეფისკვერი. ჩვენ გაგვაოცა იმ უშუალობამ, უბრალოებამ, სითბომ და სიყვარულმა, რაც იგრძნობოდა ამ დიდებულ ადამიანში და რაც ხელშესახებს ხდიდა მას ყველასთვის. მისი კარი და გული ღია იყო ყველა მასთან შეხვედრის მსურველისათვის.

ამის შემდეგ, ღვთისმშობლის ვლაქერნის ტაძრისკენ დავიძარით, თუმცა სანამ მარმარილოს ზღვის სანაპიროს გრძელ გზას მივუყვებით. ცოტა რამ კონსტანტინოპოლის ეპარქიის ისტორიიდან... კონსტანტინოპოლის ეპარქია დაარსებულია ანდრია პირველწოდებულის მიერ, რომელმაც საკუთარი მოწაფე, წმ. სტაქო თავადვე ხელდასხა პირველ ეპისკოპოსად. ამ ეპარქიიის კათედრას სათავეში ედგნენ ისეთი დიდი წმიდა მამები, როგორებიც იყვნენ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (+389)  და წმიდა იოანე ოქროპირი (+407). ეპარქია მოიცავს არა მარტო თურქეთის, არამედ, ნაწილობრივ, საბერძნეთის ტერიტორიას. საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში და, რა თქმა უნდა, ათონის მთაზე. დღესდღეობით მას სათავეში უდგას  პატრიარქი ბართოლომეოს 1 (დიმიტრიოს არხონტონისი), შესანიშნავი ღვთისმეტყველი და საეკლესიო სამართლის მკვლევარი. რომელიც ფლობს შვიდ ენას და პატრიარქის კვერთხი უპყრია 1991 წლის 22 ოქტომბრიდან.

...ამასობაში ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს მივადექით, რომელიც ვარსკვლავისა და ნახევარმთვარის ემბლემებით აჭრელებულ, თუნდაც გათანამედროვებულ სტამბულში, პატარა ქუჩაზე, ორსართულიან სტამბულურ სახლებს შორის დგას და ყველა ქრისტიანს გულში იკრავს. ერთი ფეხის გადადგმა და  მაღალ ხეივანს, სხვა სამყაროში გადაყავხარ.  იქ, სიღრმეში, ნამდვილი ბერძნული, საკმევლის სუნით გაჯერებული მართლმადიდებლური ტაძარი გელოდება. სანთლებითა და აიაზმის წყლით. აქ ისევ სახლში გრძნობ თავს და შიგნით შესულს ქუთაისის ძველი ტაძრები გახსენდება. ბევრი ოქროსფერი ჩუქურთმითა და წლებით დაღდასმული.

 

***

მესამე დღე და ჩვენი შემდგომი გაჩერება. კუნძული ხეიბელი, ძველი სახელწოდება ხალკი. სადაც მდებარეობს მსოფლიო პატრიარქის საზაფხულო რეზიდენცია და ხალკის ცნობილი სასულიერო აკადემია, რომელიც თავად პატრიარქმა ბართლომეოსმა დაამთავრა. აქვეა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მონასტერი. გადავცურეთ მარმარილოს ზღვა და ზეთისხილებში ჩაფლულ, უმშვენიერესი ხის სახლების სამფლობელოში აღმოვჩნდით. სანაპიროზე გაშლილი კაფე-ბარები და ქუჩები, სადაც მანქანები არ დადიან. ფაიტონებმა მსოფლიო საპატრიარქომდე აგვიყვანა. საპატრიარქო დაკეტილი დაგვხვდა (მუსულმანურ ქვეყანაში ღია ეკლესიები დიდი ფუფუნებაა), თუმცა ჩვენთან ერთად მომლოდინე ამერიკელმა მართლმადიდებელმა დაცვის მიერ მოწოდებულ ნომერზე გადარეკა და ჩვენი ვიზიტის შესახებ აკადემიის ხელმძღვანელობას მოახსენა. რამდენიმე წუთში ჭიშკარი გაგვიღეს. ათი წუთი დაგვითმეს აკადემიის დასათვალიერებლად და იქვე არსებული ძველი სამების ტაძრის მოსალოცად. როგორც კი გაირკვა, რომ ქართველები ვიყავით, მასპინძლები უფრო გულღიანი გახდნენ. რეგლამენტიც გაგვიზარდეს. ჩვენთან შესახვედრად რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელიც გამოვიდა და გულითადი საუბრები გაიმართა. საბოლოოდ ათი წუთი თითქმის ერთ საათში გადაიზარდა და ფოტოგადაღების უფლებაც მივიღეთ. აკადემიიდან ფეხით დავეშვით. მერე ისევ გემი, ისევ ზღვა და პატარა კუნძულები, საიდანაც მინარეთებსა და მეჩეთებს შორის დიდებულად მოჩანდნენ ბიზანტიური სტილის მრგვალგუმბათიანი ეკლესიები, რომლებიც ამ მიწას არასოდეს  მისცემენ იმის დავიწყების საშუალებას, რომ აქ ოდესღაც დიდი ქრისტიანული ცენტრი იყო.

***

ისევ სტამბულში ვართ, ისევ მისი მაგიის ქვეშ ვართ მოქცეული და, რამდენადაც ჩვენი შეზღუდული დრო საშუალებას გვაძლევს, იმდენად აჩქარებული ტემპით დავდივართ, ქვაფენილებით მოკირწყლულ ქუჩებში. ტაქსიმი ისევ ისეთი  დიდებულია  და  მისი  დასაწ-ყისიდან  ამაყად  გვიცქერის წმიდა  ირინეს  ტაძარი,  ტურისტებით  გაჭედილი, ხმებით, ფერებით, სახეებით ჭრელი და გრძელი ქუჩა, პატარ-პატარა ვიწრო ჩასახვევებით. ორხან ფამუქის სტამბული. ევროპულ რელსებზე გადასული. ათათურქის სურათებით აჭრელებული, მუდმივად მომიტინგეებით სავსე ტაქსიმის მოედანი. ყავის, კარამელის და როზმარინის  არომატი. ქალაქი, რომლის ყოველდღიურობაში ისე ჯდება მოლას გაბმული ლოცვა, როგორც  ჯადოსნური მუსიკა. აქ, ამ ქალაქში, თითქმის არაფერი გაღიზიანებს, ყველა ღიმილიანი და ზრდილობიანია, ერთ კითხვას ათას კეთილშობილურ ქმედებას მოაყოლებენ. დოლმაბახჩეს სასახლე და სულთანახმეტის მეჩეთი, ტოპ-კაპის ციხესიმაგრე და გრანდ ბაზარი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს, რათა მიხვდეს, რას ნიშნავს ყოფნა სიზმრების ქალაქში - სადაც ქრისტიანობის პირველი დღეების ისტორიაც კი ტკბილ და დაუვიწყარ  სიზმრად ქცეულა.

 

მანანა ქურციკიძე

სტამბული-ქუთაისი, 7-14 ოქტომბერი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2383
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია