დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აშშ-ს ხაზგასმული მხარდაჭერა - საქართველოს
2010/10/11 12:33:03

შეერთებული შტატები კვლავ  მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,  მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს   შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს 2008 წლის  12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.   აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი  კლინტონმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები 6 ოქტომბერს ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-2 შემაჯამებელ სხდომაზე გააკეთა.

 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში მოეწერა. ქარტია წარმოადგენს ჩარჩო-ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის  შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს  აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა. ამ ქარტიის ხელმოწერა მაშინ განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის იყო, რადგან საქართველოს რუსეთთან ომი ახალი გადატანილი ჰქონდა, ამერიკაში კი ახალი ხელისუფლება მოდიოდა. მაშინ ქარტიის ხელმოწერა იყო იმის დადასტურება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, მიუხედავად იმისა, დემოკრატები იქნებიან ხელისუფლებაში, თუ რესპუბლიკელები. როგორც ჩანს, ასევე რჩება დღესაც...

„შეერთებული შტატები არ იყოყმანებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. სწორედ ეს მხარდაჭერა წარმოადგენს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ცენტრალურ პრინციპს და ეს არის ორმხრივი ურთიერთობის ფუნდამენტი... ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია...“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 6 ოქტომბერს, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-2 შემაჯამებელ სხდომაზე. აშშ-ს პირველმა დიპლომატმა, ასევე,  მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები.  ”საქართველო კონსტრუქციულად მიუდგა ჩვენს საერთო ძალისხმევას, რომ ამ პრობლემას ჟენევის მოლაპარაკებების საშუალებით გაუმკლავდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მისწრაფებებს, რომლებიც ასახულია საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ... - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.    სახელმწიფო მდივანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისათვის  და მწუხარება გამოთქვა 4  ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰილარი კლინტონის მკვეთრ განცხადებებს სოხუმის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებების დატოვებით იმუქრება და მიაჩნია, რომ ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი თანათავმჯდომარის - აშშ-ს მხრიდან ასეთი პროქართული განცხადებების გაკეთება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ (სამშვიდობო მოლაპარაკებების) პროცესში აფხაზური მხარის მონაწილეობის მიზანშეწონილობას. ამასთანავე, აფხაზური მხარე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს სთხოვს, უფრო ნათლად განმარტოს, რას ნიშნავს „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.“  სოხუმის დე ფაქტო  ხელისუფლება  დარწმუნებულია, რომ საქართველო აფხაზეთში შეჭრას ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით გეგმავს და ამიტომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მათი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად მიაჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ერთმანეთს კონფლიქტის მხარეები ხვდებიან - ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისა და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე სასაუბროდ. შეხვედრების ფორმატი მრავალმხრივია და მასში ჩართული არიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასეთ მკვეთრ, ხაზგასმულ მხარდაჭერას ქართული მხარე კმაყოფილებით შეხვდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, „აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის  სფეროში დიდი ხანია დაწყებულია და ღრმავდება. განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში... არის საკითხები, სადაც ჩვენ გვსურს, რომ იყოს მეტი დინამიკა  და ეს არ არის საიდუმლო. დღევანდელი შეხვედრა გვაძლევს საფუძველს, რომ ყველა მიმართულებით გვექნება თანამშრომლობის გაღრმავება.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა კი ქალბატონ კლინტონს მხარდაჭერისთვის მადლობა მოახსენა და სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ამის კარგი მაგალითია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ანალიტიკოსები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასეთ მკვეთრ განცხადებებს ნატოს მომავალ სამიტს უკავშირებენ, რომელიც მალე ლისაბონში უნდა გაიმართოს. როგორც ჩანს, ასეთი ხაზგასმული მხარდაჭერა „დიდი პოლიტიკური თამაშის“ ნაწილია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან თამაშობს. ჰილარი კლინტონის განცხადებებში ისიც შეიძლება წავიკითხოთ, რომ პრეზიდენტ ობამას მიერ გამოცხადებული „გადატვირთვის პოლიტიკა“ საქართველოს ხარჯზე არ განხორციელდება და აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისაკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, აშშ-ს პირველმა დიპლომატმა ისიც ხაზგასმით და დიპლომატიურად აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ  ბევრი   აქვს   გასაკეთებელი:   „დემოკრატიამ   საქართველოში დიდი ნაბიჯები გადადგა ბოლო 7 წლის მანძილზე. მაისში ჩატარებულმა მუნიციპალურმა არჩევნებმა აშკარა პროგრესი გამოავლინა. მაგრამ წინ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი ისეთ საკითხებთან გასამკლავებლად, როგორიც არის პოლიტიკური კონკურენცია, პოლიტიკური ძალების დაფინანსება და ანგარიშვალდებულება, ყველა იმ სავარაუდო დარღვევის სამართლიანი გამოძიების ჩათვლით, რაც უკავშირდება მაისის არჩევნებს.“ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1843
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია